აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში

“ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით 4, 5, და 6 ოქტომბერს, ქ. ჰააგასა და ქ. ამსტერდამში, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ გაიმართება.

 

4 ოქტომბერს, აღნიშნული პროექტის საზეიმო გახსნა გაიმართება საქართველოს საელჩოში. “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ასევე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე,      სოხუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარინა ამაღლობელი - პროექტ „აფხაზეთის დღეების“ კოორდინატორი საქართველოში, მწერალი  გურამ ოდიაშარია და სხვა სპეციალურად მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე გაიმართება ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი 2”-ის ბავშვთა კონცერტი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “Youth of Democracy”, რიტა პროკოპენკოს ხელმძღვანელობით წარადგენს აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ნახატებს.

 

მოეწყობა დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინების  და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.

 

ასევე, ღონისძიებაზე  მოწვეულნი იქნებიან ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

პროექტი „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. 5 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში ამსტერდამში სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის University of Applied  Sciences საგანმანათლებლო გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდება.

პროექტი 6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ანსამბლ “რუსთავის” სოლისტის გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი 2”-ის, და Voice of Germany 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “მერანი”. ორი დირიჟორის-ქეთევან წიკლაურის და ივო ბოსვაიკის ხელმძღვანელობით ჰოლანდიელი მომღერლები ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.

ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნიდერლანდების სამეფოში და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხელოვანები აფხაზეთიდან.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions