დაჯილდოება წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისათვის

წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისა და ღირსეულად გავლილი ცხოვრებისეული გზისათვის, უმაღლეს სასწავლებლებში ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობისათვის ღვაწლმოსილი ადამიანები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ საპატიო სიგელების გადაცემისას აღნიშნა, რომ დასაჯილდოებლად წარდგენილი არიან ლეგენდარული ადამიანები, რომელთაგან თითოეულის გავლილი ცხოვრება შესანიშნავი მაგალითია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისა და მომავალი თაობებისთვის, რადგან მათი მოღვაწეობა ყოველთვის გამსჭვალული იყო მაღალი ზნეობით, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულებით და  საქმისადმი თავდადებით.

 

დაჯილდოებულთა შორის იყვნენ  საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ მეძმარიაშვილი, სოხუმის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი დიანა ალანია, ემერიტუსი პროფესორი რევაზ ხარებავა, ბიოლოგიის დოქტორი ვაჟა თოდუა, პროფესორი გიორგი ანთელავა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპულ მეომართა სახელების უკვდავსაყოფად შეტანილი პირადი წვლილისათვის, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, აფხაზეთის ფეხბურთის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის  აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი დიმიტრი ჭანტურია.

შეხვედრამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ერთ-ერთი დაჯილდოებულის  განცხადებით, ეს სიგელი მისთვის დიდი სიამაყეა, რარიტეტია, რადგან  აფხაზეთთან არის დაკავშირებული, აფხაზეთი კი ის მხარეა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე მუდმივად ენატრება, ესიზმრება და ეიმედება, რომ იქ დაბრუნების დღეს მოესწრება. დაჯილდოებულთა თქმით, ბევრი მათგანი ხანდაზმულია და დიდხანს ვერ იცოცხლებენ, ამიტომ აფხაზეთის დასაბრუნებლად დრო ცოტა რჩება, ხელისუფლებამ  უნდა იჩქაროს, უფრო მეტად იაქტიუროს, რათა ოკუპირებული აფხაზეთის გათავისუფლებისა და ერთიანი საქართველოს განმტკიცების ბედნიერება მათაც გაიზიარონ.

 










ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions