გარდაიცვალა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება რომ კორონა ვირუსმა ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი შესანიშნავი წარმომადგენლის, რეჟისორ ირინა ბოკუჩავას სიცოცხლე შეიწირა.

 

ირინა ბოკუჩავამ წარმატებით დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი თბილისში და პეტერბურგში. ის იყო ძალიან აქტიური, ენერგიული და ნიჭიერი შემოქმედი. არ იყო აფხაზეთის მკვიდრი, მაგრამ მისი, როგორც ჟურნალისტისა და რეჟისორის, როგორც თავისი ქვეყნის უბადლო პატრიოტის  მამოძრავებელი  ყოველთვის იყო აფხაზეთის თემატიკა, ისევე როგორც სამაჩაბლოს პრობლემატიკა. ირინა ბოკუჩავას მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში აფხაზეთის კონფლიქტზე, სახელწოდებით „საუკუნის დანაშაული“, მთელი სიმძაფრით არის მხილებული რუს სამხედროთა მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში. „საუკუნის დანაშაული“ წარდგენილი იყო საფრანგეთში ბიარიცის კინოფესტივალზე. ირინა ბოკუჩავას გადაღებული აქვს აგრეთვე მუსიკალურ-შემეცნებითი კლიპი აფხაზეთის ომის თემაზე. რომ არა ეს საბედისწერო ვირუსი, ამ თემაზე მხატვრული ფილმის გადაღებაც ჰქონდა დაგეგმილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხარდაჭერით ფილმის თიზერი ანუ ვიდეო ანოტაცია გადაიღო და კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წარადგინა კიდეც.

 

ირინა ბოკუჩავა წლების მანძილზე აფხაზეთის ტელევიზიის რეჟისორი იყო; როგორც რეპორტიორს არა ერთი მძაფრი და აქტუალური სიუჟეტი აქვს მომზადებული  დევნილთა პრობლემებზე.

ბოლო წლების მანძილზე ირინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის ტრანსლაციის ჯგუფის რეჟისორად მუშაობდა და ამ სტატუსით დაასრულა კიდეც სიცოცხლე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions