დღეს, 2 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იყო მიწვეული. ჟურნალისტების შეკითხვები ძირითადად ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას - აფხაზეთის ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” პუნქტის ამოღებას, სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს შეეხებოდა.
“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” პუნქტის ამოღებით კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დადასტურდა, რომ აფხაზეთი მართლა ოკუპირებულია, მართლა უუფლებოა და სრულად დამოკიდებულია რუსეთზე”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯემალ გამახარიამ.
გამახარია ამ შეფასებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” პუნქტი ამოღებულია.
გამახარიას თქმით, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ ხელმოწერის გამო აფხაზურ საზოგადებაში დიდი უკმაყოფილება გაჩნდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ამ უკმაყოფილების გადაფარვა სურდა და, ამიტომ, ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტში “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” ჩანაწერი გააკეთა.
როგორც გამახარია აცხადებს, ჩანაწერი ემსახურებოდა მიზანს, რომ აფხაზური საზოგადოების რისხვა და უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულიყო.
„როგორც ცნობილია, გასული წლის 4 დეკემბერს ბჟანიამ აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის“ კონცეფციას მოაწერა ხელი, რომლის ერთი პუნქტი საქართველოსთან ურთიერთობას ეხებოდა. ჩანაწერი იყო „საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკების“ შესახებ, რომ მათ აქვთ სურვილი, საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებები აწარმოონ, სადაც განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც, ფორმატიდან გამომდინარე, ჟენევაში არ განიხილება.
ჩვენ აქ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. მე ყოველთვის პესიმისტურად ვიყავი განწყობილი ამ დოკუმენტისა და ჩანაწერის მიმართ. ამ ჩანაწერის გაკეთებამდეც აფხაზებთან არაოფიციალურად სხვადასხვა დონის შეხვედრები, მოლაპარაკებები ყოველთვის მიმდინარეობდა, დღესაც მიმდინარეობს და ხვალაც იქნება. ცხოვრება ორივე მხარეს აიძულებს, სხვადასხვა დონეზე კონტაქტები ჰქონდეთ. ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების სფეროებში ასეთი ურთიერთობები არსებობს.
დღესაც ყურადღებას გავამახვილებდი იმ 45 – პუნქტიან პროგრამაზე, რომელსაც მოსკოვმა და სოხუმმა გასული წლის 12 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ისეთი კანონებისა და დადგენილებების მიღებას ითვალისწინებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის სამართლებრივი სივრცეში უნდა მოექცეს. ესაა აფხაზეთის პრობლემა და არა ის ჩანაწერი, რომელიც გინდ ჩაგიწერია და გინდ არა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ, როცა ჩაწერეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს, როცა ამოიღეს. ეს ჩანაწერი ემსახურებოდა მიზანს, რომ იმ 45 – პუნქტიანი დოკუმენტის ხელმოწერით გამოწვეული ხალხის უკმაყოფილება გადაეფარათ და აფხაზური საზოგადოების რისხვა, უკმაყოფილება, აგრესია მიმართულიყო არა რუსეთის, არამედ – საქართველოს წინააღმდეგ, რომელთანაც ვითომ მრავალდონიანი მოლაპარაკებები უნდა გაიმართულიყო. ე.წ. დეპუტატებმა ბჟანიას მისწერეს, რომ დოკუმენტიდან აღნიშნული პუნქტი ამოეღო. ბჟანიამ 25 მაისს ამ პუნქტის ამოღების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
ხაზგასმით გავიმეორებ, როცა ე.წ. დოკუმენტში „საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკების“ შესახებ ჩანაწერი გაჩნდა, საქართველოს მაშინ არც არაფერი შეუძენია. საქართველოს მთავრობა ამაზე მაინცდამაინც არ რეაგირებდა. მე მხარს ვუჭერდი იმას, რომ არ რეაგირებდნენ, რადგან არავინ იცოდა, ეს რას ნიშნავდა.
ამ პუნქტის ამოღებით კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დადასტურდა, რომ აფხაზეთი მართლა ოკუპირებულია, მართლა უუფლებო და სრულად დამოკიდებულია რუსეთზე“, ჯემალ გამახარიას თქმით, აფხაზეთში იმაზეც საუბრობენ, რომ ე.წ. დოკუმენტიდან აღნიშნული პუნქტის ამოღება რუსეთის მოთხოვნა იყო.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასეც იყოს. რადგან ზუსტად იმ დღეს, 25 მაისს, როცა ბჟანიამ ხელი მოაწერა ე.წ. დოკუმენტში „საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკების“ შესახებ პუნქტის ამოღებას, აფხაზეთში „როსავიაციის“ ხელმძღვანელი ჩავიდა და სოხუმში აეროპორტის აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. თავისუფლად შეიძლება, ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ვიფიქროთ - ალბათ, პირობად იყო წაყენებული, როცა ამას ამოიღებთ, ჩამოვა სტუმარი და აეროპორტის საკითხებზე მუშაობას დაიწყებსო“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე..
მისი განცხადებით, „ასლან ბჟანია თავისი დე ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში სოხუმის აეროპორტის აღდგენას ისახავს მიზნად, ეს მისი მთავარი ოცნებაა“.
ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა ამ დროიდანვე უნდა განხორციელდეს.
აეროპორტის აღდგენის საკითხი სერიოზული პრობლემაა. ვიცი, რომ ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით მუშაობს. ცხადია, საერთაშორისო სამართალი იქ რაიმე ფრენების განხორციელებას კატეგორიულად კრძალავს. ამასთან, ფაქტია ისიც, რომ აღდგეს სოხუმის აეროპორტი, იგი სოხუმში კი იქნება, მაგრამ თავიდან ბოლომდე რუსების ხელში გადავა, აფხაზებს დამლაგებლებად და მეათეხარისხოვან თანამდებობებზე თუ ამუშავებენ. როგორც რუსეთის შიდა აეროპორტში, ისე განახორციელებენ იქ ფრენებს. ასეთი საფრთხე არსებობს. ამასთან დაკავშირებით აქედანვე, სანამ იქ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულა, მეტი მუშაობაა საჭირო. რუსეთი აქედანვე უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ სანქციების ქვეშ მოექცევა. იმ კომპანიებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს და შემდეგ ფრენებს განახორციელებენ, აეკრძლებათ, საერთაშორისო ფრენები და ა.შ. უმრავი ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ რუსეთზე აქედანვე მოხდეს ზეწოლა. პროექტის განხორციელება 2024 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. აფხაზებისთვის ეს საუკუნის მშენებლობა და მოვლენაა. ასლან ბჟანია თავისი დე ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში სწორედ ამ აეროპორტის აღდგენას ისახავს მიზნად, რაც მანამდე ვერავინ მოახერხა. ბჟანიას უნდა ეს როგორმე გააკეთოს, თუნდაც იმის ფასად, რომ აეროპორტს რუსეთს გადასცემს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გამახარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტი მუშაობას 2024 წლის იანვარში განაახლებს.
ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტის“ განუცხადა.
”აეროპორტი – ნომერ პირველი ამოცანაა. ვთხოვე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინს, მან ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულება მისცა. იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს, და ის არ არის იაფი, მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიარდ რუსულ რუბლამდეა, უნდა არსებობდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმი. ახლა ამ საკითხით ვართ დაკავებული. ჩვენთვის განვსაზღვრეთ, რომ აეროპორტის გაშვების თარიღი 2024 წლის იანვარი იყოს”, – თქვა ბჟანიამ.
მისი თქმით, ტერმინალისთვის ახალი აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენება იგეგმება. ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთისთვის ევროპული ცაც გაიხსნება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 02.06.2021წ.
https://youtu.be/LgDmv1MzkJk