აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას, მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, მიმოიხილეს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს წინაშე სადღეისოდ არსებული უმთავრესი გამოწვევები, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ამბიციური გეგმები.
საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული საქმიანი დიალოგის მონაწილე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის სწორი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც განათლებისა და კულტურის სფეროს მიმართულებით წარმატებული პერსპექტივის უზრუნველყოფას, დაგეგმილი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.