უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული რადიოპროექტი განხორციელდა


აფხაზეთის პრობლემატიკის აქტიური გაშუქების მიზნით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატი ამას წინათ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

ამ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვინაიდან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არის მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთული, ბრძოლა მათ დასაბრუნებლად უნდა გააქტიურდეს რამდენიმე კუთხით: როგორც შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკის, ეკონომიკური, ადამიანის უფლებების დაცვის და დევნილი საზოგადოების სოციალური პრობლემების დაძლევის მიმართულებებით, ასევე საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებით.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის ინიციატივას რადიო „საქართველოს ხმის“ მესვეურები გამოეხმაურნენ და ოკუპირებული ტერიტორიების, იქიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკაზე, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაზე, ყოველკვირეულად, ახალი საავტორო გადაცემისათვის საეთერო დროის გამოყოფისათვის მზადყოფნა გამოხატეს.

ამ სიახლესთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში მსჯელობის შემდეგ ჟურნალისტური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს დალი ჯონჯუას და ხვიჩა ქარდავას დაევალათ რადიოგადაცემის მომზადება და წაყვანა. გადაცემის სტუმრები იქნებიან ხელისუფლების, საზოგადოების, სხვადასხვა სოციალური წრის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. აღნიშნულმა გადაცემამ, ისევე როგორც ზოგადად ყველა მედიასაშუალებამ, ხელი უნდა შეუწყოს ქართულ პოლიტიკურ რუკაზე აფხაზეთის თემის პირველ ადგილზე დაბრუნებას და ამაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების რეალური როლის შესრულებას.

გადაწყდა, რომ გადაცემას სახელწოდებით „აფხაზეთის დრო“ ნახევარი საათი დაეთმობა რადიო “საქართველოს ხმის“ ეთერში FM 107.9-ზე ყოველ შაბათს, 12 საათზე. ეს გადაწყვეტილება რადიო „საქართველოს ხმამ“ და აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ერთობლივად მიიღეს და მან უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი რადიოგადაცემათა ბადეში.

აღსანიშნავია, რომ ორი გადაცემა 18 და 25 იანვარს უკვე გავიდა ეთერში; პირველი გადაცემის სტუმარი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, 25 იანვარს „აფხაზეთის დროს“ სტუმრობდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions