დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომები ნაწილობრივ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ და კენჭი უყარეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას; პრეზიდიუმის დღის წესრიგის მეორე საკითხზე - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“ ინფორმაცია გააკეთა ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი გასვიანმა.

 

ორივე საკითხზე მიღებულიქნა გადაწყვეტილებები და პრეზიდიუმის სხდომა პლენარული სხდომით გაგრძელდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე   დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია. თანამოხსენება გააკეთა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. თანამომხსენებელი ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით ცალსახად კრიტიკული შენიშვნებით გამოირჩეოდა. ბატონი მურმან კვარაცხელიას შენიშვნები გაიზიარა, ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  კონკრეტული კრიტიკული ხედვა, კერძოდ, დაგეგმვასა და შესრულებას შორის არსებული შეუსაბამობის გამო, დააფიქსირა  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

 

ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა -  ნუგზარ მგალობლიშვილმა, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, რომელთა გამოსვლებში დომინირებდა კრიტიკული შენიშვნები. დეპუტატებს შორის ლოიალური იყო დავით გვაძაბია, რომლის განცხადებით, ბიუჯეტში რაიმე სახის დანაშაულებრივ გადაცდომასა თუ დარღვევას ადგილი  არ ჰქონია.

 

პლენარული სხდომის დასასრულს, თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ კოლეგებს მოუწოდა - კენჭი ეყარათ წარმოდგენილი მოხსენებისათვის; ხმათა უმრავლესობით,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დამტკიცებულია.













ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions