ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა შეხვედრა ზუგდიდში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაში სახელწოდებით - აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების ეროვნული ფორუმი.

 

 

შეხვედრაში ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა აღნიშნული რეგიონებიდან. შეკრების მიზანი იყო ეროვნული მოძრაობის, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას პერიოდის ეროვნული გვარდიის ვეტერანების წინაშე მდგარი პრობლემების განხილვა.

 

 

როგორც ბატონმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, მართალია, საქართველოში დიდი ხანია შედგა ეროვნული შერიგება და საქართველოს პარლამენტმა თავის დროზე მიიღო შესაბამისი დადგენილებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანების ფაქტობრივი მდგომარეობა, დიდად არ შეცვლილა. მისი განმარტებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მოხდეს მათი აღიარება იმ წოდებებში, რომელიც მათ გააჩნდათ და დაენიშნოთ შესაბამისი პენსია.

 

 

შეკრებაზე საკითხის ორი მხარე იყო განხილული: პოლიტიკური და სოციალური, რომელიც ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ეხება. ეს ადამიანები იყვნენ და არიან დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერები. მათ სურთ, რომ ხელისუფლებამ გაიზიაროს მათი სამართლიანი მოთხოვნები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ფორუმის მონაწილეებმა ყურადღება დაუთმეს ზუგდიდში დაგეგმილ მერის არჩევნების თემას.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე და მათი თანამებრძოლი, ფორუმის ორგანიზატორების მიერ სპეციალურად იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე, სადაც ის მოხსენებით გამოვიდა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions