აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II შეხვდა



2010 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისის და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა (გია) გვაზავა.


ბატონმა ელგუჯა გვაზავამ უწმინდესსა და უნეტარესს მიულოცა ეს სანიშანსვეტო მოვლენა. მან დიდი კმაყოფილებით აღნიშნა წმინდა სინოდის მიერ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც ეყრდნობა რა სამეცნიერო საბუთებს და ითვალისწინებს დღევანდელ ვითარებას, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის  მმართველობას გადასცემს უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ამ საშვილიშვილო მოვლენამ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლიერებით მიმართა და მადლობა გადაუხადა მეუფე დანიელს, რომელმაც ცხუმ-აფხაზეთის მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მრავალი წლის მანძილზე თავდადებით იღვაწა საკუთარი მრევლისათვის.


ბატონმა ელგუჯა გვაზავამ აქვე აღნიშნა ისიც, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს _ აფხაზეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ანექსიასთან ერთად ცდილობს ამ მხარის კლერიკალურ ოკუპაციას, წმინდა სინოდის ესოდენ დროული განჩინება ხაზგასმით წარმოაჩენს აფხაზეთის დეოკუპაციის პრიორიტეტებს.


შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დალოცა აფხაზეთის მოსახლეობა, მისი ლეგიტიმური ხელისუფლება და მთავრობა და ბატონ ელგუჯა გვაზავას მისცა კურთხევა იღვაწოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions