შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და მონტროს კონვენცია (კონვენციის მე - 80 წლისთავისთვის)

მიმდინარე წლის 20 ივლისს შესრულდა 80 წელი შვეიცარიის ქალაქ მონტროში კონვენციის მიღებიდან, რომლიც განსაზღვრავს შავი ზღვის სრუტეების სტატუსს. გთავაზობთ  ამასთან დაკავშირებით  მომზადებულ მასალას. იხილეთ აგრეთვე ამ მასალის შემოკლებული ვარიანტი გაზეთ ”ახალი თაობის” 21 ივლისის (2016წ.) ნომერში.

შავი ზღვა, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სამხედრო-ეკონომიკურ არტერიად რჩება, უკანასკნელი წლების განმავლობაში დასავლეთისა და რუსეთის მძაფრი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზი გახდა. სამწუხაროდ, ნატომ გვიან მიაქცია ყურადღება შავ ზღვაზე რუსეთის სასარგებლოდ შექმნილ ახალ რეალობას. ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაისვა, თუმცა რუსეთის მიზნები აღნიშნულ რეგიონში სავსებით ნათელი იყო მაშინაც, როდესაც მან აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ფაქტიურად ხელში ჩაიგდო საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი. ოკუპირებული  ტერიტორია სულ მალე რუსეთის მძლავრ სამხედრო ბაზად გადაიქცა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოს წინააღმდეგ იყო და არის მიმართული. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საკითხი ნატოს მიერ განხილული არ ყოფილა, შესაბამისად,არც სათანადო ზომები გატარებულია.

 

ყირიმის ანექსიამ, მისმა შემდგომმა მილიტარიზაციამ, რაც შავი ზღვის რუსული ფლოტის კიდევ უფრო გაძლიერებაში (ეს პროცესი გრძელდება), ნახევარკუნძულზე საჰაერო-კოსმოსური  და სახმელეთო ძალების თვისობრივად ახალი დაჯგუფების შექმნაში გამოიხატა, ნატოს საპასუხო ზომების მიღებისაკენ უბიძგა. რუსეთის აშკარა უპირატესობის საპირწონედ ჯერჯერობით ვხედავთ ამერიკის სამხედრო ხომალდების გახშირებულ ვიზიტებს შავი ზღვის პორტებში. 2016 წლის იანვარში რუმინეთმა გააჟღერა ინიციატივა ნატოს წევრი შავზღვისპირა ქვეყნების (თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) ერთობლივი ფლოტილიის შექმნის შესახებ, რომელიც ამერიკის, იტალიისა და გერმანიის სამხედრო ხომალდებით გაძლიერდებოდა. საქართველომ და უკრაინამ არაერთხელ გამოთქვეს რუმინეთის ინიციატივასთან მიერთების სურვილი.

 

ყველა დაინტერესებული მხარე, რუსეთის ჩათვლით, ელოდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას. მოლოდინი გარკვეულწილად გამართლდა. სამიტზე მიღებული განცხადების  10-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ რუსეთი ეწევა პროვოკაციულ ქმედებას შავი ზღვის აუზში, იყენებს იქ განლაგებულ სამხედრო პოტენციალს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი ძლიერებისა და დემონსტრირებისთვის, რაც ნატოს ქვეყნებისთვის დამატებითი რისკის ფაქტორს და გამოწვევას წარმოადგენს. იმავე განცხადების 23-ე პუნქტში კი ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში უსაფრთხოების კუთხით ვითარება შავ ზღვაზე გაუარესებულია. ამასთან დაკავშირებით, ნატო გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს შავიზღვის აუზის სახელმწიფოების ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, აგრეთვე აღნიშნულ საითხზე გაააქტიუროს დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან. შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასახულია ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან საქართველოს ჩართულობას სტრატეგიულ დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში; დადასტურებულია, რომ ნატო მეტ ყურადღებას მიაპყრობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.

 

როგორც ვხედავთ, ნატოს ვარშავის სამიტის დოკუმენტებში საუბარი არ არის კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგრამ ისინი შეიცავენ მკაფიო გზავნილებს კრემლისთვის, რომ შავ ზღვაზე არ იქნება დაშვებული რუსეთის სტრატეგიული უპირატესობა. ცხადია, ნატო გააქტიურდება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით და ამ პროცესში თავისი  ადგილი ექნებათ ალიანსის არაწევრ საქართველოსა და უკრაინას.

 

ასეთია ზოგადი სურათი, თუმცა ჯერ არავინ იცის, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. არც ის არის ცნობილი, როგორ უნდა გადაილახოს შავ ზღვაში ნატოს ყოფნის გაზრდის ისეთი შემაფერხებელი ფაქტორი, როგორიც არის 80 წლის წინ, 1936 წ. 20 ივლისს, შვეიცარიის ქ. მონტროში ხელმოწერილი კონვენცია, რომელიც იმავე წლის 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იგი არეგულირებს შავი ზღვის სრუტეებით სარგებლობის წესებს. დოკუმენტს ხელს აწერენ თურქეთი, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, იუგოსლავია, ავსტრალია და იაპონია.

 

მონტროს კონვენციის მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფოს სავაჭრო გეგმებს (გარდა თურქეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გემებისა) მინიჭებული აქვთ შავი ზღვის სრუტეებით თავისუფლად სარგებლობის უფლება როგორც მშვიდობიან, ისე საომარ ვითარებაში (მუხლი მე-2-7). სამხედრო გემებისთვის კი გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ძირითადად იგი ეხება არაშავიზღვისპირა სახელმწიფოებს. მშვიდობიან პერიოდში მათ შეუძლიათ შავ ზღვაში შემოიყვანონ არაუმეტეს 45 ათასი ტონა წყალწყვის გემებისა და იყოლიონ იქ მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში (მუხლი მე-18). შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.

 

კონვენციის აღნიშნული მოთხოვნა აიძულებს ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკის საზღვაო ძალების 6-ე ოპერატიული ფლოტის სათანადო კლასის გემებს შემოვიდნენ შავ ზღვაში მხოლოდ როტაციის წესით. ამასთან დაკავშირებით, მომწიფდა საკითხი მონტროს კონვენციაში ცვლილებების შეტანის გზით არსებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ. პროცედურულად ეს შესაძლებელია. როგორც ცნობილია, კონვენციის მოქმედების ვადის გახანგრძლივება ყოველ 20 წელიწადში ხდება. მიმდინარე წელს მისი მიღებიდან და ამოქმედებიდან 80 წელი სრულდება, რაც მშვენიერი საბაბია კონვენციაში ცვლილებების შესატანად.

 

ვინაიდან ნებისმიერი ცვლილება მონტროს დოკუმენტში პირდაპირ თუ ირიბად ეხება საქართველოს უსაფრთხოებას, ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს და იქ განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს, ქართულ მხარეს მართებს სერიოზული დაფიქრება ამ საკითხებზე. პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ ცვლილებების შეტანა მონტროს კონვენციაში არის აუცილებელი, რისი უშედეგო მცდელობები გასული ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა. მაინც რა სახის ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი? რა უფრო მომგებიანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის - ცვლილება, რომელიც ხელს შუწყობს, შავი ზღვის შემდგომ მილიტარიზაციას და სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას თუ, პირიქით, რომელიც შეამცირებს მილიტარიზაციისა და დაპირისპირების დონეს?

 

ელემენტარული საღი აზრი გვკარნახობს, რომ შავი ზღვის მილიტარიზაციის დონის შემცირება უფრო მომგებიანია რეგიონის, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოებისთვის, ვიდრე იარაღის ჟღარუნი და ძალის დემონსტრირება. შესაძლო ცვლილებებიც მონტროს კონვენციაში  შავ ზღვაში დაპირისპირების თავიდან აცილების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონვენციაში შესატანი ცვლილებების იდეის დონეზე წამოყენება. ჩვენი აზრით, ნებისმიერ შავიზღვისპირა სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს შეიარაღებულ აგრესიას სხვა შავიზღვისპირა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახდენს მისი ტერიტორიის ოკუპაციას და ანექსიას, უნდა ჩამოერთვას შავი ზღვის სრუტეებში როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო გემების თავისუფალად გატარების უფლება. ცხადია, იგივე ნორმა უნდა დაწესდეს ამა თუ იმ შავიზღვისპირა სახელმწიფოსთან საომარ მდგომარეობაში მყოფი არაშავიზღვისპირა სახელმწიფოს მიმართაც.

 

სათანადო დხვეწისა და დაკონკრეტების შემდეგ შემოთავაზებული წინდადების მიღება უეჭველად ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი დძაბულობის განმუხტვას, მის დემილიტარიზაციას, მყარი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მონტროს კონვენციის მოქმედი რედაქციაც შეიცავს გარკვეულ შეზღუდვებს საომარი ვითარების დროს შავი ზღვის სრუტეებით სარგებლობისას (მუხლი მე-19-21). ისინისაკმაოდ საიმედოდ იცავენ თურქეთის ინტერესებს, ნაკლებად ან საერთოდ არ იცავენ დანარჩენი შავიზღვისპირა სახელმწიფოების, მათ შორის თურქეთის მოკავშირეთა ინტერესებს. კონვენციის ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გასწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, რომელიც არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს

თავმჯდომარის მოადგილე           ჯემალ გამახარია

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions