უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა

10 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოების შესახებ“; „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ამსტერდამსა და კუნძულ ტექსელზე მივლინების შედეგების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

სხდომის დასაწყისში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, აფხაზეთის მკვიდრის, პუბლიცისტისა და პოეტის ვლადიმერ ალფენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლები - ელისო ხუტკუბია, ეკა შუკვანი, ენემეო სიდიანი, ასევე აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსი კახა ძაძამია, მსახიობი ვიქტორია ბერანძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი გულიკო გორდელაძე. სიგელები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა. ისაუბრა რა ბიუჯეტის გარკვეულ პარამეტრებზე, შეეხო პროგრამული დაფინანსების ზრდას, რიგი პროექტების განხორციელებას და მიღებულ შედეგებს.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ 2023 წლის 3 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

პრეზიდიუმმა მოისმინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ამსტერდამსა და კუნძულ ტექსელზე მივლინების შესახებ, რომელიც 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, უმაღლესი საბჭოს დელეგაცია დაესწრო მემორიალის გახსნისა და დაკრძალულ ჯარისკაცთა პატივმიგების ცერემონიალს. ამასთან, გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ევროპაში მოღვაწე ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დავით სოლომონიასთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პრეზიდიუმის დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკითხი.

მინისტრმა თევზაიამ ისაუბრა 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებებისა და დამატებების აუცილებლობაზე, შეეხო კანონპროექტის კონკრეტულ პუნქტებს, კერძოდ - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის რეფერალური მომსახურების თანადაფინანსების ზრდის, თანხების სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილების, ადმინისტრაციული ხარჯების მატების, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების განხოციელებისა და, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს რიგი პროექტების განხორციელების საკითხებს. ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში კანონპროექტის დაწვრილებით განხილვისა და გამოთქმული შენიშვნებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებულ ნაკლოვანებებზე, ასევე დადებით ტენდენციებზე. მისი თქმით, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი დასაბუთება, როგორც საფინანსო პარამეტრებში ასიგნებების მაჩვენებლების კლების, ასევე მატების შემთხვევაშიც.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.




































































































































 

 

 

 

 

 


































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions