ჯემალ გამახარიას ინტერვიუ „თაიმერში“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინტერვიუ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ გამოაქვეყნა  საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“, სათაურით თუ რუსეთი განახორციელებს მის გეგმას, აფხაზები დაიღუპებიან!“


აფხაზეთი სრულმა ქაოსმა მოიცვა. რუსეთი ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც იწვევს მუდმივ ქაოსსა და იმედგაცრუებას ადამიანებში. აფხაზეთის ანექსია აფხაზებისთვის ნიშნავს იმას, რომ მათი ადგილი აფხაზეთში აღარ იქნება. ისინი დღეს თუ არა ხვალ მიხვდებიან იმას, რომ ერთდერთი გზა მათი გადარჩენისა არის საქართველო – ასე ფიქრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მისი აზრით, ენგურს გაღმა პროცესი გამორიცხულია, რომ დასრულდეს. იქ იქნება მუდმივი ქაოსი, რადგან რუსეთი არასდროს იტყვის უარს თავის განზრახვაზე – მოახდინოს აფხაზეთის ანექსია.


როგორ განვითარდება უახლოეს პერიოდში სიტუაცია აფხაზეთში, არის თუ არა შანსი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებისა და ისარგებლებს თუ არა რუსეთის დიდი ნდობით აფხაზეთის მომავალი ე.წ. პრეზიდენტი – ამ საკითხებზე” თაიმერი” ჯემალ გამახარიას ესაუბრა.

აფხაზეთში არის სრული ქაოსი. ასე შევაფასებდი იქ მიმდინარე მოვლენებს. რაც აფხაზეთში მოხდა, ეს არც რევოლუციაა და არც პოლიტიკური პროცესი. ეს არის ქაოსი, რომელიც დამახასიათებელია ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. დეფაქტო ხელისუფლების ცვლა ასეთი გზით 2004 წლიდან მიმდინარეობს. 15-16 წელი გავიდა უკვე… ეს იმაზე მიუთითებს, რომ კრიზისიდან და ქაოსიდან აფხაზეთი ვერანაირად გამოვა ოკუპაციის პირობებში. ეს მოვლენა სხვა პირობებითაც არის განპირობებული – ეს არის ოკუპანტის პოლიტიკა. ოკუპანტი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას და აქედან გამომდინარე ის ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც იწვევს მუდმივ ქაოსს, იწვევს იმედგაცრუებას ადამიანებში, პროტესტს და ბოლოს, ოკუპანტის გათვლით აფხაზური საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ თავად თქვას უარი ე.წ. დამოუკიდებლობაზე.

- ბატონო ჯემალ, როგორ უყურებთ სერგეი შამბას განცხადებას ქართველებთან დიალოგის დაწყების თაობაზე?


- ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე დიალოგი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია როგორც სრულმასშტაბიანი პოლიტიკური დარეგულირება პრობლემისა, ასეთ დიალოგზე აფხაზები არ წამოვლენ. მათთვის დიალოგი ნიშნავს არსებული ვითარების დაკანონებას, არსებული რეალობის აღიარების პირობებში რაღაც შეთახმების მიღწევას. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ იყოს ნორმალური ურთიერთობა აფხაზურ მხარესთან, მისვლა-მოსვლა, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და. ა. შ. ადამიანებმა იმოძრაონ ენგურის ორივე მხარეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. თუ ეს თემები იქნება განხილული მოლაპარაკებებზე და აფხაზური მხარე ამისთვის მზად არის, ეს ამ ეტაპისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. მე პირიქით მხარს დავუჭერ.

- ბატონო ჯემალ, აფხაზური მხარე წლების განმავლობაში მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმებას. ამ მოთხოვნის ფონზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ზოგადად ლეგიტიმური ხელისუფლების როლს დიალოგში როგორ ხედავთ?


- როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ იქ არსებულ ხელისუფლებას, ისინიც არ აღიარებენ ენგურს აქეთ არსებულ ხელისუფლებას. სხვათა შორის, მათ ჰყავთ რუსული აგენტურა, ენგურს აქეთ არსებობს ეს აგენტურა და ამ იდეას მხარს უჭერს, ისინი გამოდიან უმაღლესი საბჭოს და ზოგადად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმების მოთხოვნით. ეს შეტევა ერთი ცენტრიდან მომდინარეობს - კრემლიდან და ენგურს გაღმიდან. ერთიდაიგივეა დღევანდელი სოხუმი და კრემლი. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს მოლაპარაკება აფხაზეთის დეფაქტო და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას შორის. ისინი ამაზე არ მოდიან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამის დროც მოვა. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთის ორივე ხელისუფლება, დეფაქტო და ლეგიტიმური, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.

- ბატონო ჯემალ, ამ განცხადების თქმის იმედს რა გაძლევთ?

– ჯერ ერთი, ენგურს გაღმა პროცესი გამორიცხულია დასრულდეს. იქ იქნება მუდმივი ქაოსი იმიტომ ,რომ რუსეთი არასდროს იტყვის უარს თავის განზრახვაზე – მოახდინოს აფხაზეთის ანექსია. ეს კი აფხაზებს არ სურთ. აფხაზეთის ანექსია აფხაზებისთვის ნიშნავს იმას, რომ მათი ადგილი აფხაზეთში აღარ იქნება. ისინი დღეს თუ არა ხვალ მიხვდებიან იმას, რომ ერთადერთი გზა მათი გადარჩენისა, არის საქართველო. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ერთობლივად გადაწყვეტა საკითხისა თუ როგორ მოვაწყოთ აფხაზეთი და როგორ ავაწყოთ ქართულ- აფხაზური ურთიერთობები ერთიან ქართულ სახელმწიფოში.

ადამიანები, რომლებიც მოდიან დეფაქტო ხელისუფლების სათავეში რუსეთის დიდი ნდობით არ სარგებლობენ, ისეთი ნდობით როგორითაც რაულ ხაჯინბა სარგებლობდა. ეს ადამიანები ე.წ. არჩევნების შემდეგ თავიანთ მოღვაწეობას დაიწყებენ იმით, რომ დაუმტკიცონ ერთგულება რუსეთს. ამიტომ საქართველოსთვის მათ არც ეცლებათ და რადიკალური ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში არ იქნება გადადგმული, მაგრამ სახალხო დიპლომატიის დონეზე შესაძლოა ახალი ფორმატები წარმოიშვას.

– ბატონო ჯემალ, სერგეი შამბას განცხადება გათვლილი იყო ქართველი ეროვნების ამომრჩეველზე?


– ქართველი ამომრჩეველი, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს აფხაზეთში, მით უმეტეს ახლა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო გათვლილი ქართველ ამომრჩეველზე, მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ აფხაზეთში არის დიდი რაოდენობა აფხაზი ამომრჩეველისა, რომელიც დიდი ხანია საქართველოსკენ იყურება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ ელექტორატზე იყოს გათვლილი.

- ბატონო ჯემალ, რუსეთის მთავრობა აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის საკითხს განიხილავს. როგორ ფიქრობთ, რაც ხაჯინბამ არ გააკეთა, მომავალი პრეზიდენტი ბჟანია გააკეთებს?


- ბჟანიას განცხადებებიდან და მისი გარემოცვიდან გამომდინარე, მან ეს არ უნდა გააკეთოს და თუკი გააკეთებს, უფრო სწორედ თუ მოინდომებს, მას იგივე ბედი ეწევა, რაც ხაჯინბას. ეს არის დილემა, რომლის წინაშე დგას აფხაზური საზოგადოება; ერთი ის, რომ თუ მიყიდიან უძრავ ქონებას რუსეთს და ამის უფლებას მისცემენ მას და ასევე მეორე საკითხი – მოქალაქეობის უფლება. როგორც აფხაზებს აქვთ უფლება იყონ რუსეთის მოქალაქეები, რუსეთიც მოითხოვს, რომ რუსებსაც მიეცეს იგივე უფლება – იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები. ამ ორი პოზიციის დათმობაზე თუ წავა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება, ამით აფხაზეთის ანექსია დასრულდება. აი, ეს არის ერთი მხარე პრობლემისა და მათი უბედურების. გამოსავალი ერთია – საქართველო. თუკი აქეთ წამოვლენ, ისინი გადარჩებიან. თუ რუსეთი განახორციელებს მის გეგმას, აფხაზები დაიღუპებიან; აფხაზეთსაც დაკარგავენ და თავიან თავსაც. აფხაზებისთვის იქ უმძიმესი ვითარებაა შექმნილი და რუსი ამას ქმნის ხელოვნურად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზური საზოგადოება არ იყოს გაერთიანებული, მუდმივად იყოს გათიშული და ერთ მშვენიერ დღეს ჩაატაროს რეფერენდუმი… მაგრამ ვიცი, რომ აფხაზური საზოგადოების დიდი უმრავლესობა არის წინააღმდეგი მიყიდოს უძრავი ქონება რუსეთს, რადგან იცის, რომ ამით დასრულდება აფხაზეთი და აფხაზი ეთნოსი.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions