აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება

წლების განმავლობაში ისედაც გაუსაძლის პირობებში მცხოვრები გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსულმა პანდემიამ. ოკუპანტების მიერ გარესამყაროსაგან მოწყვეტილ ადამიანებს ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელი არ მიუწვდებათ ძირითად საარსებო წყაროზე - შემწეობაზე და პენსიაზე. ამის გამო მათი დიდი ნაწილი შიმშილობს, მთელი რაიონი წამლების მწვავე დეფიციტს განიცდის. საქმე გვაქვს ნამდვილ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან.

 

ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ უამრავმა შიმშილით სიკვდილს გამოქცეულმა ადამიანმა, ასევე აბიტურიენტთა და სტუდენტთა ნაწილმა სხვადასხვა შემოვლითი გზებით, მათ შორის მდინარე ენგურის გადმოლახვით ძლივს მოაღწიეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სახიფათო მცდელობები მომავალშიც იქნება. ცალკეულმა საინფორმაციო საშუალებებმა დღეს უკვე გაავრცელეს სავარაუდო ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე ფარულად გადმოსვლისას სამი თუ ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ. მას ასევე კატეგორიულად უარყოფს გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თუმცა ეს არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თუ ვითარება არ გამოსწორდა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები უეჭველად გააგრძელებენ მდინარე ენგურის გავლით ზუგდიდში გადმოსვლის მცდელობებს, რაც ნამდვილად დიდი საფრთხის შემცველია და გამორიცხული არ არის უბედური შემთხვევითაც დასრულდეს.

მოსალოდნელი ტრაგედიის პრევენციისა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი გალელების მხარდაჭერის მიზნით აუცილებელია ყველა დონეზე რადიკალური ზომების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გალის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა, თუ მოხერხდება, კუთვნილი შემწეობებისა და პენსიების, ასევე საკვები პროდუქტების მიწოდება.

აფხაზეთის ლეგიტმური ხელისუფლება, საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ღონეს იხმარს გალის რაიონში ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად  შექმნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების თუნდაც ნაწილის გადასაჭრელად.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions