უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ; აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაგენილების პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დამდგენი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
პრეზიდიუმის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას, რომელზეც კანონპროექტები იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ წარმოადგინეს.
მიუხედავად იმისა, როგორც მოქალაქეობის შესახებ და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კომიტეტებთან და ფრაქციებთან ერთად დეტალური განხილვები განვლილ დღეებში ჩატარდა, სესიის სხდომაზე კვლავ გაგრძელდა ფართო დისკუსია და გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები ცალკეული პუნქტების მიმართ, რომელთა სრული აღმოფხვრა ამ ეტაპზეც ვერ ხერხდება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული აფხაზეთიდან ლტოვილებისათვის, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში წასული და აჟამად სამშობლოში დაბრუნებული პირებისთვის, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების უკიდურესად გართულების გამო. აქტიურობდნენ დეპუტატები თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ანზორ წოწონავა, მურმან კვარაცხელია, თემურ მჟავია, რუდიკ ცატავა, რაისა ქარაია. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ადა მარშანიამ განაცხადა, მას გადაწყვეტილი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებთან შეხვედრა ითხოვოს, რათა ყველამ კარგად გაითავისოს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონმა ხელოვნური ბარიერი არ უნდა შეუქმნას იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა სამართლიანად ეკუთვნით.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტს ამჯერად მხარი უნდა დაუჭირონ, რადგანაც ის დიდწილად ამარტივებს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას. მისივე განცხადებით, პარალელურად მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის შემდგომი სრულყოფის მიზნით, უმაღლესმა საბჭომ ახალ კანონპროექტზე მუშაობა კვლავ უნდა გააგრძელოს.
საბოლოოდ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც განსახილველად და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სესიის სხდომის დღის წესრიგის მეორე საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დამდგენი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, გაახმოვანა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დამდგენი კომისიის შემადგენლობა 17 კაცის შემადგენლობით განისაზღვრა, რომელშიც შედიან დარგის სპეციალისტები - მეცნიერები, ჰერალდიკოსები, ისტორიკოსები, იურისტები, ასევე დეპუტატები. მოსაზრების გაზიარების შემდეგ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს.
სესიის დღის წესრიგის მესამე საკითხითთან დაკავშირებით („სხვადასხვა“), უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუდიკ ცატავამ, დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე. მისი განცხადებით, გალის რაიონში არსებული რუსული სამხედრო ობიექტები, რომლებიც 3 თვის წინ თითქმის დაცარიელდა, 3 დღის წინ კვლავ შეივსო და დააბრუნეს დისლოკაციის ადგილებზე.
აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, სხდომამ, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მუშაობა დაასრულა.