„კრემლი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს, აფხაზები რუსული ურჩხულის წინაშე მარტონი აღმოჩნდნენ“ – ჯემალ გამახარია

ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლი დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს

.“ოკუპირებულ აფხაზეთში ორივე მხარეს: რადიკალურ, ე.წ. ოპოზიციას და დე ფაქტო პრეზიდენტს - ასლან ბჟანიას, კრემლი მართავს. მიტინგები, ე.წ. პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნა დე ფაქტო ხელისუფლებისადმი გაფრთხილებაა”- აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე და არა ერთ საყურადღებო ფაქტსა და მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება. პრესკონფერენციის დასასრულს ჯემალ გამახარია დაპირისპირებულ ქართულ მხარეებსაც შეეხმიანა.

 

„აფხაზეთის თემატიკა ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ყურადღება გასაკუთრებით მიიპყრო. რაც იქ ხდება, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აქციები რომ მზადდებოდა, ეს ჯერ კიდევ ზაფხულში ჩანდა. ძალიან აქტიურ საპროტესტო გამოსვლებს შემოდგომაზე ველოდებოდით, მაგრამ კორონავირუსის გამო ამან ცოტა გადაიწია. რაც უნდა მომხდარიყო შემოდგომაზე, დღეს ხდება. ამას თავისი საბაბი აქვს. მიზეზებზე ბოლოს ვილაპარაკებ. საბაბად გამოყენებული იქნა ის ფაქტი, რომ თებერვლის ბოლოს თბილისში აფხაზი ბიზნესმენი კვირაია იყო ჩამოსული. მისი ახლო მეგობარია სოხუმელი დავით კვარაცხელია, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარიცაა. კვარაცხელია ცხოვრობს ბულგარეთში, სპორტსმენია. 3-4 წლის წინ ავტორალიში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის მოქალაქეა, საქართველოს სახელით გამოვიდა. მის მანქანაზე „სოხუმი საქართველოა“ ეწერა. კვარაცხელია და კვირაია ახლო მეგობრები ყოფილან. ორივე აფხაზეთში ომობდა, კვირაია აფხაზების მხარეს, მიუხედავად ამისა, მეგობრობა შეინარჩუნეს. თქვენ ყველას ნანახი გაქვთ ერთ-ერთ სუფრასთან გადაღებული ვიდეო, სადაც კვირაია თავისი ქართველი მეგობრის - კვარაცხელიას სადღეგრძელოს წარმოთქვამს, რომლის სახელიც სოფელ ტამიშში პარკს უნდა დაარქვას. როცა კვირაიას თბილისში ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, აფხაზეთში ვაი-უშველებელი ატყდა. მე გამახსენდა ჩვენი პოლიტიკოსების ჩასვლა ილორში. მაგრამ ახლა გაცილებით მეტი ხმაური მოჰყვა ამას, რომელიც დღემდე გრძელდება. კვირაია თბილისში მარტო არ გახლდათ. აფხაზეთში ძალიან აგრესიული მიტინგები დაწყო. ეს ადამიანები მოღალატეებად გამოაცხადეს. დე ფაქტო პარლამენტში დაიწყო მოსმენები. ყველა, ვისაც არ ეზარება, განცხადებებს აკეთებს. გუშინწინ დე ფაქტო პრეზიდენტი, ბჟანია დე ფაქტო პარლამენტში იყო მიწვეული. მას ერთ-ერთი შეკითხვა კვირაის ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს. ბჟანიამ თქვა, არცერთ კანონში არ გვიწერია, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლებაო. სტატისტიკა წარმოადგინა იმის შესახებ, თუ რამდენი ათასი აფხაზია ჩამოსული ენგურს აქეთ“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, მეორე საკითხი, რაც აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზი გახდა  „საგარეო ურთიერთობის კონცეფციაა“, სადაც „საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის“ შესახებაცაა საუბარი.

 

„მეორე საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალურია, გახლავთ ე.წ. საგარეო ურთიერთობის კონცეფცია, რომელიც ბჟანიამ გასული წლის 4 დეკემბერს დაამტკიცა. მასში საქართველოსთან ურთიერთობების საკითხისადმი სპეციალური თავია მიძღვნილი. იქ წერია, რომ აფხაზური მხარე „საქართველოსთან მრავალდონიან მოლაპარაკებებს“ უჭერს მხარს. ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, ადამიანებმა ყველა დონეზე იურთიერთონ. ეს ყოველგვარი კონცეფციის გარეშე ყოველთვის ხდებოდა. ყოველთვის იყო ასეთი შეხვედრები. აქ ახალი არაფერია. მათ ე.წ. კონცეფციაში ჩაწერეს ის, რაც რელურად ხდება. ამ ყველაფერს მოჰყვა მთელი აურზაური, რაც ახლა იქაა ატეხილი. ამის კულმინაციად ახრა ავიძბას დაპატიმრება იქცა. იცით, რომ ის ხაჯიმბას დამხობის ერთერთი აქტიური მონაწილე გახლავთ. ის სულ დონეცკსა და აფხაზეთს შორის დადის. ამჯერად, თავის თანამებროლებთან ერთად ჩამოვიდა. მას 5 შეიარაღებული პირი ახლდა. მიმდინარეობს გამოძიება. ავიძბას ბრალდება „ სახელმწიფო გადატრიალების“ მომზადებაა. გუშინ ოპოზიციური ორგანიზაციის, „არუაას“ მეცხრე ყრილობა ჩატარდა. ამ ყრილობამდე ახრა ავიძბას უნდა მოეხდინა გადატრიალება, აეღო სამთავრობო შენობები, შემდეგ ეს ყრილობა ხელისუფლებას ჩაიბარებდა.

 

ჩვენთვის ასევე საინტრესოა რეზოლუცია, რომელიც ამ  ყრილობაზე მიიღეს. იქ ყველა ოპოზიციონერი იმყოფებოდა. რეზოლუციაში ორი მთავარი მუხლია: ისინი მოითხოვენ, რომ ე.წ. საგარეო კონცეფციიდან „მრავალდონიანი მოლაპარაკებების“ შესახებ ტექსტი ამოღებული იყოს. მეორე მოთხოვნაა ბჟანიას გადაყენება“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, აფხაზები რუსული ურჩხულის, იმპერიალიზმის წინაშე აღმოჩნდნენ.

 

„ეს არის ფაქტები, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება. საზოგადოებაში ძალიან მწვავე დაპირისპირება და განხეთქილებაა. ჩვენ ფაქტებს იმიტომ გიყვებით, რომ აქედან გარკვეული დასკვნები და ანალიზი გაკეთდეს. რასთან გვაქვს საქმე, რითაა ეს ყოველივე გამოწვეული? უნდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის 12 ნოემბერს აფხაზური საზოგადოებსითვის სრულიად მოულოდნელად და ფარულად ბჟანიამ და ანქვაბმა ხელი მოაწერეს პროგრამას, რომელსაც „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროგრამა“ ჰქვია. მოკლედ ვიტყვი, რომ ესაა პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი ოკუპირებული აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია – აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევაა. ეს დოკუმენტი არცერთ აფხაზს არ უნდა, მაგრამ იმდენად დაშინებულები არიან, ხმას მაინცდამაინც არ იღებენ. მთელი ყურადღება გადატანილია კვირაიასა და  „საგარეო კონცეფციაზე“, რომელიც ცარიელი ქაღალდია. ჩემთვის დანამდვილებით არის ცნობილი, რომ არცერთ აფხაზს, მათ შორის, ამ პროგრამაზე ხელმომწერებს ეს დოკუმენტი არ მოსწონთ და არ უნდათ. ორივე მხარეს: რადიკალურ ოპოზიციასაც და ბჟანიასაც კრემლი მართავს. ეს მიტინგები, გამოსვლები, გადაყენების მოთხოვნა, მოსკოვიდან დე ფაქტო ხელისუფელებისადმი გაფრთხილებაა – თუ იმ პროგრამას არ შეასრულებთ, გადაყენების მოთხოვნა უკვე დაყენებულიაო. ესაა კრემლის მხრიდან დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლა.

 

მახსენდება იაკობ გოგებაშვილი. ის აფხაზეთით ძალიან დაინტერესებული იყო. XX საუკუნის დასაწყისში ასეთი გამონათქვამი აქვს – „აფხაზებს გაქრობა ემუქრებათ, თუ პოლიტიკანებმა გააცალკევეს, გაიმარტოვეს, მოსწყვიტეს საქართველოს“. აი, დღეს ეს დრო დადგა. აფხაზეთი მოსწყვიტეს საქართველოს. რუსეთმა ის გაიმარტოვა. ახლა დადგა ჟამი იმისა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის მიერ ანექსირებული იქნას. აფხაზი პირველად აღმოჩნდა რუსული ურჩხულის, იმპერიალიზმის წინაშე. ადრე ის საქართველოს მეშვეობით ურთიერთობდა რუსეთთან და ამან გადაარჩინა. დღეს კი უშუალოდ, პირისპირ დარჩა რუსეთთან. აფხაზების ერთი ნაწილი ცდილობს, რუსის გული მოიგოს, მეორე ნაწილი ცდილობს – საქართველოსთან რაღაც ურთიერთობა დაამყაროს. ასეთ მძიმე ვითარებაში არიან. რუსი ამას შესანიშნავად იყენებს“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, აფხაზებმა და ქართველებმა მოლაპრაკებები უნდა დაიწყონ.

 

„გადავიდეთ თბილისზე. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მე, პირადად, რასაკვირველია, ძალიან მწყინს ის ყველაფერი, რაც აფხაზეთში ხდება. დღეს აფხაზებს განსაცდელის ჟამი უდგათ. ეს არანაკლებ მძიმე პერიოდია, ვიდრე  მუჰაჯირობის პერიოდი იყო. მაშინ აფხაზებს ქართველები ექომაგებოდნენ, ეხმარებოდნენ. დღეს ისინი მარტონი არიან დარჩენილი ამ დიდი ურჩხულის, იმპერიის წინაშე. ვფიქრობ, დღეს პირველად ქართველებსა და აფხაზებს ობიექტურად გაუჩნდათ საერთო ინტერესი, ესაა აფხაზეთის გადარჩენა რუსული ანექსიისგან. დღეს ყველა წინაპირობაა იმისათვის შექმნილი, რომ მართლაც დაიწყოს ის მრავალდონიანი მოლაპარაკებები. აფხაზებმა და ქართველებმა უნდა დაიწყონ შეხვედრები, მოლაპარაკებები. მათ უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ აფხაზეთი რუსული ანექსიისგან გადარჩეს. საჭიროა არასამთავრობო საზოგადოების, ბიზნესსექტორის აქტიურობა. ისინი ძალიან მოწადინებული არიან, რომ ქართველებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეთ“, – განაცხადა გამახარიამ.

 

სამწუხაროდ, ჩვენც რთული ვითარება გვაქვს. ვერ ვიცლით მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემისათვის ისე, როგორც ეს არის საჭირო.

 

სამწუხროდ, იძულებული ვარ გავიხსენო 1991-1992 წლების შემოდგომა, შემდეგ დეკემბერ-იანვარი, როცა მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენ ჩამოვდიოდით აფხაზეთიდან და აქ ყველას ვეუბნებოდით, რომ არსებობდა აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე და ვთხოვდით დამშვიდებას. თავად პრეზიდენტი გამსახურდიაც აფრთხილებდა ოპოზიციას, რომ თუ მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და აირეოდა ქვეყანა, დავკარგავდით აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, მაგრამ ეს მაშინ არავინ შეისმინა. ჩვენი შიში, პრეზიდენტის გაფრთხილება, საუბედუროდ, ახდა, რეალობად იქცა.

 

ცალსახად ვაცხადებ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო დაკარგვა 1992-193 წლებში არის პირდაპირი შედეგი იმ დაპირისპირებისა, რაც მაშინ ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა და რასაც რუსეთი ესწრაფვოდა. ჩვენ დღეს ვდგევართ ძალიან დიდი საფრფთხის წინაშე, რომ დე ფაქტო დაკარგული აფხაზეთი შეიძლება დე იურედ დავკარგოთ და ეს იქნება შედეგი იმ შეურიგებელი დაპირისპირებისა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში.

 

მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციას: წავიდნენ კომპრომისზე, ყურადიღონ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების არა ერთი განცხადება, რომ არჩევნები მიუხედავად ხარვეზებისა, ჩატარდა კონკურენტუნარიან, თავისუფალ გარემოში და პატივისცემით მინდა  ვთხოვო - შებრძანდნენ პარლამენტში; ყველამ ერთად გამოასწორონ არსებული  ხარვეზები, დაკავდნენ საქვეყნო პრობლემებით - უპირველესად, რუსეთის ანექსიისაგან აფხაზეთის გადარჩენით, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემებით!“- განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში - 12.03.2021
https://youtu.be/GDMEyqYnCFw

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions