საქართველოს პარლამენტში ოკუპირებული გალის რაიონში ქართულენოვანი განათლების მიღების პრობლემასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

განიხილებოდა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ქართულენოვანი სწავლების მდგომაროება.

ჯემალ გამახარიამ ვრცლად ისაუბრა ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დაცვის, მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელშეწყობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ოკუპანტის მიერ მიზანმიმართული გარუსების პოლიტიკისადმი გონივრული ღონისძიებებით დაპირისპირების საკითხებზე.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. ამასთან, მან ისაუბრა გარკვეულ გზებზე და გარკვეულ რესურსებზე, რომელიც შეიძლება ეფექტურად იქნეს ამოქმედებული, რათა ეს სერიოზული პრობლემა ნაწილობრივ მაინც დაიძლიოს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკა დგებუაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იგორ კოპალიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია და სხვა.

შეხვედრის დასასრულს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დაიგეგმა  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სხდომის ჩატარება.  
























































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions