”ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”



საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის პრინციპულად მნიშვენელოვანი საკითხია, თუმცა მედიასივრცეში დრო და დრო მაინც გაჟღერდება ხოლმე აბსურდული აზრი იმის შესახებ, რომ უნდა შევეგუოთ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.

 

ამას წინათ, ჟურნალისტმა და ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ აფხაზეთთან პრობლემის მოგვარების ახალი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ანტიეროვნული ვარიანტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც ენგურის ორივე მხარეს უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა, ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა კი არეშიძის ეს აბსურდული ქადაგება რუსეთის ჩანაფიქრის გამოაშკარავებად შეაფასა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრესაში არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, სადაც არეშიძეს მოღალატედაც მიიჩნევენ.

როგორც ჩანს, მ.არეშიძე ასეთ რეაქციას არ ელოდა. მოგვიანებით მან თავის ტელეგამოსვლაში განაცხადა, რომ არასწორად გაუგეს. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ისეთ პრობლემაზე როგორც აფხაზეთია,  ორაზროვნება კატეგორიულად გამოსარიცხია - სათქმელი უნდა ითქვას გარკვევით. ერთ–ერთი ასეთი შეპასუხება არეშიძესთან გამოთქვა ჯანდაცვის ორგანიზატორმა და  ქველმოქმედმა ზურაბ ჩიქოვანმა („საერთო გაზეთი“, N 28, 2011წ.), რომელმაც საკმაოდ არგუმენტირებულად დაუსაბუთა ოპონენტს, თუ როგორ იქცა მისი „ექსპერტული“ მოღვაწეობა სამშობლოს ღალატად:

„ვერანაირად ვერ გავიაზრებ შენს პესიმიზმს, რომლის გამო ჩვენ, თურმე, უნდა შევუერთდეთ ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს. შე დალოცვილო, ვანუატუს ეყო ჭკუა და გააპროტესტა ახალ „ვარშავის ბლოკში“ შესვლა”.

„როგორ ბედავ და ვინ მოგცა იმის უფლება, რომ უშვებ ამ დალოცვილ, ნამდვილად ღმერთისგან დალოცვილ ლტოლვილებს შენგან – არეშიძესგან  აღიარებულ უცხო, ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოში“. რა უფლებით, რა სტატუსით – „აფსუა გრუზინცებად“? მონებად? სომეხსა და რუსს თუ ჰკითხე, რომლებსაც აქვთ დღეს აფხაზთან ერთად „აბორიგენობის“ პრეტენზია. არა მგონია, რომ მათ გაიზიარონ შენი პათოსი”.

„გეკითხები შენ, ექსპერტ არეშიძეს: როგორ აძლევ თავს უფლებას ხვალინდელი საქართველო – აფხაზეთის ბედი შენი ჭკუით ჭრა და კერო. მთელი ეს პრიმიტიული ფილოსოფია მიმართულია აფხაზეთის საბოლოო ოკუპაციის ხელშესაწყობად და ქართველების „უიმედობის ზომბირებისკენ“.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგრა, ბიჭვინთა, სოხუმი, ოჩამჩირე და მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ეკლესიები და ეპარქიები ერთი ხელაღებით რომ გააჩუქე, ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენი „ნოვატორობით“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა–თბილისის მთვარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს ეყენებ უხერხულ მდგომარეობაში, ისევე როგორც ყველა მამულიშვილს”.

„ქართველის საქმე რომ არ კეთდება „შენი სქემით“ – ეს უდაოა, მაგრამ არც აფხაზისა რომ არ ჩანს. თითქოსდა „რუსეთის მიერ აფხაზეთის ჩაყლაპვის“ მუქარას ამოფარებული ტექსტით შეპარულად ისევ არაქართული საქმე ხომ არ კეთდება?”

მ. არეშიძის პოლიტიკურმა „რჩევამ“ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ აღშფოთება გამოიწვია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტაციაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა თვლის, რომ მსგავსი ინიციატივები გარდა იმისა, რომ უპირობოდ არის  მიუღებელი საქართველოსთვის, თავად ინიციატორისთვის იმდენად არის წამგებიანი, რომ მხოლოდ უკიდურეს ნეგატიურ დამოკიდებულებას თუ გამოიწვევს:

”ჩემთვის გასაკვირია, რომ ეს ადამიანი, იცის რა პოლიტიკური ანატომია აფხაზეთში, აყენებს წინადადებებს, რომლებიც არც მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით,  არც დევნილთა ინტერესების თვალსაზრისით, არც ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და არც ზნეობრივი თვალსაზრისით მისაღები არ არის.თანაც არეშიძე შემოდის ამ წინადადებით მაშინ, როცა მიუხედავად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, სეპარატისტთა მხრიდან ამ საკითხების განხილვის შესახებ  იოტისოდენა პასუხიც კი არ ყოფილა. მე 5 წლის განმავლობაში ვიყავი ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების საკოორდინაციო საბჭოს წევრი და უშუალო მოწმე ვარ იმისა, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდათ სეპარატისტებს ქართული მხარის ინიციატივებისადმი. ამიტომ თუ არეშიძე ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება მას სჭირდებოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრების ტალღაზე ყოფნისთვის, ძალიან ცდება. არც ის მინდა ვიფიქრო, რომ რომ ვინმეს დაკვეთას ასრულებს, თუმცა არც ესაა გამორიცხული. რაც შეეხება მოღალატის სტატუსს: თუ ის ფიქრობს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში  მუშაობს ამ საკითხებზე და გულწრფელად მიაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომელიც აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებას შეუწყობს ხელს, იმავდროულად  მას შეიძლება ეს თეზისები ბოლომდე სარეალოზაციოდ არც ჰქონდეს წარმოდგენილი და სჯერა, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებული იქნება შემდგმომში, - არ შეიძლება მას მოღალატეობა დავაბრალოთ. ხომ შეიძლება ადამიანი ცდებოდეს? სხვა შემთხვევაში ეს იქნება შეურაცხყოფა არა მარტო ომში დაღუპული მეომრების, არამედ ამ ომს შეწირული ყველა ადამიანის.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი განმარტავს:

„პირადად ჩემთვის გაუგებარია, რის ცნობას აპირებს მ.არეშიძე. თუ სახელმწიფოებრიობის ცნობაზეა ლაპარაკი, ჩემი აზრით, ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა. მარტივი ლოგიკის მიხედვით, როგორც კი ჩვენ გამოვაცხადებთ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაშინათვე დავკარგავთ მას, ანუ მოვიკვეთთ ისტორიულ და ძირძველ  ქართულ ტერიტორიას. თუკი ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიას ვცნობთ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ანუ მეორე სახელმწიფოს არა საქართველოს შემადგენლობაში, მსოფლიოს უკვე  არგუმენტი არ ექნება აფხაზეთის არაღიარებისთვის. ჩვენ ამით ჩვენი ქვეყნის მტრებს გავუხსნით ხელს საქართველოს დაქუცმაცებისთვის. ისე, საინტერესოა, აფხაზეთზე უარის თქმის შემდეგ როგორ აპირებს არეშიძე აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს საზღვრებში. რუსის ჯარი ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა როგორც ოკუპანტი და მის გასვლას არ სჭირდება არც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და არც სხვა „ნოვატორული სქემები“, ეს ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა მოხდეს.

22.07.11

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions