სტუდენტებსა და პირველკურსელებს ღია სივრცეში მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე: „ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორ-მასწავლებლებო, ადმინისტრაციის თანამშრომლებო, უნივერსიტეტის გულშემატკივრებო – სტუმრებო. ჩვენო პირველკურსელებო, თქვენ ვინც ცხოვრების თვისობრივად ახალი ეტაპი დაუკავშირეთ სსუ-ს გიდასტურებთ პატივისცემას და გულწრფელად გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას – ცოდნის დღეს“.
სტუდენტებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია: „გილოცავთ ჩვენს მშვენიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. აქ თქვენ მეცნიერ-პედაგოგთა ბრწყინვალე კოჰორტა დაგხვდებათ, რომელსაც შესანიშნავი რექტორი და პროფესიონალი დიპლომატი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უდგას სათავეში. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები ვითარდება, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომს ქალაქ სოხუმში აიღებთ“.
სსუ-ს სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ქრისტინე ზაქარაშვილმა და სსუ-ს სტუდენტმა, ასევე მსოფლიო რაგბის ელიტარული კატეგორიის მსაჯმა ნიკა ამაშუკელმა, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ლუკა კვირკვიამ.
2022 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 90-ე წლისთავს ზეიმობს, შესაბამისად, ახალი სასწავლო წელიც საიუბილეოა – 90-ე!