„აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სამინისტროს ეგიდით გამოცემული წიგნის „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები. საკითხავი წიგნი“ პრეზენტაცია. მისი  ავტორები არიან ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე და დაზმირ ჯოჯუა.


წიგნში განხილულია ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალური საკითხები უძველესი დროიდან დღემდე. განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლებისთვის, უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის, აგრეთვე დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის. ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე. ავტორები მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. აღნიშნულია, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.


წიგნის პრეზენტაცია-წარდგენას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. მან ისაუბრა ნაშრომის მნიშვნელობაზე დღევანდელ რეალობაში - „ამ ნაშრომის  მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ საკვანძო ისტორიული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის როლი ერთიანი საქართველოს დამკვიდრებაში, განხილულია და დამოწმებულია როგორც ქართული, ისე  უცხოური წყაროებით, საზოგადოების ფართო მასებისთვის მიწოდებულია  გასაგებად და საფუძვლიანად, რის გამოც მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი რუსულ ენაზე გამოცემა“ - აღნიშნა მინისტრმა.


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა პრეზენტაციის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და განმარტა, თუ რა აუცილებლობამ წარმოშვა წიგნის შექმნის იდეა. მისი თქმით, „მართალია,  აფხაზეთის ისტორიის საკითხებს დიდი ყურადღება ექცევა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან, არსებობს ერთობლივი ძალებით შექმნილი უამრავი მონოგრაფიული ნაშრომი, რომელიც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და ვრცელდება მთელს მსოფლიოში, ახალმა თაობამ, სამწუხაროდ,  არასაკმარისად იცის აფხაზეთის რეალური ისტორია. სწორედ ამან გვიბიძგა, რომ მომზადებულიყო საკითხავი წიგნი, რომელიც იქნებოდა განკუთვნილი ფართო მასისთვის - თითოეული დაინტერესებული მკითხველისთვის, მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და ა.შ.  ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მუდმივად იყო და დღემდე რჩება სადავოდ ქართველ და აფხაზ ავტორებს შორის, კერძოდ, აფხაზეთის ეთნიკურ, პოლიტიკურ და  საეკლესიო ისტორიაზე“, - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ცნობილმა ისტორიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა დარგის სპეციალისტებმა: ზურაბ ხონელიძემ, ზურაბ პაპასკირმა, ვაჟა კიკნაძემ, როლანდ თოფჩიშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, ელდარ ბუბულაშვილმა, სალომე ბახია-ოქრუაშვილმა, ოთარ ხუფენიამ, ოთარ ჭითანავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - თემურ მჟავიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, აკაკი გასვიანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.


„ეს არ არის მხოლოდ წიგნი, ეს არის ბრძოლა. ჩვენ ტყვიით არ ვიბრძვით, ასეთი წიგნებით უფრო მეტად გვექნება საშუალება დავამტკიცოთ სიმართლე - აფხაზეთი საქართველოა!“ - განაცხადა  ისტორიკოსმა ვაჟა კიკნაძემ.


დასასრულს ჯემალ გამახარიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და საჩუქრად გადასცა წიგნები თავისი ავტოგრაფით.








































































































 





































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions