ხელისუფლების მხარდაჭერით დევნილებს კორონავირუსთან ბრძოლა უნდა გაუადვილდეთ აცხადებს ჯემალ გამახარია


რამდენიმე დღეა, „საბურთალოს კლასტერის“ სახელით, დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი. ვირუსის გავრცელება მედდას დაუკავშირდა, რომელიც ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ყოფილი ბაგა–ბაღის შენობაში (ჟღენტის ქუჩის N-2ა) დევნილთა კომპაქტურ განსახლებაში ცხოვრობს. კოვიდ–19 აღმოაჩნდათ მისი ოჯახის რამდენიმე წევრს და ახლობელს, რომელთაგან ხუთი პირი „ქართული ფილმის“ ყოფილ სასტუმროში (ნუცუბიძის N-181) სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ცხოვრობს.

ორივე კომპაქტური განსახლებიდან კარანტინში გადაიყვანეს ის ოჯახები, რომლებსაც დაინფიცირებულებთან შესაძლებელია კონტაქტი ჰქონოდათ;

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ყოფილი ბაგა–ბაღის მცხოვრებთა შორის კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პირი გადაყვანილია კარანტინში დიღომში მდებარე სასტუმრო „ფორტუნაში“, ადგილზე იზოლაციაში იმყოფება 70 ადამიანი. „ქართული ფილმის“ ყოფილ სასტუმროში მცხოვრებთაგან იზოლაციაში არის 50 პირი, კარანტინში გადაყვანილია 24, ისინი თელავის მაღალი კლასის სასტუმრო „სავანეთში“ კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ. კარანტინში სასტუმროში მყოფი პირები  სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილი.

რაც შეეხებათ, დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში იზოლაციაში მყოფ ოჯახებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, ის და უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი, იზრუნებს იმისათვის, რომ  შეუმსუბუქონ მათ უხილავ ვირუსთან ბრძოლის სირთულე.

ამ მიზნით და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ყოფილი ბაგა–ბაღის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 21–იზოლაციაში მყოფ ოჯახს ამანათები გადაეცათ. სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები ბატონებმა ჯემალ გამახარიამ და ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრებმა მიიტანეს.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი მომავალშიც გაგრძელდება. მისი განცხადებით, ხვალ სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთების პაკეტებს იზოლაციაში მყოფ  „ქართული ფილმის“ ყოფილ სასტუმროში კომპაქტურად განსახლებულ დევნილთა ოჯახებსაც მიაწვდიან.

აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრების საშუალებით.















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions