ოთარ ზუხბაიას გახსენება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს პარლამანეტის წევრის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.


ღონისძიებას საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დევნილი საზოგადოება, მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრებიან.

 

საღამო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა :


საქართველოს ძირძველ მხარეში - აფხაზეთში დაბადებულ და აღზრდილ ღირსეულ მამულიშვილთა ბრწყინვალე კოჰორტაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი კუთხისათვის დამახასიათებელი მაღალი ზნეობის ტრადიციების და ცხოვრების წესის მიმდევარს, კეთილშობილური ვაჟკაცური ქცევით გამორჩეულ, ღვაწლმოსილ, ჭეშმარიტ პატრიოტ მამულიშვილს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს - ოთარ ზუღბაიას.

 

მისი მოღვაწეობის ყველაზე აქტიური წლები აფხაზეთში უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე დაემთხვა პოლიტიკური ქარტეხილებით უაღრესად დამძიმებულ პერიოდს. სეპარატისტული იდეების და ანტიქართული ისტერიის გააქტიურების ფონზე, მავანთა მიერ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და ეროვნული ინტერესების ხელყოფის პირობებში გამოვლინდა ოთარ ზუღბაიას მაღალი დონის სახლმწიფოებრივად მოაზროვნე, გონიერი ხელმძღვანელის ნიჭი, ჭეშმარიტი პატრიოტის, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მამულიშვილის ნამდვილი სახე, რომლის პრინციპული და უშიშარი პოზიცია ყველაზე რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში ყოველთვის სრულად პასუხობდა ქართული სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. ეროვნული სულისკვეთება სახელმწიფოებრივი ინტერესები რომ მისთვის ყოველთვის უზენაესი იყო, ამის მკაფიო მაგალითი გახლდათ მისი ღია დაპირისპირება ე.წ. ”ლიხნის წერილის” ხელისმომწერ აფხაზეთის ა/რ პარტიულ ელიტასთან, რაც იმ დროს ყოველგვარი გადამეტებების გარეშე ნამდვილი მოქალაქეობრივი გმირობის ტოლფასი ქმედება იყო.

 

ხშირად, როცა ვიხსენებ და გონებაში ვფურცლავ გასული წლების პოლიტიკური პერიპეტიების კალენდარს, მახსენდება საქართველოს პარლამენტში ჩვენი ერთობლივი მუშაობის პერიოდი. ის გამოირჩეოდა თავისი ეროვნული პოზიციით, პირად ურთიერთობებში კი - არაჩვეულებრივი კულტურით, ტაქტით, მშვიდი და გაწონასწორებული ბუნებით. ის ბოლომდე დარჩა თავისი კუთხისა და ხალხის ინტერესების ერთგული დამცველი.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions