უმაღლესი საბჭოს სესიამ ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა


სესიის დღის წესრიგი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვას მიეძღვნა.


სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


ძირითადი მოხსენება მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში კანონპროექტის დაწვრილებით განხილვისა და გამოთქმული შენიშვნებისათვის, რის მაქსიმალურ გათვალისწინებას, თევზაიას განცხადებით, სამინისტრო შეეცადა. მინისტრი შეეხო კანონ-პროექტის კონკრეტულ პუნქტებს და ყურადღება ძირითადად მთავარ პარამეტრებზე გაამახვილა.


კანონ-პროექტთან დაკავშირებით სესიაზე მოხსენება გააკეთა  უმაღლესი საბჭოს საფინანსო-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, რომელმაც კანონპროექტში არსებული ცალკეული შეუსაბამობების ხაზგასმის მიუხედავად, მას დადებითი შეფასება მისცა.


საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა. დასკვნაში ხაზგასმული იყო კანონპროექტში საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით არსებული ნაკლოვანებებიც და დადებითი ტენდენციებიც. აღინიშნა, რომ კანონპროექტში აუდიტის ცალკეული შენიშვნა გათვალისწინებულია. ამასთან, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მეტი დასაბუთება და არგუმენტირებული ანალიზი უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც საფინანსო პარამეტრებში ასიგნებების მაჩვენებლების კლების, ასევე მატების შემთხვევაშიც.


მთავარ საბიუჯეტო კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა - ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის”თავმჯდომარე რაისა ქარაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ნუგზარ მგალობლიშვილმა, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ.


რაისა ქარაიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ წარმოდგენილი მთავარი საბიუჯეტო კანონპროექტი დაბალანსებულია, მაგრამ თანხების მომატება ცალკეული უწყებების სიპებისა და აიპებისათვის დაუსაბუთებლად და გაუმართლებლად მიიჩნია მაშინ, როცა მისივე განმარტებით, ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური დაცვა, აფხაზეთიდან დევნილი ომის მონაწილეებისა და ვეტერანების დახმარება მიზერულ პროცენტებშია ასახული.


რუდიკ ცატავამ უკმაყოფილება გამოთქვა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გამო. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ უწყებას მეტი დაფინანსება უნდა ჰქონდეს, რადგან დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყება ვერ აკმაყოფილებს მკურნალობის აუცილებელ საჭიროებებს.


თამაზ ხუბუას განცხადებით, ის, ისევე როგორც დეპუტატთა უმეტესობა, მხარს დაუჭერს აღნიშნული მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს საკანონმდებლო ორგანომ  2023 წელს გაზარდოს ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი; მომავალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში თითოეულმა კომიტეტმა ოფიციალურად მოითხოვოს  ზუსტი, მუხლობრივად გაწერილი ინფორმაცია ყველა მხარჯავი სტრუქტურიდან და აკონტროლოს მისი სისწორე, რათა გამოირიცხოს ასიგნებების არამომჭირნე და გაუმართლებელი ხარჯვა.


ძალზედ კრიტიკულად შეაფასა ნუგზარ მგალობლიშვილმა განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააგენტოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც, მისი თქმით, ხშირად  დევნილი სტრუქტურისთვის შეუფერებელ ხარჯებს ეწევა.


ზურაბ ჯგუბურიამ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაზე, გადანაწილებასა და ხარჯვაზე; თითოეულ სიპსა თუ აიპში პროფესიონალი ფინანსური მენეჯერის როლზე.


ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის, თანამშრომლობის ეფექტიანობას. მისი განმარტებით, სასურველია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები  სრული შემადგენლობით ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს სამუშაო ვითარებაში, რადგან აზრთა ურთიერთგაზიარებით, გულახდილი ურთიერთკრიტიკით გამოირიცხოს შეცდომები, რაც, ვახტანგ ყოლბაიას თქმით, რეალისტურ, საქმისთვის სასიკეთო შედეგსაც მოიტანს.


სხდომის მუშაობა შეაჯამა თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ. მან ძირითადად გაიზიარა გამოთქმული მოსაზრებები, როგორც შენიშვნები, ასევე ბიუჯეტის პროექტში შეტანილი დადებითი პარამეტრები და დეპუტატებს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის კეჭისყრისკენ მოუწოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, 15 ხმით ერთის  წინააღმდეგ, დაამტკიცეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი საბიუჯეტო კანონი.


სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა.





























































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions