გახდება თუ არა ეკონომიკური სიდუხჭირე იმის წინაპირპობა, რომ აფხაზეთის მოსახლეობამ დაიწყოს ფიქრი საქართველოში ინტეგრაციაზე; რას ფიქრობს აფხაზი ხალხი მიმდინარე მოვლენებზე? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ვერსია“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს, ჯემალ გამახარიას ესაუბრა:
_ბატონო ჯემალ, გეოპოლიტიკური რეალობიდან და ამ კრიზისიდან გამომდინარე, რა შესაძლებლობა ჩნდება, რომ ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი დაიძრას?
_ეს პროცესი უნდა დაიძრას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსული აგრესია და ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რუსეთი გამოიფიტება და აფხაზეთისთვის მათ არ ეცლებათ. ამ შემთხვევაში ჩნდება აფხაზების გადარჩენის ერთადერთი გზა, დაიწყონ მოლაპარაკებები საქართველოსთან. პირველ ეტაპზე, ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოფიცალურადაც არაერთხელ განგვიცხადებია. საქართველოს მთავრობამ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უნდა აღმოუჩინოს დახმარება აფხაზურ მხარეს, რომელიც ხვალ და ზეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. იქ სავსებით შესაძლებელია, შიმშილობა დაიწყოს. ადამიანები უხელფასოდ, პენსიების გარეშე დარჩებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვრონ?! ვიცი, რომ ქართულ მხარეს აქვს მზაობა, დაეხმაროს აფხაზებს, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ამ მძიმე სოციალური კრიზისიდან გამოსვლაში.
_როგორ ფიქრობთ, სოციალური სიდუხჭირე გახდება თუ არა წინაპირობა, აფხაზეთის მოსახლეობამ დაიწყოს ფიქრი საქართველოში ინტეგრაციაზე იმ პირობებში, რომ რუსეთი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უარყო და საქართველოს აქვს დიდი შანსი, გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი. აცნობირებს თუ არა აფხაზი მოსახლეობა ყველაფერ ამას?
_ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით. მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ და იმ დახმარების პირობად არ უნდა წამოვაყენოთ, რომ თუ გინდა შიმშილით არ მოკვდე, გააუქმე ე.წ დამოუკიდებლობა და გაერთიანდი საქართველოსთან. ეს დღეს და ხვალ არ იქნება, მაგრამ პროცესები მიდის აქეთ. ხელოვნურად ამ პროცესების დაჩქარება უკუჩვენებას გამოიწვევს. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირე, არამედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც ოკუპირებული ტერიტორის მოსახლეობას, აფხაზებს, ოსებს უბიძგებს, რომ ეძიონ სხვაგან გადარჩენის გზა. არა რუსეთში, არამედ სხვაგან და ერთადერთი გზა რჩება, დაუბრუნდნენ ისევ ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღს. სხვა გზა გადარჩენის მათ არ გააჩნიათ.
_ბატონო ჯემალ, აფხაზეთში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს მდგომარეობა აფხაზეთისთვის ერთგვარად შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის, რაც გულისხმობს ბიზნესის და ტურიზმის განვითარებას, რამდენად რეალურია ეს?
_გარკვეულ იმედებს ნამდვილად ამყარებენ ისინი ტურისტულ სექტორზე. ყირიმი, ფაქტობრივად, დახურულია, იქ ნორმალური ადამიანი არ წავა. რუსებს მოჭრილი აქვთ გზა ევროპისკენ და სხვა კურორტებისკენ და აქედან გამომდინარე, აფხაზები ელოდებიან, რომ იქნება ტურისტების მოზღვავება და ეს ხელს შეუწყობს ამ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეიძლება, მეტი ტურისტი შევიდეს, ვიდრე შარშან, მაგრამ ეს პრობლემას ნამდვილად ვერ მოხსნის. თანაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთში შემოდიან ტურისტები ძალიან დაბალი სოციალური ფენიდან და შესაბამისად, ცოტა ფულს ხარჯავენ. ამიტომ დიდი შემოსავლები აქედან არ იქნება, თან თუ გავითვალისწინებთ იქ არსებულ კორუფციას, იმ შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიდის კერძო პირების ჯიბეში და ბიუჯეტში მიდის ძალიან ცოტა. ასე რომ ტურიზმი ვერ იხსნის იმ პრობლემესიგან, რომელიც უკვე დამდგარია აფხაზეთში.
_დიახ, ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთში უკვე გაზრდილია ფასები ...
_დიახ, ეს რეალობად იქცა, აფხაზეთში დღეს უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე სანქცირებულ რუსეთში. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ჩათვალეთ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართაც დაწესებული სანქციებია. ყველაფერის ნაკლებობაა, განსაკუთრებით პროდუქტების. ფასები გაორმაგებულია, საწვავზე, ტრანსპორტზე - ყველგან პრობლემაა შექმნილი. ეს ყველაფერი კი აფხაზ მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. აფხაზეთი ეკონომიკურად თავიდან ბოლომდე რუსეთზეა მიბმული, ამიტომ ეს პროცესები, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს, მაშინვე აისახება აფხაზეთზე და უფრო მწვავედ და მტკივნებულად, ვიდრე რუსეთშია. რუსეთში დაწესებულმა სანქციებმა შეიძლება, ხვალ და ზეგ გამოიღოს შედეგი რუსეთში, მაგრამ აფხაზეთში უკვე აქვს შედეგი და ვხედავთ, რომ ხვალ და ზეგ უარესი იქნება. საქმე იმაშია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას, როგორც სოხუმში ასევე ცხინვალში, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირდაპირ გამოუცხადა, რუსეთი ვერ შეძლებს მათ დაფინანსებას იმ მასშტაბებით, როგორც ეს ხდებოდა. ეს მასშტაბები როგორი იყო?! აფხაზების ბიუჯეტის 55-60 %-ს ავსებდა რუსეთი, ცხინვალში კი - 85%-ს . ახლა უთხრეს პირდაპირ, რომ თქვენ ბიუჯეტს შევავსებთ 15%-ით, მეტი საშუალება არ გვაქვსო. წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხებთანაა დაკავშირებული? - ასეთი მდგომარეობაა ახლა აფხაზეთში.
_აქედან გამომდინარე, რა განწყობაა შექმნილი აფხაზეთში და განსაკუთრებით საინტერესოა, რას ფიქრობენ ახალგაზრდები?
_აფხაზური მხარე და აფხაზეთში მყოფი ახალგაზრდები ე.წ. დამოუკიდებლობის იდეას იზიარებენ. მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ აფხაზი, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მივა იმ შედეგამდე, რომ აუცილებელია ფასეულობების გადაფასება. შეიძლება ამ ე.წ დამოუკიდებლობისთვის მოითინო ერთი, ორი წელი, ეკონომიკური სიდუხჭირე გადაიტანო, მაგრამ არსებობს რაღაც გარკვეული ზღვარი და ამ ზღვრამდე ისინი ჯერ არ მისულან. დარწმუნებული ვარ, ამ ზღვრამდე ისინი აუცილებლად მივლენ და ეს მოვლენები, რომელიც უკრაინაში ვითარდება, ხელს შეუწყობს ამ პროცესების დაჩქარებას. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ ამ „დამოუკიდებლობიდან“ არც უსაფრთხოების გარანტია აქვთ, არც ეკონომიკური კეთილდღეობა, მაშინ რა ფასი აქვს ასეთ „დამოუკიდებლობას“?! იქ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ ისინი არიან უმცირესობაში, მაგრამ ხვალ და ზეგ სულ არ გამოვრიცხავ, გახდნენ უმრავლესობა. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და უფრო მეტი იმედი მაქვს ახალგაზრდებისა, ვიდრე უფროსი თაობის, რომელიც ვითომ იბრძოდა „დამოუკიდებლობისათვის“, სისხლი დაღვარა და მოითხოვს იქ პრივილეგიებს. აქვთ კიდეც გარკვეული პრივილეგიები და იმ ადამიანებისგან არ მოველი, რომ უარს იტყვიან ე.წ დამოუკიდებლობაზე იმიტომ, რომ ახალგაზრდები უფრო საღი თვალით უყურებენ და მათი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. დღეს და ხვალ არა, მაგრამ თუ სწორად წავიყვანეთ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა, მოველი ფასეულობების გადაფასებას და ერთ მშვენიერ დღეს თქვენ დაინახავთ, რომ ქართველები და აფხაზები მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას ზუსტად იმ თემაზე, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ.
https://www.versia.ge/index.php/wprld/2968-2022-03-31-12-08-28