რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი ეკა ტყეშელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

 

2011 წლის 14 აპრილს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკა ტყეშელაშვილმა წარმოადგინა.

 

მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი კომპლექსურ მიდგომას და ქვეყნის საშინაო პროცესების და საგარეო მიმართულებების კოორდინაციას საჭიროებს. მისი განცხადებით, სამინისტრო სამუშაო დონეზე ნაყოფიერად თანამშრომლობს საკანონმდებლო ორგანოსთან და მჭიდრო ურთიერთობები აქვს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. "დეოკუპაციის საკითხი ერთი სახელმწიფოს ან ქვეყნის შიგნით ერთი პოლიტიკური პარტიის ქმედებით ვერ მოგვარდება და ეს პრობლემა ფრაგმენტული მიდგომით არ გადაიჭრება, ამიტომ აუცილებელია კოორდინაცია და მიზანმიმართული, სისტემური პროცესების წარმოება", - აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ტერიტოერიების ოკუპაციის შემდეგ საქართველომ პრაგმატული გზა აირჩია, რომელსაც  დეოკუპაციის მდგრადი განვითარების რეალური შანსი გააჩნია. მისივე მოსაზრებით, საერთაშორისო, დიპლომატიური აქტიურობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ქვეყანას დეოკუპაციის პროცესამდე მიიყვანს. "დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არის მოკლევადიანი პროცესი, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს პროცესი რაც შეიძლება მოკლე პერიოდში განხორციელდეს", - დასძინა მინისტრმა.

 

ეკა ტყეშელაშვილმა დეოკუპაციის საკითხში მთავრობის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრთა მოადგილეების დონეზე შეიქმნა კომისია, რომელიც თემატური მიმართულებებით სამუშაო ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ. მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფები ღია ფორმატით, კონკრეტულ პროგრამებსა და პროექტებზე მუშაობენ და მასში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააჩნია.

 

მინისტრმა ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. კომისიის სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions