„დაცემას მოსდევს ამაღლება“- 25 წლის წინ სოხუმი დაეცა

 

სიმბოლურია, რომ ჯვართამაღლების დიდ დღესასწაულს დაუკავშირდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცელი - სოხუმის(აფხაზეთის) დაცემის დღე. სიმბოლურია,  რადგან  ეს დიდი ქრისტიანული დღესასწაული  აფხაზეთისა და აფხაზეთში დაბრუნების რწმენას განამტკიცებს და მოლოდინს ჭეშმარიტი ჯვართამაღლებისა, როცა ადგილის დედას, საქართველოს ძირძველ მიწას დაუბრუნდება იქიდან ძალადობრივად გამოდევნილი  ქართველობა, ქვეყანა  გამთლიანდება და  საბოლოოდ, მთელს საქართველოში ყველა ერის წარმომადგენლისათვის მშვიდობიანი ცხოვრების პირობები დამკვიდრდება.

 

ამ მოლოდინში უკვე 25 წელი მიილია. 25 წლის წინ გამოდევნეს საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირული ქართველობა აფხაზეთიდან. 25 წელი გავიდა, რაც ენგურს გაღმა   სამშობლოს ერთიანობის დასაცავად განგმირული ჩვენი ბიჭებისა და მამა-პაპათა მიტოვებული საფლავების პატივმიგება, ჩრდილოელი ოკუპანტისა და დამნაშავე სეპარატისტული რეჟიმის ძალისხმევით, ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, მშობლიურ სახლ-კარში, ძირძველ მხარეში დაბრუნების იმედი ყველა ქართველში ცოცხლობს.

 

სწორედ ამ რწმენით, ამ განწყობით ჩაიარა დღევანდელმა დღემ, რომელიც აფხაზეთის საზოგადოების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ცენტრალური ხელისუფლების, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპული  გმირების მემორიალის ყვავილების გვირგვინებით შემკობით დაიწყეს, სადაც შვილმკვდარი დედების მიერ ანთებული სანთლები დახვდათ, როგორც სიმბოლო ვაჟკაცურად დაღუპული ბიჭების სულების უკვდავებისა.

 

გმირთა მოედნიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის სხვა წევრებმა,  აფხაზეთში დაღუპული გმირების ოჯახების წევრებმა, თანამებრძოლებმა პატივი მიაგეს  ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, თამაზ ნადარეიშვილის,  გენო ადამიას, გურამ გაბისკირიას ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები. შემდგომ  დელეგაცია აფხაზეთის ომში დაღუპულთა  ვაშლიჯვრის  ძმათა სასაფლაო- მემორიალს ეწვია.

 

თბილისში  მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში (რომელიც არის  აფხაზეთის ილორის ეკლესიის ანალოგი) დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი  გაიმართა. ჯვართამაღლების დღეს ამავე ეკლესიის გუმბათზე ჯვრის დადგმა განხორციელდა.

 

საგულისხმოა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა  ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა:   „დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა."

 

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.




































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions