გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ნუგზარ შარია

გარდაიცვალა  კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოსა და გერმანიის დამსახურებული არტისტი, სცენარისტი, რეჟისორი, გასული საუკუნის 70-წლების საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი ნუგზარ შარია.

 

ნუგზარ შარია დაიბადა 1941 წელს აფხაზეთში, გალის რაიონში. პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა და მიიპყრო ცნობილი რეჟისორის სიკო დოლიძის ყურადღება, რომელიც მის მიმართ მამობრივი მზრუნველობით გამოირჩეოდა. პირველი სერიოზული როლის შესრულება ნუგზარ შარიას, 1961 წელს, ფილმში“ ენგურის ნაპირებზე“,  განუმორებელ სოფიკო ჭიაურელთან ერთად,   მოუწია.

 

ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა მას 1964  წელს ნიკოლოზ სანიშვილის ფილმმა „ხევისბერი გოჩა“, სადაც ხევის ბერის ერთადერთი ვაჟის-ონისეს როლი განასახიერა.   ისეთ ვარსკვლავთა შორის, როგორებიც იყვნენ ლეილა აბაშიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, თენგიზ არჩვაძე, ნუგზარ შარიამ 23 წლის ასაკში გაიბრწყინა, ხოლო 26 წლისას  საქართველოს დამსახურებული მსახიობის წოდება მიენიჭა.  ერთი წლით ადრე, 1963 წელს  სიკო დოლიძემ მიიწვია ის ფილმში „პალიასტომის ტბა“. რა თქმა უნდა, სერგო ზაქრიაძეს, დუდუხანა წეროძეს, ვახტანგ ნინუას, გურამ საღარაძეს, მეგი წულაძეს, ზეინაბ ბოცვაძეს გვერდით ფილმში მონაწილეობა, თავისთავად, დიდი გამოცდილებაც იყო და გამოცდაც, რომელიც ნუგზარ შარიამ შესანიშნავად ჩააბარა.

 

თბილისსა თუ მოსკოვში ვერ დაინახა რა თავისი შესაძლებლობის რეალიზების პერსპექტივა, ნუგზარ შარიამ 1970 წელს ერთ-ერთი გასტროლის დროს დატოვა სამშობლო  და დაიწყო მოღვაწეობა უცხოეთში - საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში. ნუგზარ შარიას  ავტორიტეტი იმდნად დიდი იყო ამერიკაში, რომ ის 2020 წელს ლოს-ანჯელესში ფარული კენჭისყრით აირჩიეს პრესტიჟული „ ოსკარის“ კონკურსის თავმჯდომარედ.

 

საბჭოთა საქართველოდან წასულმა ნუგზარ შარიამ  სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ  საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ცხოვრებდა და მოღვაწეობდა უცხოეთში, ის ყოველთვის აკეთებდა ქართულ საქმეს. როგორც თვითონ ამბობდა, ის თავის დანიშნულებას მხოლოდ საქართველოს სიყვარულში და სამსახურში ხედავდა: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან 29 წლის ასაკში წავედი და 75 წლისა დავბრუნდი, მე მაინც 29 წლისა დავრჩი იმიტომ, რომ მთელი ეს პერიოდი საქართველოში ვცხოვრობდი“.

 

სამწუხაროდ, შეუსრულებელი დარჩა ოცნება სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ მხარეში ეცხოვრა.

 

ბატონი ნუგზარ შარია  ვალმოხდილი წავიდა ქვეყნისა და თავისი ხალხის წინაშე.

მადლობა მას თავისი ნიჭიერებით მოპოვებული წარმატებებისათვის და მონიჭებული სიამოვნებისთვის!

 

ვუსამძიმრებთ ბატონ ნუგზარ შარიას გარდაცვალებას მის ვაჟს ზურაბ შარიას,  ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად თეატრალურ საზოგადეობას.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions