2011 წლის 15 ივნისს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზაბით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა ერთობლივი კონფერენცია თემაზე - „მომავლის ხედვა: იგპ-თა მიმართ სამოქმედო გეგმის გაგრძელება 2012-2014 წლებში“. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ევროკავშირის, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეხვედრის მიზანი იყო სამოქმედო გეგმის მიხედვით 2009-11 წლებში ჩატარებული მუშაობიდან გამომდინარე გამოცდილებების გაზიარება, 2012-2014 წლებში ამ გეგმის გაფართოება და მასში ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური სამსახურებისა და თავად დევნილების ჩართვა.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლის შედეგებზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატი ანზორ წოწონავა გაგვესაუბრა.
- ბატონო ანზორ, ძირითადად რა საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული კონფერენციაზე?
– მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წელს მიიღო, რომლის მთავარი მიზანია: დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესისთვის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება, რომელიც სტრატეგიის განხორციელებისთვის მთავრობამ სამოქმედო გეგმად შეიმუშავა. ამ გეგმის შესრულების მიღწევებზე ანგარიშით გამოვიდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი, რომელსაც მე არ დავეთანხმე მონიტორინგის საკითხში. ჩემის აზრით, სამოქმედო გეგმის განხორციელების აუცილებელი პირობაა სრული და ობიექტური მონიტორინგი კონკრეტული მონაცემებით, რაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვის გარეშე შეუძლებელია. მიზანშეუწონლად მიმაჩნია ზოგადი და ტრაფარეტული მონაცემებით ამ რთული პროცესის შეფასება, რაც არსებულ პრობლემებს ვერანაირად ვერ გადაწყვეტს. პირიქით, კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანს. დევნილთა დიფერენცირება მხოლოდ კატეგორიების მიხედვით საკმარისი არ არის, მე შევთავაზე მათი პერსონიფიცირების საკითხი, ანუ იმის დადგენა, კონკრეტულად რომელმა დევნილმა სად, როდის და რა სახის დახმარება მიიღო. თუ გვარების მიხედვით არ მოხდა სტატისტიკის პერსონიფიცირება, ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩნენ კერძო სექტორში მცხოვრები, ასევე ქირით მცხოვრები თუ ნათესავებს შეკედლებული დევნილები.
– როგორ შეხვდნენ თქვენს წინადადებას?
– საერთაშორისო და დონორი ქვეყნების ორგანიზაციების წარმომადგენლები საკმაოდ გაგებით შევხდნენ. თუმცა იმავე კოპალეიშვილმა თქვა, რომ ეს პროცედურულად შეიძლება დიდ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. თუკი წინასწარ განსაზღვრული ვადები ამ რთული საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის, დასაშვებად მიმაჩნია 2012 წლის ნაცვლად პროექტი 2014 წლამდე გაგრძელდეს, მთავარია დადებითად გადაწყდეს თითოეული დევნილის პრობლემა.
- დედაქალაქიდან რეგიონებში დევნილთა განსახლების პროცესი გასულ წელს მეტად მტკივნეულად მიმდინარეობდა.
- ლტოლვილთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, იმ მოვლენების დროს ისეთ პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, თითქოსდა დევნილებს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ, რამაც გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი.ვითარების არასწორად ინტერპრეტირების გამო მე კატეგორიულად შევეწინააღმდეგე და კონფერენციის მონაწილეებს განვუმარტე, რომ ეს საკითხი სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, რადგანაც ძალიან ბევრი ოჯახია, რომელიც რეგისტრირებულია ერთ მისამართზე, ვთქვათ, რეგიონში და ფაქტობრივად დაფუძნებულია სხვაგან, მაგალითად, თბილისში. დედაქალაქის განტვირთვის მოტივით მათი თბილისიდან იძულებით განსახლება დიდ შეცდომად მიმაჩნია, ეს მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. ამ პრობლემების მოგვარებაც მხოლოდ პერსონიფიცირების გზით შეიძლება. იმედია, კომპეტენტური უწყებები შენიშვნას გაითვალისწინებენ.
– სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში რა საკითხები იქნა ხაზგასმული კონფერენციაზე?
– კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. შეიძლება მას ბევრი მოწონებაც ჰქონდეს, მაგრამ უკმაყოფილებაც საკმაოდაა დევნილებში, რადგანაც კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო პოლისების გაცემა მიმდინარეობს, დევნილთა მოთხოვნებს მთლიანად არ პასუხობს. ანალოგიური მდგომარეობაა სოციალურად დაცვის სფეროშიც, მოქალაქეები ხშირად აკრიტიკებენ ქულათა მინიჭების კრიტერიუმებს, ან საერთოდ დაზღვევის უქონლობას უჩივიან. ამავე დროს, ეს საკითხები სტატისტიკური თვალსაზრისითაც მოუწესრიგებელია, ანუ ჯანდაცვის მონაცემები არ არის შეთანხმებული დევნილთა სამინისტროსთან. ამ უწყებებს შორის დისონანსური ბარიერის აღმოფხვრა ისევ და ისევ პერსონიფიცირების გზით უნდა იქნეს მიღწეული. გარდა ამისა, პრობლემების გადაწყვეტისას ადგილი აქვს ჩინოვნიკურ მიდგომასაც. ადმინისტრაციულად ვერ ხერხდება მთელი რიგი საკითხების მოგვარება, რისთვისაც დევნილებს აგზავნიან ზემდგომ ორგანოებში, ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, მათ უკმაყოფილებას იწვევს. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მომხმარებლამდე ვერ აღწევს.
- არის თუ არა გათვალისწინებული რაიმე სახის შეღავათები დევნილებთან დაკავშირებით განათლების სფეროში?
- ცხადია, განათლების რეფორმამ გარკვეული დადებითი შედეგები გამოიღო, მაგრამ იგპ-თა მიმართ კიდევ არის ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი, რაც მე გავახმოვანე კონფერენციაზე. სულ ახლახან წამოიჭრა სირთულე ქართული ენის შესწავლის საკითხში: დევნილებმა, რომლებიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, ცხადია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დროულად ვერ შეძლეს ქართულ ენის სრულყოფილად ათვისება, რამაც იჩინა თავი მიმდინარე წელს ჩატარებული საატესტატო გამოცდების დროს. აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა მანანა ქვაჩახიამ გააჟღერა ინიციატივა განათლების სისტემაში დევნილთა მიმართ დამატებითი სოციალური პროექტის შექმნის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს ზემოთ ხსენებულ პრობლემას და მის დაძლევაში დაეხმარება დევნილებს. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული სკოლადამთავრებული დევნილებიც. ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დევნილი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდა. მიმდინარე წელს სახელმწიფო გრანტების მოხსნა ისედაც ეკონომიურად შეჭირვებულ დევნილთა ოჯახებს მძიმე ტვირთად დააწვება. ჩვენი მონაცემებით, 180 სტუდენტმა აკადემიური შვებულება გაიფორმა, რადგანაც სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დევნილ სტუდენთა სწავლება. რასაკვირველია, ამას დამატებითი თანხები სჭირდება, მაგრამ მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დონორი ქვეყნების ჩართვაც.
-აღნიშნული საკითხების მოგვარებისას აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა რა აქტივობითაა არის განსაზღვრული?
- მე ვთვლი, რომ დღესდღეობით აქტივობა დაბალია და ეს სავსებით საფუძვლიანად იწვევს ჩვენს უკმაყოფილებას, რის შესახებაც მე განვაცხადე კონფერენციაზე. დევნილთა საკითხების, მით უფრო, პრობლემების მოგვარება უფრო კომპეტენტურად შეიძლება ჩვენს სტრუქტურებთან ერთობლივი და კონსტრუქციული თანამშრომლობით. იმედია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კონფერენციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩვენს შენიშვნებსა და შეთავზებებს გაითავლისწინებს.
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება