აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

 

17 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ”მაგთი-ჯაზ-კლუბში” სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გამართა, რომელზეც მოწვეული იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი, გამორჩეული ბიოგრაფიისა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.

 

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლალი ეზუგბაია, იურისტი მერაბ სიჭინავა, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი თადეუშ ტროჩიკოვსკი, აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დირექტორი მანანა ბურბუთაშვილი, კომპანია ”სოკარი”-ს წარმომადგენელი საბინა თოფჩიევა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე.

 

ღონისძიების ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა განსაკუთრებული სითბოთი მიესალმა ახალგაზრდებს და შეახსენა, რომ ახალი თაობის წარმატება ყოველთვის არის სიამაყე და იმედი უფროსი თაობის. მან სტუდენტებს ორიოდე სიტყვით განუმარტა, თუ რატომ არის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი: ჩვენ ის სახელმწიფო სტრუქტურა ვართ, რომელთაც უშუალოდ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ სეპარატისტებისა და რუსული აგრესიის მთელი სიმძიმე. სეპარატისტების მიერ შემოთავაზებულ უზრუნველყოფილ ცხოვრებას საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერსების ღალატის ხარჯზე ვარჩიეთ ბრძოლა სამშობლოს ერთიანობისთვის, რასაც 60-ზე მეტი აფხაზეთელი სტუდენტის სიცოცხლეც შეეწირა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ახალგაზრდებს მიულოცა სტუდენტთა საერთაშორისო დღე და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს საჩუქრები გადასცა: ”თქვენი ლამაზი სიცოცხლე, თქვენი ნიჭი და გენი, აკადემიური განათლება მეცნიერების მწვერვალების დაპურობას, მშვიდობის განმტკიცებას, ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი ერის გამრავლებას და დამშვენებას მოახმაროთ!”

 

ასევე დაასაჩუქრეს სტუდენტები ფიჭური კავშირის კომპანია ”ბილაინისა” და ნავთობკომპანია ”სოკარის”  წარმომადგენლებმა.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions