„აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არა, ხვალ უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა მოუწევთ“ – ჯემალ გამახარია

 

„აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ დღეს თუ არა, ხვალ   უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა მოუწევთ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


გამახარიას თქმით,  თუ რუსეთს უკრაინაში კიდევ უფრო მეტი პრობლემა  შეექმნება,  ოკუპირებულ  აფხაზეთში ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ იქ მობილიზებული  რეზერვი უკრაინაში  იქნება გადასროლილი. როგორც გამახარიამ განაცხადა, ეს აფხაზეთისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

 

„როგორც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, ამა წლის 21 სექტემბერს რუსეთმა  ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. უკვე ერთი თვეა გასული, მაგრამ აფხაზეთში ეს თემა აქტუალურობას არ კარგავს.  რაც  მობილიზაცია გამოცხადდა, იმავე დღიდან ეს თემა აფხაზურ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მობილიზაცია აფხაზეთს აუცილებლად შეეხებოდა.   ვინაიდან აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის 90 % რუსეთის მოქალაქეა,    მობილიზაცია უნდა შეხებოდათ. მეორე მხრივ, ოფიციალური წრეებიდან,  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ,  რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება  და აფხაზები უკრაინის წინააღმდეგ ომში გაწვეულები არ იქნებიან. განცხადება ერთია, მაგრამ სულ სხვაა რეალური მდგომარეობა.  ფაქტი გახლავთ ის, რომ მეორე დღიდანვე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მობილიზაციისთვის მზადებას შეუდგა. ჩამოაყალიბეს ე.წ. სამობილიზაციო  მზადყოფნის გაუმჯობესების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფს    სათავეში ჩაუყენეს დე ფაქტო ვიცეპრემიერი, რუსი ეროვნების წარმომადგენელი პუსტოვალოვი, რომელიც აქტიურად მუშაობს.  კონკრეტულად, რა ხდება: კი ამბობენ,  უკრაინაში არ მივდივართო, მაგრამ ამ დროს რეზერვის მობილიზაცია, სარეზერვო ნაწილების ფორმირება ხდება.  მათი სწავლება  დღემდე მიმდინარეობს.  ე.წ. სამობილიზაციო  მზადყოფნის შტაბი მუშაობს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი უზრუნველყოფილი იყოს  ფინანსურად,  ტექნიკურად, რომ ყაზარმები, სურსათ-სანოვაგე, შეიარაღება ჰქონდეთ. მთელი შესაძლებლობა რაც კი  აფხაზეთის ხელისუფლებას აქვს, აქეთკენაა მიმართული. ამ დროს კი აცხადებენ,  რომ მათ უკრაინაში არ გაიწვევენ. უკრაინაში ადრეც და დღესაც მოხალისეების გარკვეული რაოდენობა  წავიდა, მაგრამ რისთვისაა საჭირო ეს ე.წ. რეზერვი, რისთვის ამზადებენ,  რა ამოცანა შეიძლება, იდგეს   მის წინაშე:  მე პირადად და არა მარტო მე, არამედ  ექსპერტთა ძალიან დიდი ჯგუფი და აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ დღეს თუ არა,  ხვალ  მათ უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა მოუწევთ. ეს დამოკიდებულია იმაზე,  თუ როგორ განვითარდება  მოვლენები უკრაინაში, თუ რუსეთს კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეექმნება, ვიდრე დღეს აქვს,   ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს რეზერვი გადასროლილი იქნება უკრაინაში, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება აფხაზეთისთვის“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში  საზოგადოების დასამშვიდებლად  ანტიქართული ისტერიაა გაჩაღებული.

 

„იმისთვის, რომ  საზოგადოება დააშოშმინონ, რომელიც მობილიზაციის ჩატარების და უკრაინაში ომში მონაწილეობის  კატეგორიული წინააღმდეგია,   აფხაზეთში ანტიქართული ისტერიაა გაჩაღებული, თითქოს,  საქართველო ომისთვის ემზადება,  ეს სწავლებები, რეზერვის მობილიზება   მიმართულია არა უკრაინისკენ, არამედ იქითკენ, რომ აფხაზეთი საქართველოსგან დავიცვათო. ასე ატყუებენ მოსახლეობას, მაშინ,  როცა საქართველოსგან არანაირი სამხედრო საფრთხე  არ არსებობს. ამის შესახებ ყველა დონეზე არაერთხელ გაცხადდა. განცხადებები გაკეთდა. ყველა ვხედავთ, რომ აფხაზეთის,   ან ცხინვალის კონფლიქტს სამხედრო გზით  მოგვარებისთვის არანაირი მზადყოფნა  არ მიმდინარეობს.  მიუხედავად ამისა, მოსახლეობას ატყუებენ, რომ   მთელი ეს მობილიზაცია,  რომელიც აფახაზეთშია, არა უკრაინისკენაა მიმართული, არამედ საქართველოსგან თავის დასაცავად.  ჯერჯერობით, ეს სიცრუე მუშაობს, ტარდება რეზერვის მობილიზაცია, სწავლებები. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს ე.წ. რეზერვი საომარ მზადყოფნაში იყოს. ბიზნესის მობილიზაცია ცალკე ხდება, რომ    რეზერვის მობილიზაციაში, ჯარის შენახვაში ფინანსურად დაეხმარონ.  ჩამოყალიბებულია   ე.წ ტერიტორიული თავდაცვის შტაბები. რა საჭიროა, რა აუცილებლობაა ამის, გაუგებარია.  სამხედრო სწავლებები სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს:  თუ როგორ უნდა დაიცვან  საქართველოსგან თავი,  და არა ის, რომ თუ რუსეთისთვის უკრაინაში ვითარება გართულდა, მათ იქ მოუწევთ წასვლა.   იქ წასვლა არცერთ ადამიანს არ უნდა, მაგრამ საქართველოსგან თავის დასაცავად ბევრია მზად,  რეზერვში  ჩაეწეროს და სწავლებებში  მონაწილეობა მიიღონ.  ვითარება ძალიან რთულია. იქ    ბრიყვი არავინაა. მოსახლეობა ძალიან  კარგად ხედავს, რომ საქართველოსგან საფრთხე არ მოდის, მობილიზაცია  მაინც  ტარდება. მეტსაც გეტყვით,  მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არა მხოლოდ იცის, რომ საქართველოსგან არავითარი საფრთხე არ მოდის,   არამედ ბევრი ადამიანი ცდილობს,  ე.წ. საზღვარი არალეგალურად გადმოლახოს და საქართველოსკენ გადმოვიდეს, რათა ე.წ. მობილიზაცია და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა თავიდან აიცილოს.  ბევრი ადამიანი რუხის ე.წ. საგუშაგოსთან უკან გააბრუნეს, აქეთ არ გამოუშვეს.   ჯერჯერობით, ერთეულებია, მაგრამ არის შემთხვევები,  როცა ადამიანები იქიდან არალეგალური გზით  მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად გადმოდიან.

 

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა,  თქვენი ყურდაღება გავამახვილო: 17 ოქტომბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა  რუსეთის ე.წ. ელჩს  აფხაზეთში.  მათ გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის  საკითხი  განიხილეს.   ეს მექნიზმი დიდი  ხანია არ ფუნქციონირებს. აფხაზებმა  მისი საქმიანობა ჩაშალეს.    დღეს აფხაზური მხარე რუსებთან ერთად   ამ საკითხს იხილავს.  რა თქმა უნდა, რუსეთის ნებართვის გარეშე  არ შეუძლიათ, ამ მექნიზმის აღდგენის შესახებ  რაიმე გადაწყვეტილება  მიიღონ.  მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შეხვედრა და ამ მექანიზმის აღდგენის მცდელობა რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს, მე, პირადად, ამას მივესალმები იმიტომ, რომ  კიდევ ერთი მექანიზმი გაჩნდება,  ქართველები და აფხაზები შეხვდნენ,  უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრონ. ორივე მხარე შეეცდება,  არსებული ვითარების შესახებ ერთმანეთს გარკვეული იფორმაცია მიაწოდოს.   ეს სიტუაციას რამდენადმე განმუხტავს. ამ შემთხვევაში აფხაზური მხარის  მიზანია  აფხაზური მოსახლეობა  შეცდომაში კიდევ ერთხელ  შეიყვანოს:  საფრთხე სწორედ საქართველოდან მოდის და ამიტომ უნდა აღვადგინოთ ეს მექნიზმი, რომ  საფრთხე თავიდან ავიცილოთო“   – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 2014 წელს  ხელშეკრულება  გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ როცა ერთ მხარეზე  თავდასხმა მოხდება, მას მეორე მხარე უნდა დაეხმაროს.

 

„რუსეთს და აფხაზეთს შორის გაფორმებებული ხელშეკრულებები  აფხაზებს  ავალდებულებს,  უკრაინის წინააღმდეგ  ომში მონაწილეობა  მიიღონ. როცა რუსეთმა  უკრაინის 4 ოლქის შეერთების შესახებ გამოაცხადა,  ყოფილი პრეზიდენტის, მედვედევის ხელმოწერით სამხედრო ალიანსს ОДКБ -ს, სადაც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი არიან გაერთიანებულები, წერილი გაეგზავნა,  უკრაინა რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს,  ანუ  ლუგანსკში,  ხერსონში, დონეცკში შეიჭრა და მოკავშირეები ვალდებულები არიან,  რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დაეხმარონო. წარმოიდგინეთ რა დონის ცინიზმია.

 

ზუსტად ამ მოტივით აფხაზებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვა მოუწევთ,  რაც მათთვის კატასტროფით დამთავრდება. სწორედ რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ როცა ერთ მხარეზე  თავდასხმა მოხდება, მას მეორე მხარე ეხმარება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა თავს ესხმის რუსეთის  ტერიტორიას,  ანუ ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკს, ლუგანსკს და  დახმარებას მოითხოვს. აფხაზების გაწვევას ძალიან მალე ვიხილავთ.  მაგრამ,  ეს მარტივად არ მოხდება.  ეს რუსეთსა და აფხაზეთის საზოგადოებას შორის  დიდ კონფლიქტში გადაიზრდება და ძალიან საინტერესო მოვლენების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ.  დღეს აფხაზეთში ხმები გაისმის:  თუ მაინც გვაიძულებენ, რომ ომში წავიდეთ, რუსეთის მოქალაქეობაზე  უარს ვიტყვითო. ამ შემთხვევაში,  აფხაზებს ერთადერთი გზა დარჩებათ –   საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. როცა ქართულ პასპორტებზე მოთხოვნა გაიზრდება   და  ეს უკვე იგრძნობა,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ   აფხაზებს  გამარტივებული  წესით   საქართველოს მოქალაქეობა აღვუდგინოთ. ამით ისინი თავიდან აიცილებენ არა მხოლოდ ომში მონაწილეობას, არამედ ჩვენ ამით ნდობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ, სამომავლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა გამახარიამ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ “ტერიტორიული თავდაცვის შტაბის სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად სამობილიზაციო მზადყოფნის” განკარგულება გასცა.  ინფორმაცია ბჟანიას პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

შეხვედრა ე.წ. თავდაცვის უწყებაში შედგა.

 

„შეხვედრისას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ მოხდეს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირება სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ინფორმაციაში  აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ბჟანიამ მოისმინა მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებზე, არმიის ლოგისტიკისა და სხვა საკითხებზე.

 

შეგახსენებთ,  ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა გამოცხადდა.

 

http://kvira.ge/786552

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგკვირასპრესკლუბში. 19.10.2022.

https://youtu.be/cJbBujH_6zY

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions