ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს გილოცავთ


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ღვთისმშობლობის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს და სწამს, რომ წმინდა დედის მფარველობა შეეწევა ჩვენს სამშობლოს, თითოეულ ჩვენგანს, მოგვმადლებს ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად, განსამტკიცებლად, მომავალი თაობების სასიკეთოდ მართალი და ღირსეული გზის ერთგულებას შეგვაძლებინებს.

 

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღე - 21 სექტემბერი, თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. ეს დღე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, IV საუკუნეში დადგინდა.

მართლმადიდებლური გადმოცემით, ჩვენი სამშობლო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ცნობები ამის შესახებ დაცულია „ქართლის ცხოვრებაში“, სხვა ქართულ და უცხოურ წყაროებში; მათ შორისაა უდიდესი წმინდანი, ღირსი სერაფიმ საროველი, რომელიც არაერთგზის მოიხსენიებს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილად. იგი თავის ქადაგებებში აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნები თუ დაიღუპებიან, ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი, გადარჩებაო.  საგულისხმოა, რომ თვით კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, განაცხადა: “იმედია, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო გადარჩებაო”. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ  - მართლმადიდებელი თუ კათოლიკე, ქრისტიანი თუ არაქრისტიანი, ყველა აღიარებს, რომ საქართველო ღვთისმშობლის  წილხვედრი, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა.

 

წმინდანთა გადმოცემით, ქალწულმა მარიამმა რომ გადაწყვიტა, მოციქულთა მსგავსად, ქრისტიანობა ექადაგა, მას წილად ხვდა ივერია. დედა ღვთისა მოემზადა მცხეთაში გამოსამგზავრებლად, მაგრამ უფალი გამოეცხადა და იერუსალიმში დარჩენა ურჩია. იქვე აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი საქართველო ეზიარებოდა ნათელს:  “ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის(„ქართლის ცხოვრება“). ეს ფრაზა გვეუბნება, რომ ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთი არასოდეს დაივიწყებს  ქართველ ერს “უფროის ყოველთა ნათესავთა” ანუ ყველა ერზე მეტადაც კი  შეეწევა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions