აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე აუცილებლად გავრცელდება.
ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„რუსეთმა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა შემოაგდო, რასაც ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია ჰქვია. დანამდვილებით ვიცი, არაოფიციალური წყაროებიდანაც , რომ ეს მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე აუცილებლად გავრცელდება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც აფხაზებისთვის, ასევე იქ მაცხოვრებელი ქართველებისთვის.
ასევე, ძალიან სანდო წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ რადგანაც ბევრ აფხაზს სულაც არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ ომში, შეეცდებიან, ამ მობილიზაციის გეგმა, რომელიც მოსკოვიდან იქნება დაშვებული, გალელების ხარჯზე შეასრულონ. გალელებს არც რუსეთის მოქალაქეობა, არც აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ მათ მოხალისეებად გამოაცხადებენ და ძალით გაიწვევენ. ეს სავსებით რეალური საფრთხეა. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ასეთი გეგმა არსებობს. გალის რაიონის ცალკეულ წარმომადგენლებთან, ქართველებთან, რომლებსაც იქ სიტყვა ეთქმით, კონტაქტები გვაქვს, მათგან იქ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ვიღებთ, მოსახლეობა ძალიან შეშფოთებულია. აქეთ გადმოსვალშიც ხელს უშლიან. რუხში ერთადერთი გადასასვლელი რომაა, იქ რეჟიმი გამკაცრებულია და ყველა მსურველს აქეთ არ უშვებენ.
გარდა ამისა, სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებით ე.წ. მთავრობამ მობილიზაციის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნა. ესეც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში მობილიზაცია მზადდება. აფხაზებს აშინებენ, რომ მობილიზაციას, ალბათ, კი ჩავატარებთ, მაგრამ, არა იმიტომ, რომ უკრაინაში წავიდეთ, აი, საქართველო გვესხმის თავსო. გააქტიურებულია ე.წ. „მეორე ფრონტის“ თემა, თითქოს საქართველო აფხაზების და ოსების წინააღდეგ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად ემზადება. დააკვირდით, რუსეთი პარალელურად უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმს ატარებს და ძალიან მალე მის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს რუსეთის საკუთრებად გამოაცხადებს . რუსებსა და აფხაზებს შორის უკვე გაფორმებულია რამდენიმე შეთანხმება სადაც წერია, რომ ერთ ქვეყნაზე თავდასხმა მეორეზე თავდასხმას ნიშნავს. რუსეთი იტყვის, უკრაინელები ჩვენს ტერიტორიას დონეცკს, ხერსონას თავს ესხმიანო და ამ საბაბით გაიწვევენ აფხაზებს. ეს ბევრმა აფხაზმა კარგად იცის. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა რამდენიმე აფხაზთან, რომლებიც საქართველოს მიმართ, შედარებით ლოიალურად არიან განწყობილები. მათი თქმით, კარგად იციან, რომ საქართველო აფხაზეთის წინააღდეგ არავითარ ომს არ აპირებს, მაგრამ ამ თემის მუსირებას შეგნებულად ახდენენ. ამით სურთ, რუსეთს უთხრან, კი, წავალთ უკრაინაში, მაგრამ ხომ ხედავთ, „მეორე ფრონტის“ საფრთხეა და რუსეთის საზღვრებია დასაცავი, ჩვენ აფხაზეთს დავიცავთო. ამით უნდათ, უკრაინაში ომში ჩართვას თავი აარიდონ. მაგრამ, მალე დავინახავთ, ვინ დარჩება მოტყუებული, რუსი, თუ აფხაზი. ვეჭვობ, რუსები არ ტყუვდებიან, კარგად იციან, რაშია საქმე.
ჯემალ გამახარია: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე მობილიზაცია აუცილებლად გავრცელდება