რუსეთი სოხუმის აეროპორტის გადაცემას მოითხოვს

 

 

 

სოხუმის აეროპორტი ისევ ყურადღების ცენტრშია. საბაბი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაა, რომელსაც, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, „აუცილებლად დასჭირდება დუბლიორი აეროპორტი“, რადგანაც ადლერის აეროპორტის კლიმატური პირობების გამო ხშირად უმოქმედოა.

 

„ოლიმპიადის დროს ასეთი რამ დაუშვებელია“ – წუხს ს.შამბა და ამიტომაც სოხუმის „ბაბუშერის“ აეროპორტს რუსეთს სთავაზობს.

 

რუსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით  შემოთავაზებულ აეროპორტს რუსული ჰოლდინგი „ნოვაპორტი“ ჩაიბარებს და რეკონსტრუქციაზეც 3,5 მილიარდ რუბლს დახარჯავს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ამ აეროპორტის კომპლექსის თანამფლობელიც გახდეს. ეს ამბავი ერთ ქართულ ანდაზას წააგავს: „ბეღურა და ბეღურა ჩიტი სხვის სანაკელოზე იბრძოდნენო“.

 

საქმე ის გახლავთ, რომ იკაოს (ICAO – საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია საქართველოს ერთიან საჰაერო სივრცეს აღიარებს) წესდების მიხედვით 1993 წლიდან სოხუმის საჰაერო სივრცე დაკეტილია და  საერთაშორისო ფრენების პერსპექტივა სოხუმის აეროპორტს არ ექნება,  ვიდრე საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია შესაბამის ნებართვას არ გასცემს. სოხუმის აეროპორტის გახსნის თემა რუსეთმა გასულ წელსაც მოსინჯა შიდა - რუსული კოდის მინიჭებით, მაგრამ ქართული მხარის მოთხოვნით ამას საერთაშორისო თანხმობა არ მოჰყვა.

 

„მსგავსი აქტიურობა „აკრძალულ ზოლში“ რუსეთისთვის დამახასიათებელი ილეთია, რასაც მსოფლიოს სერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გარკვეული სანქციები უნდა მოჰყვეს“, – აცხადებს  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  ანზორ წოწონავა.

 

აეროპორტის მითვისების მცდელობა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის ერთ–ერთი  ნაბიჯია. მას ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგამს არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში. აფხაზეთი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა, სადაც ნებისმიერი ჩარევა გარედან, საქართველოს თანხმობის გარეშე, სამართლებრივი თვალსაზრისით  არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

 

– რუსეთი ასეთ კოლოსალურ თანხას ტყუილუბრალოდ ხომ არ დახარჯავს. როგორ ფიქრობთ, კრემლმა ვერ გათვალა, რომ ამ ფაქტს შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო რეაგირება?


– რუსეთი ისეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, არ გამოვრიცხავ მის განუკითხავ თვითნებობას. ამიტომ საჭიროა აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. საქართველომ უნდა მიმართოს იკაოს, რათა მან აამოქმედოს სანქციები იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც განახორცილებენ უკანონო ფრენებს აფხაზეთში.

 

– რუსეთს პარალელად მოჰყავს ტაივანი, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ მასთან ინტენსიური საჰაერო კავშირი მაინც არსებობს.


– იქ სულ სხვა პოლიტიკური ვითარებაა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება  ჩვენგან. ამიტომ ტაივანის პრეცედენტის ჩვენზე მორგება სრულ უგუნურებად მიმაჩნია.

 

–ოლიმპიადის საბაბით დროებით სარგებლობაში გადასული სოხუმის აეროპორტი 2014 წლის შემდეგ ან ცოტა მოგვიანებით შეიძლება რუსეთის საკუთრება გახდეს?


არ გამოვრიცხავ! სოხუმის აფხაზური ხელისუფლების უნიათობის თუ უმწეობის გამო შეიძლება ასეც მოხდეს! რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სოხუმის აეროპორტს, რადგანაც ადლერის აეროპორტი საჰაერო ნავიგაციის თვალსაზრისით მეტად მოუხერხებელი იყო და ასეთად რჩება დღესაც. მე, როგორც აეროპორტის ყოფილმა თანამშრომელმა, ვიცი ეს ხარვეზი. ადრეულ წლებში ეს აეროპორტი  პატარა თვითმფინავებს ემსახურებოდა, მაგრამ როდესაც რეაქტიულმა და ტურბორეაქტიულმა თვითმფრინავებმა დაიწყო ფრენა, დიდი სიჩქარისა და გაბარიტების გამო საჭირო გახდა მეტი გასაქანი. აეროპორტს მთა აკრავს, რომელიც ხელს უშლის თვითმფრინავის მობრუნებას ასაფრენ ზოლზე დასაშვებად და თუკი ამას ცუდი ამინდიც ემატებოდა,  ხდებოდა კატასტროფები. ამის გამო, წვიმიან, ნისლიან და ქარიან ამინდში, ადლერის ნაცვლად სოხუმის აეროპორტი ღებულობდა თვითმფრინავებს. ანუ ჩვენი აეროპორტი სარეზერვო იყო, დღეს კი ის უმოქმედოა. ასე რომ, რუსეთი ყველანაირად შეეცდება უკვე „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის საუკეთესო ობიექტების „ათვისებას“.

 

ზამთრის უამინდობას თუ გავითვალისწინებთ, ადლერის აეროპორტი ფაქტიურად ოლიმპიადისთვის ნაკლებად გამოსაყენებელია. თუ ასეა, რუსეთს იმდენად სჭირდება სოხუმის აეროპორტი, რომ შეიძლება იგნორირებაც გაუკეთოს იკაოს სანქციებს?


შეიძლება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საქართველომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად. მხოლოდ საქართველოს თანხმობის შემთხვევაში შეიძლება სოხუმის აეროპორტი გაიხსნას.

 

საქართველოს თანხმობა თუა შესაძლებელი?


– ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... პოლიტიკური, სტრატეგიული და დიპლომატიური მიზნების მისაღწევად თანხმობის მიცემაც შეიძლება.

როგორც აღნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი კონსტანტინე კუჭუხიძე, რომელიც აფხაზეთის ომის წინა პერიოდში ქ. გაგრის მერი იყო, ”სოხუმის ეროპორტის ვითომდა დროებით რუსეთისთვის გადაცემა კრემლის იმ იმპერიული გეგმის ნაწილია, რომელიც აფხაზეთის კრასნოდარის მხარისთვის მიერთებას ითვალისწინებს (შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ე.წ. ”აფხაზური გამოსვლების” ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ რომ აფხაზეთის კრასნოდარის მხარისთვის მიერთება იყო). ამ გეგმის კიდევ ერთი ნაწილია მდ.ფსოუს გამოღმა სოფელ აიბგას თემა, რომელიც აფხაზეთის, ანუ სრულიად საქართველოს ტერიტორიაა, და რომლის გადაცემასაც რუსეთი ითხოვს სოხუმისაგან, თითქოსდა სოჭის ოლიმპიადის საჭიროების მოტივაციით”.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions