11 მაისს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოში აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით შედგა საკომისიო მოსმენები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტარტეგიის ფორმატით მიმდინარე მუშაობის თემაზე. კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორცილებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურებს, მათ შორის განათლებისა და კულტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკის სამინისტროებს, ამიტომაც მსჯელობა ძირითადად წარიმართა ამ სფეროებში წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ.
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით შემუშავებული საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელება. ხაზგასმით აღინიშნა აფხაზური ენის შესწავლის კომპიუტერული პროგრამის შემუშავების უპირატესობა, რაშიც ჩართული იქნება აფხაზური მხარეც. პარალელურად არსებული სირთულეების გადასაჭრელად მიმდინარეობს მუშაობა.
აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნანა უბილავამ აღნიშნა რა მათი უწყების მიერ ჩატარებული მუშაობის პოზიტიური დინამიკა, რაც ითვალისწინებს ენგურსგაღმა მცხოვრები დევნილი პაციენტების უფასო სამედიცინო მომსახურებას, იმავდროულად ხაზი გაუსვა ამ სფეროში არსებულ შეფერხებებს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში არსებული მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო არის გარკვეული სირთულეები, რის გადასაწყვეტად მიზანშეწონილად ჩაითვალა მორიგი სხდომის მოწვევა, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება განხილული ამ სფეროში არსებული პრობლემები.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ აღნიშნა, რომ თუმცა სახელმწიფო სტარტეგიის განხორციელებაში გარკვეული წარმატებები მიღწეულია, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ამ პროგრამას აქვს დიდი მნიშვნელობა მორალური თვალსაზრისითაც - ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის აღდგენა, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება და აუცილებლად მიიღწევა.
სხდომას ესწრებოდა საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გობეჩია.