აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ტრაგიკული დაღუპვის გამო, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს.

მიუხედავად  ამ ეტაპზე არსებული განსხვავებული ვერსიებისა იმასთან დაკავშირებით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა თუ იგი მოკლეს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა განმარტებით, ეს არანაირად არ ცვლის ვითარებას და არ აბათილებს აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის დანაშაულებრივ არსს და ქმედებას, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითმკვლელობამდე მიყვანასთან. ეს კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით ქართველთა მიმართ მსგავსი აგრესიული დამოკიდებულების, მათი უფლების შელახვის, მკვლელობის მორიგი დემონსტრირებაა, რისი შეჩერებაც ჯერჯერობით ვერც ერთი ბერკეტით ვერ ხერხდება.

ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს განუკითხაობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ოკუპაციის უშუალო შედეგია და მესაზღვრედ ჩამდგარი კრემლის პოლიტიკით არის უპირველესად წახალისებული. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების არათუ შესრულებას გეგმავს, პირიქით, ამ ბოლო ფაქტით კიდევ ერთ უხეშ გამოწვევას აფიქსირებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და ამ ტრაგიკულ შემთხვევას აღიარებს, როგორც საკუთარ ტკივილს; ამასთან მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, განახორციელონ ქმედითი ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმსა და კრემლის მესვეურებზე, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის, ეთნიკური ნიშნით დევნისა და მკვლელობის მსგავსი მძიმე შემთხვევებისათვის რეალურად დადგეს  დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი .

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

15.03.2019წ.

თბილისი

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions