error
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიამ მუშაობა დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც საშემოდგომო სესიის გახსნას სექტემბრის პირველ სამშაბათს ითვალისწინებს, სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ, დღეს სესიამ მუშაობა დაიწყო.

სესიის პირველი სხდომა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნა. მის მუშაობას დიტანციურ ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. ბატონმა ჯემალ გამახარიამ განვლილ სასესიო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარმოადგინა.

საგაზაფხულო-სასესიო პერიოდის ზოგადი ვითარებისა და ფონის   შესახებ მსჯელობისას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ის იყო განსაკუთრებით რთული და მძიმე, უაღრესად საპასუხისმგებლო, სახიფათოც. კაცობრიობას გლობალური პანდემიის სახით განსაცდელის ჟამი დაუდგა. აღნიშნულმა პერიოდმა უმკაცრესი გამოცდა მოუწყო ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკას, ქვეყნის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენც. საყოველთაო აღიარებით, საქართველო წარმატებით აბარებს მიმდინარე გამოცდას. გამოცდის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის ანუ პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება. წინ კიდევ „ცხელი“ შემოდგომა გველოდება  საპარლამენტო არჩევნების სახით“. მან ისიც აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმაღლეს საბჭოს მოუწია საგაზაფხულო სესიის გეგმების კორექტირება და ახალი პრიორიტეტების გამოკვეთა, მუშაობის ფორმების შეცვლა.

ჯემალ გამახარიამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიის პირობებში უმაღლეს საბჭოს საქმიანობა კი არ შეუზღუდავს, პირიქით, დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობის აქტიურ რეჟიმზე გადავიდა. უმაღლესი საბჭო პირველი გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე. 2020 წლის მარტიდან ამ რეჟიმში ჩატარდა 8 პლენარული და პრეზიდიუმის 12 სხდომა, განხილული იყო 34 მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე რეგულარულად იმართებოდა კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომები.

მოხსენებაში დეტალურად იყო მიმოხილული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აქტიური ჩართულობის ფაქტები. აღინიშნა, რომ დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასების ნაწილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხეს, რამაც ჯამში სოლიდური თანხა შეადგინა.

განვლილ სასესიო პერიოდში უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა აფხაზეთის მთავრობის წინადადებას  რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის გამოთავისუფლების შესახებ, რომელიც ანტივირუსული ღონისძიებების დასაფინანსებლად იქნა მიმართული. პარალელურად განხორციელდა ჰუმანიტარული აქციები პირადი სახსრებით, რომელთა მიზანია აფხაზეთიდან დევნილებისთვის, უმთავრესად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ვეტერანებისთვის, ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდება. ასეთი ჰუმანიტარული აქციები განხორციელდა თბილისში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ზესტაფონში, ჩაქვში და სხვაგან. ჯერ-ჯერობით ყურადღების გარეშე არ დარჩენილა არც ერთი ოჯახი, ვინც უმაღლეს საბჭოს მიმართა თხოვნით თუ მოთხოვნით პროდუქტებით დახმარების თაობაზე. დღეისათვის ასეთი ოჯახების რიცხვი 515-ს შეადგენს. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული აქციები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეეხო დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა არა ერთ საინტერესო ინიციატივას, მათ შორის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელთა მიერ დააფუძნებულ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპი)  „სოციალური სოლიდარობისთვის“ დაფუძნებას.

ბატონი ჯემალ გამახარია შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ ვითარებას; ოკუპანტი ქვეყნის საშიშ გეგმებს აფხაზეთთან დაკავშირებით, პანდემიის გავრცელების გაუარესებულ მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ენგურსგაღმა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდას.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ქართველთა დისკრიმინაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საპირწონედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლეს საბჭოში ამოქმედებული დისტანციური კლასგარეშე სწავლების პროექტი. აღნიშნულ პროექტს გააჩნია ქვეპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გალის რაიონიდან ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუნდების დახმარებას ინგლისური ენის დაუფლებაში. პანდემიის პერიოდმა გვიჩვენა, რამდენად ეფექტურია დისტანციური სწავლება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციური სწავლება არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროექტიც არის, რომლის მეშვეობით ჩვენ კავშირს ვამყარებთ ენგურს გაღმა არაადამიანურ პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ვეხმარებით მათ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. ამ პროექტებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია ხელმძღვანელობს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაწვრილებით მიმოიხილა განვლილ სასესიო პერიოდში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა, აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე მუშაობა. 2020 წლის 17 ივნისის  დადგენილებით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით,  მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვის პროცედურა. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული და მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივება. უმაღლეს საბჭოში დასაქმებულმა იურისტების ჯგუფმა აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, მოამზადა და უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 25 მარტს დაამტკიცა რეგლამენტის ფაქტობრივად ახალი რედაქცია. შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონში „აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. ამასთან, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა მომავალი აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის შემუშავების იდეა და გეგმა. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ  დაწვრილებით გაეცნობით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენებაში, რომელსაც იხილავთ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე- scara.gov.ge






















































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions