აფხაზეთის დღეები ჰოლანდიაში


ოქტომბერში, ნიდერლანდების სამეფოში, სამდღიანი პროგრამით გამართული ,,აფხაზეთის დღეები" საქართველოს საელჩოს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” პარტნიორობით და ორგანიზებით მოეწყო.

 

ღონისძიება, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა,  საქართველოს საელჩოში ოფიციალური მიღებით გაიხსნა, გაგრძელდა  ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-გაცნობითი შეხვედრითა და პრეზენტაციებით და დასრულდა საზეიმო კონცერტით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (University of Applied Sciences) წარმომადგენლების საგანმანათლებლო გაცნობით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების იმ სამშვიდობო გზებზე, რომლებიც ქართველებისა და აფხაზებისა ურთიერთობის აღდგენას შეუწყობს ხელს, იმავდროულად ხაზგასმით  აღინიშნა  საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის როლი ამ პრობლემის მოგვარებაში.

„აფხაზეთის დღეების“ ფორმატით ჩატარდა გამოფენა სახელწოდებით  ,,დავიბრუნოთ ერთმანეთი”, რომელზეც წარმოდგენილი იყო კომპანია ,,მარიგოლდის” მიერ შექმნილი ქართული ეროვნული გათანამედროვებული სამოსი, ახალგაზრდა სახეების ნინი და დიმიტრე დუმბაძეების ნახატები, მხატვარ-მეთოჯინის თეა გუნთაიშვილის ქართულ მოტივებზე შექმნილი ხელნაკეთი თოჯინები, ქართული უნიკალური ღვინო ,,ხაშმის საფერავი” და ქართული ნუგბარი. პროგრამით გათვალისწინებულ კონცერტში ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი 2”-ის გარდა მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა ,,მერანმა” და ჰოლანდიელმა მომღერლებმა, ანსამბლ ,,რუსთავის” სოლისტმა გიორგი ალექსანდრიამ და ,,voice of germany 2017 "-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა: ეს არ იყო მხოლოდ კულტურული ღონისძიება, მას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა - მსოფლიოს მუდმივად უნდა შევახსენოთ ჩვენი პრობლემა. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, ვალი გვმართებს - ოკუპანტები უნდა გავაძევოთ საქართველოს ძირძველი ტერიტორიებიდან და აფხაზეთში უნდა დავბრუნდეთ. ამას გარდა, საოკუპაციო პოლიტიკის გამო უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებს  სჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხში. აფხაზეთს სჭირდება ძლიერი და წარმატებული ქართული დიასპორა, რომ აფხაზებთან ერთად ავაშენოთ ნანგრევებად ქცეული აფხაზეთი, ჩვენი სამშობლო.

აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია: უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ნიდერლანდების სამეფოში, ბატონ ელჩს კონსტანტინე სურგულაძეს, „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნელებს იმ პოზიციისთვის, რომელიც  აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერაში გამოიხატება, ასევე ყველას, ვინც ამ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა.  მსგავსი შეხვედრები აუცილებელია უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს დევნილებთან კავშირების შენარჩუნებისა და გაღრმავებისთვის, ქართული ტრადიციების და კულტურის  პოპულარიზაციისთვის. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების და მცირერიცხოვანი თანამემამულეების მიმართ.  იმედი მაქვს მომავალშიც გვექნება თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

უმაღლესი საბჭოს ფრაქციის ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა თავმჯდომარე რაისა ქარაია: საქართველოშიც არ მახსოვს ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებული  „აფხაზეთის დღეები“. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი თანამემამულეებთან თბილი და ემოციური შეხვედრები, ყოველივე ქართულს მონატრებული ქართველების ღიმილიანი სახეები. თქვენ წარმოიდგინეთ, ბელგიიდან და საფრანგეთიდანაც შემოგვიერთდნენ ჩვენი დევნილები, როდესაც გაიგეს „აფხაზეთის დღეების“  ჩატარების შესახებ...  ჰოლანდიელი მასპინძლებიც საკმაოდ ყურადღებიანი, თბილი და კეთილგანწყობილები იყვნენ. იმდენად საინტერესო და დატვირთული დღეები იყო, რომ ქალაქის დასათვალიერებლად დროც კი აღარ დაგვრჩა. მე მიხაროდა, როცა ვხედავდი ჩემს წარმატებულ თანამემამულეებს, მათი ხვედრი ხომ ორმაგად მძიმეა - დევნილობა მშობლიური კუთხიდან და ემიგრანტობა საქართველოდან შორს....































































































ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions