27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღეა

ამ დღეს სრულიად საქართველო, აფხაზეთის ჩათვლით, აფხაზური ენის დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, „დამოუკიდებელ“, სინამდვილეში კი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც მოსალოდნელიც იყო, აფხაზური ენა არა თუ არ ვითარდება, პირიქით, სულ უფრო და უფრო კნინდება; არც თუ ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, საერთოდაც გაქრეს. იუნესკო-მ ის უკვე შეიტანა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში. ნათქვამია, „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ (გრ. ორბელიანი) - აფხაზი ეთნოსიც დენაციონალიზაციის, საკუთარი იდენტობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, ჩვენს ქვეყანაში „სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური“. ამით ქართულმა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო აფხაზური ენის გადარჩენისა და პოპულარიზაციის უაღრესად ჰუმანური, კეთილშობულური მისია, ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში საქართველოს მთავრობა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მდინარე ენგურის ორივე მხარეს მუდმივად ახორციელებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომელთა ერთად-ერთი მიზანი აფხაზური ენის შენარჩუნება და მასზე ზრუნვაა. ამ კუთხით გარკვეული, თუმცა არც თუ ისე ქმედითი ღონისძიებები ტარდება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერაც. მიუხედავად ყოველივე ამისა, მდგომარეობა არ უმჯობესდება - აფხაზური ენა კვლავაც გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, რისი მიზეზიც აფხაზეთის ოკუპაციითა და მცოცავი ანექსიით გამოწვეული დენაციონალიზაციის პროცესის დაჩქარებაა.

 

იმისათვის, რომ 27 ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მომავალში აფხაზური ენის ხსოვნის დღედ არ გვექცეს, აუცილებელია თვით აფხაზთა აქტიური მონაწილეობით აფხაზეთის დეოკუპაცია, ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში მისი დაბრუნება. ეს არის აფხაზური ენის, აფხაზი ეთნოსის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია


27 ოქტომბერი, 2022 წელი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions