აფხაზეთში საარჩევნო მარათონი დაიწყო

 

 

 

სერგეი ბაღაფშის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ სოხუმის მარიონეტული რეჟიმი ახალი არჩევნებისთვის ემზადება. დე ფაქტო პრეზიდენტის სავარძელი მორიგმა მარიონეტმა უნდა დაიკავოს, თუმცა რამდენად იქნება აფხაზეთის შემდგომი ბედი ახლად არჩეულ პრეზიდენტზე დამოკიდებული – ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია.

არჩევნები სავარაუდოდ რუსეთის მიერ კონტროლირებადი და იმავდროულად დემოკრატიულად შეფუთული, ანუ  ”სამართლიანი“ იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუ ვის აირჩევენ კრემლზე დამოკიდებული „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ პრეზიდენტად? ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ.

– მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები რუსეთიდან იქნება მართვადი, მაინც აქვს ამას მნიშვნელობა. ვინ იცის, იქნებ „არჩეულმა“ პრეზიდენტმა შეძლოს ისეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მის ეთნოსს სასიკეთოდ წაადგება.

– როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტი შანსი რომელ კანდიდატს აქვს?

– როგორც იტყვიან, საარჩევნო მარათონი დაიწყო. ვფიქრობ, ყველაზე რეალური კანდიდატები დღეს არიან სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი. ისინი პოლიტიკაში დიდი ხანია მოვიდნენ და რუსეთისთვის საკმაოდ ცნობილი პიროვნებები არიან. ალბათ რუსეთს არჩევანის გაკეთება ამ ორს შორის მოუწევს, ეს არჩევანი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი უფრო ადვილი სამართავი გახდება მოსკოვიდან. ჩემის აზრით, მათთვის უფრო მისაღები შამბას კანდიდატურაა, რადგანაც ანქვაბი უფრო პრინციპულია, ამიტომ მარიონეტული რეჟიმისთვის ხისტი ჩანს. კანდიდატად მოიაზრება რაულ ხაჯიმბაც, თუმცა, ვფიქრობ, მას პერსპექტივა არა აქვს, რადგანაც მისი ნაციონალური ორიენტაცია რუსეთის პოლიტიკურ ინტერესში არ შედის. არ გამოვრიცხავ „რუხი კვიცის“ გამოჩენასაც, მაგალითად, ვლადიმირ კოლესნიკოვს, რომელიც არის არა აფხაზი ეროვნების, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდან (გუდაუთა).

– ალბათ ყველაზე მცირე შანსი კოლესნიკოვს ექნება და თუ ეს ასეა, რამე დაფარულს ხომ არ უნდა ნიშნავდეს მისი არჩევნებში მონაწილეობა?

– კოლესნიკოვის შანსი მცირეა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აუცილებელი პირობა აფხაზური ენის ცოდნაა, რასაც ის არ ფლობს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი კოლესნიკოვის კანდიდატურით დემოკრატიას “თამაშობს“ – ამ არჩევნებში თუ არა, შემდეგში შესაძლო გამარჯვებისთვის.

– პოლიტოლოგების აზრით, ბაღაფშის მთავარი დამსახურება ის არის, რომ მან შექმნა ფონი პოლიტიკური პლურალიზმისთვის. როგორ ფიქრობთ, ახალი არჩევნების შემდეგ შენარჩუნდება ეს ფონი?

ამ ფონის შენარჩუნება, სხვათა შორის, რუსეთსაც აწყობს მსოფლიოს თვალში ”დემოკრატიის” ნიღბის ასაფარებლად, რათა ამ  ნიღაბქვეშ თანდათან გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელიც სჭირდება მის იმპერიას. მოახერხებს კი მომავალი პრეზიდენტი ამას? ძნელი სათქმელია. სიტყვამ მოიტანა და მინდა მივუსამძიმრო ს.ბაღაფშის ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს. მე ვიცნობდი მას ყმაწვილობიდან, ის იყო კარგი გამოსული ადამიანი, სპორტსმენი, გამორჩეული აფხაზი, მოკლედ, ლამაზი სოხუმელი, რომელსაც ყველა სოხუმელისთვის, განურჩევლად ეროვნებისა, დამახასიათებელი ავ–კარგიანობა არ აკლდა. მერე მის მენტალობაზე რაღაცამ იქონია გავლენა და სეპარატისტულად განეწყო.... მან უღალატა ინტერნაციონალური სულისკვეთებით გამორჩეულ სოხუმს....

„თავის ტკივილის“ სინდრომი ვის უფრო შეიძლება ჰქონდეს ამ არჩევნებში: აფხაზ პრეზიდენტს, რომელიც ე.წ. „დამოუკიდებლობის“ თითქოსდა მოპოვებას ცდილობს, თუ კრემლს, რომელსაც იმპერიული ზრახვების განსახორცილებლად ათასგვარი ხრიკების გატარება სჭირდება?

რუსეთი არის მკაფიოდ გამოკვეთილი იმპერია და ამიტომაც აქვს იმპერიული ამბიციები. აფხაზეთი დღესდღეობით, პრაქტიკულად იმპერიული რუსეთის რეგიონია, ამიტომაც მოსკოვი  ყველანაირად შეეცდება, თუკი რამე დარჩა აფხაზ ეთნოსს პატრიოტული, მან წარმართოს. აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ კანდიდატთა შორის არიან ადგილობრივი კლანების წარმომადგენლები, რომლებიც ვითომ ცდილობენ აფხაზი ხალხის ინტერესების დაცვას რუსული „პოლიტიკური ინსტრუმენტებით“, თუმცა ეს საწყისშივე განწირულია დამარცხებისთვის. სამწუხაროდ, ამის დანახვას დღემდე ვერ ახერხებს აფხაზი ხალხი. არიან აგრეთვე რუსული კლანების წარმომადგენლებიც, რომელნიც კრემლის მხარდაჭერის იმედად არიან. ეს საპრეზიდენტო ბრძოლის ერთი მხარეა. ახალ პრეზიდენტს ბრძოლა მოუწევს საკუთრების პრობლემის მოსაგვარებლად, რაც პირდაპირ კავშირშია ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან. საქმე ის გახლავთ, რომ აფხაზეთში მიწების და სხვა უძრავი ქონების შესყიდვას სჭირდება აფხაზეთის მოქალაქეობა, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ჯერ ხელმიუწვდომელია. აქამდე ეს პრობლემები წყდებოდა მესამე (ყალბი) პირის მეშვეობით. ჯერჯერობით აფხაზები თავიანთ საკუთრებას და, საერთოდ, ნაციონალურ საკითხს ძალიან სათუთად უდგებიან, ამიტომ რუსული კაპიტალის ქვეშ აფხაზეთის მნიშვნელოვანი უძრავი ქონების გადასვლის წინააღმდეგი არიან. მეორე მხრივ, არც რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი აპირებს ამის დათმობას. ასე რომ, არა მგონია, ეს პრობლემა მომავალმა პრეზიდენტმა უმტკივნეულოდ მოაგვაროს. თავის ტკივილი იქნება აგრეთვე, სასაზღვრო საკითხების მოგვარებისას, გახსოვთ, ალბათ, გაგრის რაიონის სოფ. აიბგას ადლერთან მიერთების მცდელობასთან დაკავშირებით აფხაზთა უკმაყოფილება, როცა ბაღაფშმა საკმაოდ პრინციპულად განაცხადა, რომ არცერთი გოჯი აფხაზეთის მიწა არავის არ დაეთმობა. სათავისტკივილო პრობლემები საკმაოდაა აფხაზეთის დღევანდელ რეალობაში, ასე რომ, ვერ გეტყვით, რომელ მხარეს უფრო მეტად ასტკივდება თავი - ოკუპანტებს თუ ოკუპირებულებს?

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions