მიშელ მუსხელის ნაშრომთა კრებულის “ერთიანობა მრავალფეროვნებაში-ევროპული ფედერალიზმის საფუძვლები„ პრეზენტაცია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგელობის ოფისში

მიშელ მუსხელი (მიხეილ მუსხელიშვილი)

„ერთიანობა მრავალფეროვნებაში“

ფედერალიზმი მიშელ მუსხელის  მიხედვით (22.02.2020)

 

ევრო - ტრანსფორმაციის მის მიერ შემუშავებულ პროექტში მიშელ მუსხელი პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპებზე საუბრობს. ეს პრინციპები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის  იდეას ეფუძნება ფედერაციული ერთობის ფარგლებშიც და ფედერირებული სახელმწიფოების  ნაირფეროვნებაშიც.

ფედერალური მოწყობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი არსებობის ფორმაა. ის ასოცირების გაწონასწორებულ სისტემას ქმნის გადაწყვეტილებისა და აღსრულების  შესაძლებლობების  მქონე ძალაუფლების ცენტრის შექმნით; ნაციონალური ავტონომიების პატივისცემით; ძალაუფლების გონივრული გადანაწილების სისტემით; ფედერალური მექანიზმების მოქნილი  სტრუქტურით; კონტროლის გონივრული მექანიზმების დანერგვით. მისი შემადგენელი ჯგუფები თავიანთ ინდივიდუალობას სრულად ინარჩუნებენ. ამავე დროს, ისინი უმაღლესი ძალაუფლების დაქვემდებარებაში შედიან თავიანთი თავდაცვისუნარიანობისა და  ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად. ამ მიზნით ისინი თავიანთი სუვერენული უფლებების ერთ ნაწილს ცალსახად უთმობენ უმაღლეს ორგანოს.

ფედერალიზმი, რომელსაც ერთ ფორმულაში ჩამოსხმული სახით მოიხსენიებენ, როგორც „ერთიანობის მრავალფეროვნებაში“, ან „თავისუფლებას წესრიგში“, გულისხმობს გარკვეული წონასწორობის  დამყარებას ასოცირების კანონებისა და ფედერაციის წევრების უფლებებს შორის. მასში ასოცირებული სხელმწიფოების ავტონომიის პატივისცემა ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც თავად ასოცირების მნიშვნელობის  პატივისცემა. ფედერაცია ჰარმონიულად ათანხმებს ერთმანეთთან სახელმწიფოთა საერთო და კერძო ინტერესებს.

ფედერალიზმი ნამდვილი დემოკრატიის დამყარებასაც ითხოვს, მაშასადამე, ის მოქალაქეთა რეალურ მონაწილეობას ეფუძნება საზოგადო საქმეების მართვაში. პოლიტიკური ფედერაცია ორმაგ მიმართულებას ამყარებს, ერთის მხრივ, სახელმწიფოებსა და მათში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფედერაციის ყოველმა წარმომადგენელმა ორმაგი ბმა უნდა აღიაროს: საკუთარი ბმა საერთო სახელმწიფოებრივ ასოციაციასთან და მისივე ბმა მოსახლეობის უფრო ვიწრო ჯგუფთან, რომლის უშუალო წარმომადგენლადაც მოიაზრებს თავს.

ფედერაცია, ამასთანავე, კანონის უზენაესობასაც გულისხმობს. ამიტომ ის იმ ორგანოებსაც საჭიროებს, რომლებიც ამ უზენაესობას გაახმოვანებენ და  განახორციელებენ. სუბსიდირების პრინციპით უფლებამოსილებების გადანაწილება და დელიკატური წონასწორობა ფედერაციასა და მის შემადგენელ სახელმწიფოთა შორის გარკვეულ წნეხს წარმოქმნის, რომელიც, თავის მხრიდან, შესაძლოა კონფლიქტების წყარო გახდეს. ასეთი  კონფლიქტებისათვის მშვიდობიანი გადაწყვეტიელა უნდა მოიძებნოს, თუმცა, წნეხიც უნდა შენარჩუნდეს, როგორც სიცოცხლისა და განვითარების წყარო. კანონი ერთადერთი იარაღია, რომელიც ამ დაძაბულობებს გადაჭრის, თუმცა ვერ გააუქმებს. მხოლოდ ფედერალურ სახელმწიფოს შესწევს უნარი იმისა, რომ კანონს ასეთი სასარგებლო როლის შესრულების შესაძლებლობა მისცეს.

ფედერალური სახელმწიფო ავტონომიის პრონციპის გამოცხადებით იწყება: ადამიანთა ყველა დაჯგუფება, პოლიტიკური ხასიათის იქნება ის, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული, სარგებლობს  ავტონომიურობის სტატუსით. ეთნოსები, მუნიციპალიტეტები და რეგიონები, სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო საწარმოები, პროფკავშირული და პროფესიული გაერთიანებები, უნივერსიტეტები და სკოლები, კულტურული და საქველმოქმედო ასოციაციები და სხვანი, წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ფედერალური კონსტიტუცია ანიწებს ყველა იმ უფელაბს, რაც მათი მიზნების განხორციელებას ესაჭიროება. ძირითადი დაჯგუფებები თავისუფალი წესით ქმნიან და მოიხმარენ საკუთარ სტატუსს. მათი სრული უფლებაა, ჰქონდეთ იურიდიული ძალაუფლება. ფედერალური კანონმდებლობის ფარგლებში არ არსებობს არც ერთი პირობა, რომელიც მათ ხელს შეუშლიდა თავიანთი ფუნდამენტური უფლებების მოხმარებაში. ამრიგად, ფედერალური მოწყობის წესი ადამიანს საშუალებას აძლევს თვითონ წარმათოს საკუთარი ინტერესები.

თუმცა, ავტონომია არ ნიშნავს დამიუკიდებლობას. ყველა ავტონოიური დაჯგუფება ფედერალიზმის პრონციპების საფუძველზე უკავშირდება უფრო ფართო ფორმირებებს საერთო ფედერალური  საზოგადოების ჩათვლით. ამ კავშირს მონაწილეობის პრინციპი მართავს: საბაზისო დაჯგუფებები მათზე მაღლა მდგომი ორგანოების მოღვაწეობაში მონაწილეობენ და მათ შემადგენლობაში შედიან. ასე ყალიბდება მრავალრიცხოვანი და კომპლექსური ფედერალური კავშირები, რომელთა მოქმედების შედეგებიც ყველა დონეზე ვლინდება, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ ჭრილში.

იმისათვის, რომ ასეთი კომპლექსური სტრუქტურის მქონე საზოგადოება იმართებოდეს ისე, რომ მისი შემადგენელი ნაწილები ავტონომიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, და, ამავე დროს, ერთმანეთის ძალისხმევასაც იზიარებდნენ და საერთო კეთილდღეობისათვის თანამშრომლობდნენ, უნდა შემუშავდეს ამ სტრუქტურის მმართველი პრინციპი. ფედერალური დემოკრატია კანონის უზენაესობას ეფუძნება და მისი ბუნებრივი გარანტის- მოსამართლის ავტორიტეტის აღიარებას.

ამრიგად, ფედერალიზმი მოქნილი დიალექტიკის მატარებელი ძლიერი ფილოსოფიაა. მას საკუთარ ინსტიტუციონალური ხერხემალი და განხორციელების ორიგინალური მექანიზმები აქვს დანერგილი. ამით ის მომავლის დიდ იმედს გვისახავს. მისი წყალობით ევროპა ადამიანთა მიწა გახდება, დასავლური ცივილიზაცია კი - ახალი ჰუმანიზმის კერა.

 

 

 

ფედერალიზმი და საქართველო

მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის)

„ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ მიხედვით

 

წინამდებარე წიგნის გამოცემის ძირითადი მიზანი არა მიშელ მუსხელის (მიხელ მუსხელიშვილის) პოლიტიკური აზროვნების და შემოქმედების ანალიზი და შეფასებაა, არამედ ქართული საზოგადოების ფართო სპექტრისთვის მისი ავთენტიკური ნაშრომების ორიგინალურ - ფრანგულ ენაზე და მისი მაქსიმალურად შესატყვისი ქართული თარგმანის შეთავაზებაა.

ნებისმიერი მკვლევარი თუ რეცენზენტი, მისი მაღალი ობიექტურობის მიუხედავად, მაინც თავისებურად, საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე ავითარებს დასკვნებს ნებისმიერ მოვლენაზე თუ ნაშრომზე, და სწორედ ამიტომ, მიშელ მუსხელზე აქამდე არსებული ყველა რეცენზია თუ მონოგრაფია მეტნაკლებად მისი პოლიტიკური შემოქმედების მიკერძოებულ ანალიზს წარმოადგენს.

მიშელ მუსხელმა მისი ეთნიკური წარმომავლობიდან,ისტორიული და გენეტიკური მეხსიერებიდან გამომდინარე ობიექტურად შეაფასა და განსაზღვრა მსოფლიო ომების შემდგომი ევროპის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.მისთვის ადვილი აღმოჩნდა ეთნიკურა სხვადასხვა,მაგრამ ღირებულებებით და ფასეულობებით ერთნაირად დატვირთული მრავალეროვანი ევროპის გაერთიანების შესაძლებლობა. ერთიანობის, რომელიც ემყარება მხოლოდ უმაღლეს ფასეულობებს: ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვას, კანონის და სამართლის უზენაესობას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში არსებული ბუნებრივად და პოლიტიკურად შეთანხმებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობას და ხელშეუხებლობას, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის დომინანტობას, „დიდი ქვეყნების“ მიერ „მცირე ქვეყნებზე“ დიქტატის უარყოფას ანუ ევროპის დაყოფას ძველ და ახალ ევროპად - ამ იდეალების განსახორციელებლად მან  ჩამოაყალიბა ერთიანი ევროპული ოჯახის, ანუ გაერთიანებული ევროპის შექმნის მწყობრი თეორიული საფუძვლები.

მიშელ მუსხელი გაერთიანებული ევროპის შექმნის და განვითარების პოლიტიკურ ბაზისად ფართო ფედერალურ საწყისებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ სახელმწიფოთა წარმატებულ ფუნქციონირებას მოიაზრებდა, რაც შემდგომში თეორიულ საფუძვლად დაედო დღეისთვის არსებული ევროგაერთიანება - ევროკავშირის შექმნას.

ამ ფედერალურ დემოკრატიაში მისთვის მთავარი იყო პიროვნების თავისუფლების და კანონის უზენაესობის უპირატესობა ყოველგვარ ხელოვნურ პროგრამაზე თუ სტატუსზე, იდეოლოგიაზე, ყველა იმ პირობაზე, რომელიც ადამიანებს, მოქალაქეებს, ხელს შეუშლიდა თავიანთი ფუნდამენტალური უფლებების რეალიზებაში.

ის იმ პირველ ევროპელ  მეცნიერ - მოაზროვნეთა შორის იყო, ვინც ომის შემდგომ ევროპაში პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულთა  თანასწორუფლებიანი გაერთიანება - კავშირის იდეა შემოიტანა და ამ იდეის პირველი საპილოტე პროგრამაც დღევანდელი გაერთიანებული ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სტრასბურგში, განახორციელა.


საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში და საერთოდ, მთელ მცირე აზიაში ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდა  ტოლერანტობისა და ეთნიკურ თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს სანიმუშო მაგალითს, მე-20 საუკუნის მიწურულს გახდა კომუნისტური, რუსულ-შოვინისტური, „ერთა თვითგამორკვევის“ და სესეციის ყალბი და მოგონილი საბაბით გაერთიანებული სეპარატისტული ძალებისა და  გარე ინტერვენციის მსხვერპლი. დღეისთვის საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის ფერედაციის მიერ მისი ყოფილი ავტონომიური წარმონაქმნების „დამოუკიდებლობის“ ფიქტიური აღიარებით.

პარადოქსულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ავტოქტონი ეთნოსები და  ადამიანთა სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული დაჯგუფებები აღჭურვილნი იყვნენ იურიდიული ძალაუფლებით და სრულყოფილად მოიხმარდნენ ამ სტატუსს. არ არსებობდა არავითარი დამაბრკოლებელი პირობა, რომელიც მათ ხელს შეუშლიდა თავიანთი ფუნდამენტური უფლებების რეალიზებაში.

მიშელ მუსხელის წინამდებარე ნაშრომებში დაწვრილებითაა განხილული ავტონომიური დაჯგუფებების და წარმონაქმნების კავშირი და ურთიერთობა სახელმწიფოს  უფრო ფართო ფორმირებებთან ფედერალიზმის პრინციპების საფუძველზე, როცა საბაზისო დაჯგუფებები, განსაკუთრებით ავტონომიები, უფრო მაღალი სტატუსის სახელმწიფო ორგანოების მოღვაწეობაში მონაწილეობენ და მათ შემადგენლობაში შედიან. ასე ყალიბდება ფედერალური კავშირები, რომელთა  ფუნქციები და მოქმედებები ვლინდება სახელმწიფოს ფუნქციონირების როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ ჭრილში. სწორედ ამ მიმართულებითაა აქტუალური და საინტერესო ქართული საზოგადოებისთვის მისი თვისტომის, ღირსეული ფრანგი სამართალმცოდნისა და პოლიტოლოგის მიშელ მუსხელის ნაშრომები ფედერალიზმის შესახებ.

ზურაბ  ჯგუბურია

მთავარი რედაქტორი  - გამომცემელი

მიშელ  მუსხელი

(მიხეილ მუსხელიშვილი)

 

წარმოშობით ქართველი მეცნიერი მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მისი ხედვა ძლიერი ინდივიდუალური და ეროვნული იდენტობების მქონე ფედერალური ევროპის შექმნაში მდგომარეობდა.

მიშელ მუსხელი 1903 წლის 23 ივლისს დაიბადა ქალაქ თბილისში. მიხეილ მუსხელიშვილი სამ ძმასთან ერთად თბილისში ყველასათვის კარგად ცნობილი ოფთალმოლოგის ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილისა და ნატალია მირზაშვილის ოჯახში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილმა ვახტანგ მუსხელიშვილი თბილისის ახლადგახსნილი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე მიიწვია. აღსანიშნავია, ისიც, რომ ვახტანგ მუსხელიშვილმა დაარსა თბილისში პირველი ოფთალმოლოგიური კლინიკა. ვ.მუსხელიშვილი მკურნალობდა და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქართული პროზისა და პოეზიის ლეგენდასთან აკაკი წერეთელთან.

1921 წლის საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, იმავე წლის ოქტომბერში 18 წლის მიხეილ მუსხელიშვილმა თბილისი დატოვა და მისი დიდების მწვერვალისაკენ მიმავალი ხიფათითა და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრების გზა დაიწყო.

მას განათლება გიოტინგენში, მიუნხენში, ლიონსა და პარიზში აქვს მიღებული. კაიროში, უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობამ კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის საფუძვლიანად გაცნობის შესაძლებლობა შესძინა. კონფერენციებისა და ლექციების კურსის ჩასატარებლად მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიაში იწვევდნენ. 1931 წელს კი მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა და პროფესორად დაინიშნა პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით ინსტიტუტში.

1940 – 1945 წლებში მიშელ მუსხელი ფუადის უნივერსიტეტის პროფესორია  კაიროში. 1948 წლიდან ის პროფესორია სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე და ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების კვლევით ინსტიტუტში.

1953-1964 წლებში მიშელ მუსხელი მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობს შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. 1959 წელს მან საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა სტრასბურგში და ამ ცენტრის უცვლელ ხელმძღვანელადაც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

1950 წელს სტრასბურგში ევროპული კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 300 სტუდენტი დაესწრო. სამ სხვა პროფესორთან ერთად მიშელ მუსხელმა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის გაუქმებაზე ისაუბრა და საზღვარზე ევროკავშირის დროშა აღმართა. მისი სიტყვები იყო: „ეს მხოლოდ დასაწყისია. უახლოეს მომავალში კი სტრასბურგი ევროპის გული გახდება“ (მ.მუსხელი,1953).

მიშელ მუსხელი 1964 წლის 11 ივლისს ვალ დ’აოსტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამ საბედისწერო დღეს მთებზე შეყვარებული მიშელი ფედერალისტური კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტების ექსპედიციას გაყვა მთაში, სადაც ფეხის დაცურების გამო რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე ხევში გადაიჩეხა. ამ ფაქტში ბედის ირონიაც აისახა, რადგან მიშელ მუსხელს მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ მთაში უბედური შემთხვევით დაღუპვა ერჩივნა ყველა სხვა სახის სიკვდილს.

სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა ალექს ვეილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღნიშნა: „ჩვენი მეგობარი მიშელ მუსხელი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი იყო. ის იმ პირველ მოაზროვნეთა შორის იყო, ვინც ევროკავშირის შექმნის იდეა შემოიტანა და ამ იდეისთვის იბრძოდა კიდეც სტრასბურგში. ჩვენ ყველას, - მათ შორის მათაც, ვინც მის იდეებს არ იზიარებდა - გვხიბლავდა მისი სიწრფელე, ელეგანტურობა და პატიოსნება“.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions