ფონდ „მოლოდინისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზატორობით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ”მუზაში“ გაიმართა უგზო–უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მიწვეული იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.
უგზო–უკვლოდ დაკარგულთა თვალსაზრისით აფხაზეთის ომმა ყველაზე დიდი მსხვერპლი მოუტანა საქართველოს, თუმცა, როგორც ღონისძიების წამყვანმა ნინელი ანდრიაძემ აღნიშნა, ეს დღე არა მარტო საომარი მოქმედებების დროს დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფასა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ეძღვნება, აგრეთვე გაუჩინარებული მოქალაქეების ხსოვნასაც.
საღამოზე წარმოდგენილი იყო ორი დოკუმენტური ფილმი (ფონდ „მოლოდინისა“ და წითელი ჯვრის არქივიდან), სადაც იმ ტრაგედიის პარალელურად, რაც დაღუპულთა ოჯახებს დაატყდა თავს, ნაჩვენები იყო ისიც, რომ ყველაზე მძიმეა ის გაურკვევლობა, როცა ახლობლებმა არ იციან სად ეძებონ დაკარგული ადამიანი – ცოცხლებში თუ გარდაცვლილებში, და სწორედ ამ მოძიებით არიან დასაქმებული ფონდ „მოლოდინში“ საერთო ტკივილით გაერთიანებული მშობლები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ასევე „მოლოდინის“ მუზეუმის არქივში დაცული უგზო–უკვლოდ დაკარგული ადამიანების, მებრძოლების ცხოვრების ამსახველი მასალები.
როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ აღნიშნა, ღვთის წინაშე არ არსებობს უგზო–კვლოდ დაკარგული ადამიანი, მით უმეტეს, თუკი მან საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსათვის გასწირა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა და დაკარგულთა ხსოვნას.