ჯემალ გამახარიას განცხადება მოსკოვის შეთანხმების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით


30 წლის წინ, 1992 წლის 3 სექტემბერს, გაფორმდა „მოსკოვის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი“ - შეთანხმება აფხაზეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელით მას ხელი მოაწერეს ბ. ელცინმა და ე. შევარდნაძემ. იმჟამად არსებული პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, დოკუმენტს დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს ასევე რუსეთის 16 (მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა) და საქართველოს 6 (მათ შორის ვ. არძინბამ, თ. ნადარეიშვილმა და სხვებმა)  წარმომადგენელმა. ჯამში, ორივე მხრიდან 24 პირის მიერ დამოწმებული შეთანხმების პირველივე მუხლი საზეიმოდ აცხადებდა: „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება“. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 5 სეტემბრიდან ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო; იქმნებოდა ცეცხლის შეწყვეტაზე კონტროლისა და ინსპექციის განმახორციელებელი კომისია საქართველოსა (მათ შორის აფხაზეთის) და რუსეთის ხელისუფალთა მიერ დანიშნული პირების შემადგენლობით; კომისიის განკარგულებაში გადაცემული შესაბამისი ქვედანაყოფები  უზრუნველყოფდნენ უკანონო შეარაღებული ფორმირებების განიარაღებას, დაშლას და აფხაზეთიდან გაძევებას, მსგავსი ფორმირებების აფხაზეთში შემოსვლის აღკვეთას; კონფლიქტის ზონაში რჩებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ის შეთანხმებული ოდენობა, რომელიც აუცილებელი იყო რკინიგზისა და სხვა ობიექტების დასაცავად. მხარეები ხელს შეუწყობდნენ 15 სექტემბრისთვის აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლების ფუნქციონირების აღდგენას.

 

მთელი რიგი მუხლებისა და პუნქტების (მათ შორის საკონტროლო კომისიის, მის განკარგულებაში მყოფი ქვედანაყოფების, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ და ა. შ.) ბუნდოვანების მიუხედავად, 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება გაფორმებული იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით და გამოხატავდა საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ინტერესებს. მისი მნიშვნელობა, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ 3 სექტემბერს დასრულდა 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი. საქართველო ვერ გაექცევა თავის წილ პასუხიმგებლობას ამ 20-დღიანი ომის დაწყებისთვის და შედეგებისათვის. ამასთანავე, 3 სექტემბრის შეთანხმების მიზანმიმართულ შეუსრულებლობაზე, 1992 წლის 1 ოქტომბერს გაგრაზე  შეტევით საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად აფხაზეთში ერთი წლის განმავლობაში განვითარებული საბრძოლო მოქმედებების ტრაგიკული შედეგებისათვის, რომლებიც დღემდე აღმოფხვრილი არ არის, პასუხისმგებლობა მთლიანად და სავსებით რუსეთის ფედერაციას, მის სამხედრო-პოლიტიკურ ხელძღვანელობას ეკისრება.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions