18 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა

 

18 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთმა სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

 

ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ყვავილების გვირგვინებით შეამკობენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალს გმირთა მოედანზე, საიდანაც ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოს ეწვევიან. პატივს მიაგებენ აგრეთვე სოხუმში ამ დღეს დახვრეტილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ჟიული შარტავას და სახალხო გენერლის გენო ადამიას ხსოვნას, რომელთა ნეშტები ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებზე განისვენებენ.

 

ამასთან ერთად, 14 საათზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ღონისძიებაში, რომელიც ასევე აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციას და სადღეისოდ იქ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions