საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვთა დაცვის დღე – პირველი ივნისი, 1950 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მისი დაწესება განაპირობა ომისა და ძალადობისაგან ბავშვთა დასაცავად მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებამ, ზრუნვამ მათი ჯანმრთელობისა და სრულყოფილი აღზრდა–განათლების უზრუნველსაყოფად.
„სამწუხაროა, – აცხადებს ჯემალ გამახარია, „რომ XXI საუკუნეში, ჩვენი სამშობლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ადგილი აქვს ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უხეშ დარღვევას, ისინი მოკლებული არიან ცივილურ, დემოკრატიულ პირობებში ხალისიანი ბავშვური განწყობით ცხოვრების, ჰუმანურ გარემოში აღზრდის საშუალებას; ქართველი ბავშვები მშობლებთან ერთად, მუდამ შიშისა და სტრესის ქვეშ იმყოფებიან, და მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერისა, ჯერაც ვერ ვახერხებთ იქ მათი უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის აღსრულებას.
აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო კანონებით, ადგილობრივ ქართულ ოჯახში დაბადებული ქართველი გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია, ვინაიდან მამა–პაპათა მშობლიური მიწის მემკვიდრეები, მშობლებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად არიან გამოცხადებული! ასე რომ, დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება მათი კანონიერი უფლების შელახვა. ქართველ მოზარდებს მშობლიურ ქართულ ენაზე არა მხოლოდ სწავლების, არამედ ლაპარაკის ნებაც წართმეული აქვთ. ხშირად ადგილი აქვს მათი იდენტობის შეცვლის მცდელობას; ანუ ხდება ყველა იმ უფლების სისტემური დარღვევა, რის აღსაკვეთადაც მრავალი ათეული წლის წინ დაწესდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!„ – აღნიშნავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
ჯემალ გამახარია გამოთქვამს იმედს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობის, ყველა ჰუმანური ორგანიზაციის მხარდაჭერით და ქართველთა და აფხაზთა შორის შერიგების, ნდობის აღდგენის თითქმის გაღვივებული იმპულსების შედეგად, დადგება დღე, როდესაც აფხაზი და ქართველი გოგო–ბიჭები, ჩრდილოელი მბრძანებლის უღლისაგან გათავისუფლებულები და გაერთიანებულები, მომავალ, უახლოეს „პირველ ივნისებს“ მშობლიურ ზღვისპირეთში, ჭეშმარიტად დემოკრატიულ გარემოში, იზეიმებენ.