აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების განხილვები დაიწყო


24 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სესია ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

პლენარული სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, ვრცელი ანგარიშით უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა წარსდგა, რომელმაც კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

მომხსენებელმა წარმოადგინა კომიტეტის ხედვა გაწეული საქმიანობის შესახებ, რაც მიზნად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობას, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის ხარისხის ამაღლებას, დევნილთათვის, განსაკუთრებით მათ კომპაქტურ განსახლებებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას ისახავს.

 

კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

 

როგორც მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. დიდი ყურადღება მიექცა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ახალი რედაქციის პროექტის შემუშავებას. კომიტეტისა და მისი აპარატის მონაწილეობით რეგლამენტის ახალი რედაქციის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები თანმდევი განმარტებებითა და კომენტარებით, წამყვან კომიტეტს მიეწოდა და გარკვეული ასახვა ჰპოვა ახლადმიღებულ რეგლამენტში.  კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტში გაწერილი ცვლილებების განხილვაში, რომელთა მიღებითაც გაიწერა მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის, გათავისუფლებისა და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურები და ამით მოწესრიგდა მანამდე არსებული გარემოება. ამასთან, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გაიზარდა მთავრობის პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს წინაშე, როგორც ეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშია გაწერილი. აღინიშნა, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს  საქართველოს პარლამენტიდან გადმოგზავნილი კანონპროექტების განხილვას და მათთან დაკავშირებით წინადადებების, დასკვნების შემუშავებასა და წარდგენას. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან გადმოგზავნილი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონპროექტზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, რომელიც ამ მიმართულებით აფხაზეთის სინამდვილეში მომუშავე ერთადერთ ორგანიზაცია სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორთან“ თანამშრომლობით განახორციელა. კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადებების ნაწილი აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში.

 

ბატონი რუდიკ ცატავა დეტალურად შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის კომიტეტის მიერ აფხაზეთის სხვადასხვა სამინისტროსთან კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობისა თუ ზედამხედველობის ფაქტებს, ამა თუ იმ სამინისტროს ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნებს, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონზე გამახვილდა, რომლის პროექტის ავტორი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი იყო.


მომხსენებელი შეეხო ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტებთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ გაწეულ მუშაობას, ვინაიდან საშუალოვადიანი გეგმა და პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებზე, განსაზღვრავს ძირითად პროგნოზებს, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება საშუალოვადიანი ფისკალური გეგმა და საბიუჯეტო კანონის ძირითადი პარამეტრები.

 

უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტი ყოველწლიურად რამდენიმე სპეცია

 

ლურ სხდომას უთმობს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას. მომხსენებელი შეეხო აფხაზეთის 2020 წლის ბიუჯეტის ნაკლოვან მხარეებს. 2021 წლის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტის დამტკიცების პროცედურებზეც ისაუბრა და კოლეგებს შეახსენა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტმა სხვა კომიტეტების მსგავსად  აქტიურად იმუშავა 2021 წლის ბიუჯეტის დახვეწის პროცესში.  აქვე აღინიშნა, რომ კომიტეტის წევრები მიესალმებიან აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფვას ოპტიმიზაციითა და რეორგანიზაციით, მოქნილი სტრუქტურების მეშვეობით საუკეთესო შედეგი დადოს, მაგრამ ვერ დაეთანხმებიან დასაქმებულთა  დაუსაბუთებელ, გაუმართლებელ განთავისუფლებას, ასევე დასაქმებულების შემცირების ხარჯზე მიღებული ეკონომიის გამოყენებას შრომის ანაზღაურების მოსამატებლად; ბატონმა ცატავამ გამოთქვა იმედი, რომ პანდემიის პირობებში ადამიანები უმუშევრად არ დარჩებიან და მთავრობის მხარდაჭერილ პროექტებში დასაქმდებიან.



რუდიკ ცატავას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე სწავლების ხელშეწყობაცაა. ამ მხრივ მან განსაკუთებულად შეაფასა უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორის ნანა კვარცხელიას მიერ გაწეული საქმიანობა. ამასთან, კონკრეტულ აქტივობებზე ისაუბრა, რისი გაკეთებაც ამ მიმართულებით  კომიტეტში აქვთ განზრახული,  უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პროირიტეტად მიჩნეულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, რისთვისაც შემუშავებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ამბოლატორიული დახმარების პროგრამა. რუდიკ ცატავამ დაწვრილებით მიმოიხილა ამ სფეროში არსებული ვითარება. განაცხადა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, მითუმეტეს კოვიდპანდემიის პირობებში. არც მედპერსონალის ხელფასებია დამაკმაყოფილებელი, როგორც ენგურსგამოღმა მომუშავე მედიკოსებისათვის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავეთათვის.


როგორც აღინიშნა სისტემატურად ტარდება კომიტეტის სხდომები, რომელსაც ესწრებიან აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები. ამასთან, პირადად რუდიკ ცატავა მინისტრთან ერთად უკავშირდება ონლაინ რეჟიმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ამბულატორიების მედპერსონალს, რათა ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებზე. როგორც მან აღნიშნა, ჩვენი თანამემულეების სოციალური მდგომარეობა რთულია. მათ უმრავლესობას, რომლებიც საჭიროებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო მომსახურებას, ძვირად ღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს - შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ, რის გამოც არაორდინალური გზების ძიება უწევთ სიცოცხლის გადასაჩენად. რუდიკ ცატავამ სათითაოდ დაასახელა საქვეყნოდ  ცნობილი ექიმები, აკადემიკოსები გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მარდალეიშვილი, ზვიად ბულისკერია, პროფესორები ვლადიმერ კუჭავა, გურამ მენთეშაშვილი, გიორგი მეტივიშვილი, თენგიზ ზუხბაია, ნოდარ ემუხვარი, ირაკლი გოგორიშვილი, ნიკოლოზ სანიშვილი, მაკა ქუთათელაძე, ანდრო ძნელაძე, კონსტანტინე ნადარეიშვილი, დალი ბერულავა, კიდევ მრავალი სხვა, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში მოღვაწეობენ და კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე, სისტემატურად უწევენ დახმარებას აფხაზეთის მკვიდრთ სიცოცხლის შენარჩუნებაში; განსაკუთრებული გულისტკივილით გამოხატა მადლიერება აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიმართ, უდროოდ რომ გამოაკლდა მედიკოსთა რიგებს და რომლის კლინიკის კარი მუდამ ღია იყო უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უანგაროდ გასაწევად; აღინიშნა, რომ ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებენ მისი მეუღლე და ქალიშვილი.

 

სიტყვით გამოსულმა დეპუტატებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ დავით გვაძაბიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ მაღალი შეფასება მისცეს  უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის საქმიანობას წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში. აღნიშნეს კომიტეტისა და მისი ხელმძღვანელის რუდიკ ცატავას მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული შრომატევადი საქმიანობა, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით. მოიწონეს ვრცელი, მაგრამ სიღრმისეული და დეტალური ანალიზით გაჯერებული მოხსენება; გამოითქვა რამდენიმე საქმიანი რეკომენდაცია და შენიშვნა, როგორც ამ კომიტეტის, ისე უმაღლესი საბჭოს სხვა კომიტეტების საქმიანობის მიმართ.

 

სხდომა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბატონ რუდიკ ცატავას მუხლჩაუხრელი შრომისათვის, დევნილებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებზე გაწეული განსაკუთრებული დახმარებისათვის.

 

დასასრულს, ჯემალ გამახარიამ კოლეგებს  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიაში წარსადგენად წინადადებების მომზადება დაავალა, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპარლამენტო კომისიის სამუშაო გეგმაში. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  მიაჩნია, რომ დროებით საპარლამენტო კომისიაზე უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა განათლების, ადამიანის უფლებების დარღვევის, „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროგრამის“ პუნქტებში ჩადებული საფრთხეები და ენგურის ხიდთან დაწესებული კარანტინის გამარტივების საკითხები.

 










ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions