2021 წლის 24 მარტს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა ორივე რეგიონში შესვლის საშუალება, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავ ხელს უშლის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

 

მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის შესაბამისი ანგარიშები, რომლებშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ განხორციელებული მრავალი ფორმის დისკრიმინაცია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხართების გავლებისა და ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის სავალალო შედეგებზე, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს,  და აღნიშნა, რომ 2019 წლიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია მრავალი ადამიანის სიკვდილი.

 

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანგარიშში ასევე მართებულად არის ხაზგასმული, რომ 2014-2019 წლებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვიოს.

 

თავის გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გაგრძელება კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია, თუ როგორ მანიპულირებს ადამიანების ბედით საოკუპაციო რეჟიმი.

 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებს საკუთარი, შორს მიმავალი მიზნებისთვის, რათა საქართველოს მთავრობაზე განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

 

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და ჩეხეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 

24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

 

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს.

 

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გლობალური მოწოდების მიუხედავად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო.

 

რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვები იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარისთქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა. ყოველივე აღნიშნული, კოვიდ-19 პანდემიასთან ერთად, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტრულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.

 

რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების მკვლელობების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას.

 

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

 

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მ/წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი.

 

ამასთანავე, რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები  და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

 

დოკუმენტში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება, რომ საერთაშორისო  მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფის შესახებ მოწოდება.

 

ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.


რეზოლუცია იხილე აქ: 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions