აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო ზესტაფონში

ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის, ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ინიციატივით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი..." გაიმართა.



რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლას მრავალრიცხოვანი სტუმარი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ ზესტაფონის რაიონში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ბატონები ელგუჯა გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია, დავით გვაძაბია, თეიმურაზ მჟავია, ქალბატონები რაისა ქარაია, ქეთევან ბაკარაძე,  რეგიონის ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. თითოეული მათგანი განსაკუთრებული ემოციით იგონებდა აფხაზეთის დაცემიდან გასულ 25 წელს, სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილებს.  საღამოსთვის სპეციალურად მომზადებული სიუჟეტი მიეძღვნა 1993 წლის 27 სექტემბერს მტრის ხელით განგმირული სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას ხსოვნას.



დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი.



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გმირულად დაღუპული თანამემამულეები მოიგონეს, ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და გამოთქვეს რწმენა, რომ დადგება დრო, როცა კანონზომიერება აღდგება: აფხაზი ეთნოსი და აფხაზეთის ძირძველი ქართული მხარე დედასაქართველოსთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ხელმძღვანელებმა საღამოს ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ციალა ნებიერიძეს და ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას. მადლიერებით აღინიშნა, რომ ზესტაფონი მთელი ამ 25 წლის მანძილზე დევნილთა მიმართ  განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.



ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ჰარმონია" - ზესტაფონის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პოეტი ვერონიკა ვერულაშვილი, მუსიკოსი დოდო მერკვილიშვილი, ხსოვნის საღამოს უძღვებოდა პუბლიცისტი მზია კვირიკაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

















































ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions