ჯემალ გამახარია ანკარაში თურქეთის საისტორიო საზოგადოების XIX საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს

მიმდინარე წლის 3-7 ოქტომბრის პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე იმყოფებიან ქალაქ ანკარაში თურქეთის საისტორიო საზოგადოების XIX საერთაშორისო კონგრესზე.

 

კონგრესი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 3 ოქტომბერს. მოხსენებებით გამოვიდნენ თურქეთის საისტორიო საზოგადოების პრეზიდენტი პროფესორი ბიროლ ჩეთინი, თურქეთის კულტურის ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მუჰამედ ჰეკიმოღლუ, და სხვა ოფიციალური პირები.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლის, 2016-2018 წლებში პრემიერ მინისტრის ბინალი იელდირიმის მოხსენებამ, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო სახელმწიფო პოლიტიკა ისტორიული მეცნიერების განვითარების, თურქულენოვან ხალხებთან კულტურულ-პოლიტიკური კავშირების გაღრმავების, გეოგრაფიული საზღვრების ურღვევობის, რეგიონში არსებული კონფლიქტების შედეგად მიღებული წარმონაქმნების შესაბამისი სახელმწიფოების შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ.

4 ოქტომბერს კონგრესმა მუშაობა გააგრძელა ოთხ სხვადასხვა სექციაში. თავისი მოხსენებები უკვე წარმოადგინეს ბატონებმა ზურაბ ხონელიძემ („მშვიდობის ქართული პარადიგმა - საუნივერსიტეტო დიპლომატიის პერსპექტივები“) და ჯემალ გამახარიამ („აფხაზეთის ისტორიის საკითხები - 1636-1640 წლების ქართულ-რუსულ დიპლომატიურ ურთიერთობათა მასალებში“). მოხსენებების თეზისები გამოქვეყნებულია კონგრესის სპეციალურ კრებულში. ორივე მოხსენებამ დამსწრე სამეცნიერო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ჯემალ გამახარიას მოხსენების სრული ვერსია კონგრესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე და ავტორის ფეისბუქის გვერდზე.
















































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions