უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

11 იანვარს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეტის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტის შესახებ და, „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტის შესახებ.


ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებები წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებსა და ფრაქციებს საკითხის დაწვრილებით განხილვისა და გამოთქმული შენიშვნებისათვის, ამასთან ვ. ყოლბაიამ კოლეგების ყურადღება გაამახვილა „შეთანხმებების“ იმ კონკრეტულ პუნქტებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას, მსხვილი ეკონომიკური ობიექტების ხელში უკანონო ჩაგდებას და ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თავისი კონტროლის ქვეშ გადაყვანას, აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ შეცვლას და ა.შ.


მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია.


თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ კმაყოფილება გამოხატა უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული საკითხებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ამ და სხვა საკითხებში, მათ შორის უკრაინაში განვითარებული პროცესებისადმი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო იყო და არის მოწინავე სტრუქტურა, რომელიც ყოველთვის აკეთებს მნიშვნელოვან და მყისიერ შეფასებებს, რაც გამოიხატება შესაბამისი დადგენილებებითა და მედიასივრცეში აქტიურობით. თამაზ ხუბუამ ასევე ისაუბრა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ მომუშავე სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა ჩართვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.


თავის გამოსვლაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ მიმოიხილა აფხაზეთში დღეისთვის შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და ყურადღება გაამახვილა აღნიშნული საკითხების სისტემური ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების აუცილებლობაზე. ამასთან, მურმან კვარაცხელია გამოვიდა წინადადებით ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სხდომის ჩატარების თაობაზე, სადაც ის შესაბამისი მოხსენებით წარსდგება.


საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა დადებითად შეაფასა უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი დადგენილებების პროექტები და, ამასთან, ისაუბრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.


თავის მხრივ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკასა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე, სამშვიდობო ინიციატივებზე, დიპლომატიური თვალსაზრისით დიალოგის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამომავლო გეგმებზე. იგი გამოვიდა წინადადებით ბიჭვინთის იადგარი აღიარებულ იქნეს საქართველოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად.


ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას მოსაზრებით კი, მნიშვნელოვანია მოხდეს 45-პუნქტიანი პროგრამის ფართო საზოგადოებაში, მათ შორის დევნილ საზოგადოებრიობაში გატანა, მოსახლეობის ინფორმირება, ამ თვალსაზრისით დიალოგის წარმართვა.


რაისა ქარაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ეს დადგენილებები უნდა გადაიგზავნოს საქართველოს პარლამენტში და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებში.


დასკვნით სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოახდინოს რეაგირება ყველა იმ მოვლენასა თუ პროცესზე, რომელიც ვითარდება აფხაზეთში და პრობლემის მოგვარებასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საბჭოს ეს დადგენილება, ისევე, როგორც სხვა დადგენილებები, გამოქვეყნდება საკანონმდებლო „მაცნეში“, ასევე აუცილებლად იქნება გადაგზავნილი საქართველოში არსებულ უცხო ქვეყნების საელჩოებში, მოქმედ ყველა მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციაში და უცხოეთში მოქმედ საქართველოს წარმომადგენლობებში. ამასთან, ჯემალ გამახარიამ გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები ე.წ. 45-პუნქტიან პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროგრამიდან მომდინარე საფრთხე რეალურია, რადგან იგი შემუშავებულია აფხაზეთის ანექსიის პროცესის საბოლოოდ დასრულებისთვის. აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების რეალიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობა არ წყვეტს პროგრამის სხვადასხვა პუნქტის განხორციელებას. ამ თვალსაზრისით მუშაობის გაგრძელება არის აუცილებელი, რათა დაიდოს აღნიშნული პროგრამის კომპეტენტური ანალიზი და საქმიანი წინადადებები, რომლებიც შემდგომ წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებში რეაგირებისთვის.


სხდომები, რომლებსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ



























































































































































































































 



















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions