ჯ. გამახარია: ”რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში?”

 

არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური კრიზისი სახალხო დიპლომატიის გზით გვარდება, ოღონდაც მთავარი პირობა უნდა იყოს სამართლიანობა, კორექტულობა და მიუკერძოებლობა. სხვა შემთხვევაში იგი ვერ იმუშავებს. მაგრამ თუკი სახალხო დიპლომატია კორექტულობასა და მიუკერძოებლობას გასცდება და ცილისწამებაზე გადავა, იგი არათუ პრობლემის მომგვარებელ, პირიქით, შუღლის გამღვივებელ ფუნქციებს იღებს თავის თავზე.

 

ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისში მოქმედი ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით 2007 წელს დაარსებული კამპანია „ბოდიში“, რომლის მთავარი მიზანი, როგორც „კამპანიაში“ აცხადებენ, ყოფილა ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა ქართველთა მხრიდან ბოდიშის მოხდის გზით. პარადოქსული აქ ისაა, რომ ამ კამპანიამ თავად ქართველებში დაკარგა ნდობა, არც აფხაზებმა იღეს ყურად მისი ღაღადი. მიუხედავად ყველაფრისა, თავიანთ ინტერნეტგამოცემებში ამ კომპანიის წევრები თვითონვე იხდიან ბოდიშს, რახან სხვები ვერ დაითანხმეს ამ „ჰუმანურ“ აქციაზე. ჩვენთვის ცნობილია აფხაზეთის საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ამ „კამპანიის“ ინიციატივის მიმართ. ამაზე მეტყველებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯემალ გამახარიას ინტერვიუ.

 

ბატონო ჯემალ, რამდენად შესაძლებელია ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენა ცალმხრივად ბოდიშის მოხდის გზით?


- ურთიერთობების აღსადგენად და, საერთოდ, აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერი გზა მისაღებია, მაგრამ რაც შეეხება ბოდიშს, ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ  აფხაზეთის კონფლიქტის ანატომიას ძალიან კარგად უნდა იცნობდე, და მეორეც, ძალიან კარგად უნდა იცოდე თვით აფხაზების ფსიქოლოგია, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, სასაცილოდ ეჩვენებათ მთელი ეს კამპანია და მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ქართველების მიმართ..

 

ამ კამპანიისორგანიზატორები აცხადებენ, რომ კარგად იცნობენ და მჭიდრო კავშირი აქვთ აფხაზ ხალხთან.


- მე კარგად არ ვიცნობ ამ ადამიანებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მათ არა აქვთ კავშირი აფხაზებთან. ცალმხრივად ბოდიშის მოხდა და გნებავთ, დაჩოქება უფრო მეტ სიძულვილს გამოიწვევს ქართველებისადმი (მონა ყოველთვის საზიზღარია!). იმავდროულად ყოველივე ამას ძალიან კარგად გამოიყენებენ პროპაგანდისტული თვალსაზრისით, რათა მსოფლიოს წინაშე გაამართლონ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნოწმენდა. სეპარატისტები იტყვიან, აი, ხედავთ, თავად ქართველები იხდიან ბოდიშს, რადგანაც დამნაშავედ აღიარებენ თავს,საერთაშორისო ორგანიზაციები კი რას გვერჩიან?... და ა.შ.

 

„კამპანია“ ქართულ მხარეს საყვედურობს, რომ  ადრეც და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებს არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რათა აფხაზეთი გამხადრიყო აფხაზური, რომ თითქოს ჩვენ ვუბიძგეთ მათ რუსული ორბიტისკენ.


- ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ აფხაზი ერი დღემდე არსებობს და მას ძალიან დიდი ამბიციები გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზები საქართველოს შემადგენლობაში იყვენენ დიდი ხნის განმავლობაში. რომ არა საქართველო, ისინი იმ კავკასიელთა ბედს გაიზიარებდნენ, რომლებიც ფსოუდან ყუბანამდე იყვნენ დასახლებული და დღეს აღგვილნი არიან პირისაგან მიწისა. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზი ერი შენარჩუნებულიყო და მას ეცხოვრა აფხაზეთში. შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბებითაც კი გაკეთდა ბევრი რამ. შესაძლოა, დღეს არ იყოს ეს სათანადოდ დაფასებული აფხაზთა მხრიდან, მაგრამ ჩვენ არ ვნანობთ. მოვა დრო და აფხაზები, განსხვავებით კამპანია ”ბოდიშისგან”, მადლობას ეტყვიან ქართველებს.

 

ბატონო ჯემალ, რატომ მიეკედლენ აფხაზები მაინც და მაინც რუსეთს, რომელმაც წარსულში ფაქტიურად გენოციდი მოუწყო მათ?


- ამ საკითხს სხვადასხვა მხრიდან უნდა შევხედოთ. სულაც არ ვთვლი, რომ ქართული მხარე ყველაფერში მართალი და შეუცდომელია. ჩვენი შეცდომები იყო უფრო ტაქტიკური და არა სტრატეგიული ხასიათის. მაგრამ იმ პოლიტიკამ, რომელიც  ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა პერიოდში ტარდებოდა, თავისი შედეგი გამოიღო - მოხდა აფხაზთა ეროვნული ცნობიერების დეფორმირება. რუსეთმა აფხაზი ერი დამნაშავედ კი გამოაცხადა, მაგრამ იმავდროულად ახორციელებდა იმის პროპაგანდას, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო, ატარებდა აგიტაციებს, სკოლიდან დაწყებული ეკლესიით დამთავრებული, აფხაზებს შთააგონებდნენ, რომ ქართველები ითვისებდნენ აფხაზების მიწებს და მკვიდრდებოდნენ მათ სამშობლოში. ასეთი ”წარმატებული” პროპაგანდის შემდეგ რუსეთის მიერ გამწარებულმა აფხაზებმა მთელი ეს საუკუნოვანი ანტირუსული ბოღმა ქართველებზე გადაიტანეს. რუსეთთან მიკედლება კიდევ ერთმა გარემოებამ განაპირობა: მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს რუსები დიდად არ ეპიტნავებოდათ, თავის გადარჩენის საშუალებად დაისახეს რუსეთსა და საქართველოს შორის ლავირება. თუ ქართველები მათ რამეს ”დაუშავებდნენ”, რუსებისკენ გადაიხრებოდნენ, ან პირიქით. ასე რომ, აფხაზს ორივე მხარე ელოლიავებოდა და საბოლოოდ მან ძლიერის მხარე დაიჭირა. რუსულ-ქართულ დაპირისპირებაში აფხაზმა მონახა, ასე ვთქვათ, საკუთარი ნიშა, სადაც თავი შეინარჩუნა, განვითარდა კიდევაც და, განსხვავებით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი სხვა ავტონომიური რესპუბლიკებისგან, ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ლავირებით მაღალ მწვერვალებს მიაღწია. დღეს მათ ლავირების საშუალება უკვე არა აქვთ, ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

 

თუმცა ბოლო დროს აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათი ხსნა არის ევროკავშირი.


- აფხაზებს სურთ ისევ ძველ პოლიტიკას - ლავირებას – დაუბრუნდნენ. ოღონდ ამჯერად რუსეთსა და ევროპას შორის. მაგრამ ეს არის ილუზია, რომელიც მათ ძალიან მალე გაუქრებათ. ევროპა არასოდეს წავა აფხაზეთის აღიარებაზე. რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობა არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის, ნატოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რითაც მათი ღირსება შეილახა. მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთი თავისი გაწონასწორებული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანს მიაღწევს ისევე, როგორც ეს მოახერხა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში.

 

ანუ საქართველოა აფხაზთა გადარჩენის საწინდარი და ისინი ამას ვერ ხვდებიან?


- მიუხედავად დიდი მცდელობებისა, რუსეთმა ვერ მოახრეხა აფხაზის სახით ქართველში მტრის ხატის შექმნა, პირიქით, ქართველი თანაუგრძნობს აფხაზს, მეგობრულ ხელს უწვდის, ცდილობს მოსახლეობისთვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დღეს ხელმისაწვდომი.

 

თქვენ, ალბათ, გულისხმობთ სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, რომელსაც კრიტიკულად უყურებენ აფხაზეთში?


- ოფიციალურად  ასეა, მაგრამ სწორედ ამ სტრატეგიის წყალობით უკვე ასობით აფხაზმა იმკურნალა ქართულ სამედიცინო დაწესებულებაში. ბევრ მათგანს აქვს ქართული პასპორტი. ისინი თავისუფლად გადმოდიან ჩვენთან და ხვდებიან არა მტრულ, არამედ კეთილგანწყობილ ატმოსფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე კიდევ უფრო მეტს ექნება ასეთი საშუალება  და ამით ისინი მხოლოდ მოიგებენ.

 

ქართულ ”შოვინიზმსა” და ”ფაშიზმზე” რას გვეტყვით, ბატონო ჯემალ, რაშიც ბრალს გვდებენ ამ „კამპანიის“ მესვეურები.


- საერთოდ, ტერმინი - ქართული შოვინიზმი არის ი.სტალინის, ს.ორჯონიკიძისა და მისთანების გამოგონილი. არავის ქართველისთვის შოვინისტი არ უწოდებია, გარდა გადაგვარებული ქართველი ბოლშევიკებისა. ე.შევარდნაძესაც აქვს მსგავსი გამოთქმა 70-იან წლებში, როცა  დაიძაბა ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ვ.არძინბამ  შევარდნაძის შესაბამისი ციტატა იმის შესახებ, თუ როგორ შოვინისტურად ექცეოდა ქართველი აფხაზს, სსრკ უმაღლეს საბჭოს სესიაზე გამოსვლისას გამოიყენა. აფხაზები შესანიშნავად იყენებდნენ ქართველ ბოლშევიკთა „აღიარებებს“ შოვინიზმის თაობაზე, მოგვიანებით ამას მიაბეს ფაშიზმიც. ზოგადად ცნობილია, რომ თუ ადამიანის განადგურება გინდა, მას უნდა დააბრალო ის, რის წინააღმდეგაც მთელი არსებით იბრძოდა ცხოვრების მანძილზე. საქართველო თავისი მრავალათასწლოვანი ისტორიით ამტკიცებს, რომ არის ძალიან ტოლერანტული, შემწყნარებელი, მიმტევებელი და სხვა ერების მიმართ გადამეტებული ყურადღებისა და პატივისცემის მქონე ერი, ხშირად საკუთარი ინტერესების ხარჯზეც კი. ამ ერს აბრალებენ  შოვინიზმსა და ფაშიზმს?

 

კამპანია „ბოდიში“ არ უჭერს მხარს აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს და იმ ისტორიკოსებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ აფხაზეთის ეთნოპოლიტიკურ ისტორიას. ანუ, წერენ იმაზე, ვინ როდის დასახლდა ამ ტერიტორიაზე. გამოდის, რომ ისტორია უნდა გავაყალბოთ?


- ვინ როდის და როგორ მოვიდა, ამის შესახებ წერენ სეპარატისტები, რომელთა მტკიცებით ქართველები ამ ტერიტორიაზე არიან ბერიას და სტალინის ჩასახლებულები, მანამდე კი მათ თითქოს აქ არც უცხოვრიათ, რომ ეს არ არის ქართველთა მიწა; ამიტომაც გავასახლეთ, ანუ თავიანთ სახლებში დავაბრუნეთ, და ა.შ. და ა.შ. აი, სწორედ ამან აიძულა ქართველი მეცნიერები ეთქვათ სიმართლე, რომელიც ივანე ჯავახიშვილზე, პავლე ინგოროყვაზე, მარიკა ლორთქიფანიძეზე და სხვებზე ადრე ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეებში თქვეს ევროპელმა და რუსმა მკვლევარებმა. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ აფხაზეთის ავტოქტონური მოსახლეობა ქართველები არიან, აფხაზები კი – გვიან ჩამოსახლებულები. არავინ მათ ამის გამო არ ედავებოდა, შოვინისტებს არ უწოდებდა.

 

შეგიძლიათ დაასახელოთ რუსი მეცნიერები?


- რუსული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი ვ.ტატიშჩევი, ალ. დიაჩკოვ-ტარასოვი, და ა.შ. ეს უკანასკნელი აფხაზეთში გაიზარდა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში საერთოდ არ იდგა საკითხი, ვინ სად და როდის დასახლდა, ისინი უბრალოდ წერდნენ ელემენტარულ სიმართლეს.  როდესაც სეპარატიზმის პრობლემა გაჩნდა, ქალბატონ მარიკას და მის მიმდევრებს მოგვიხდა ამ საკითხის წამოწევა, ჩვენი ისტორიული უფლებების, ისტორიული სამართლიანობის, აფხაზეთში არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვა. ვადასტურებ, რომ აფხაზეთის ავტოქტონი მოსახლე გახლავთ ქართველები, რომლის ეთნოგენეზი მიმდინარეობდა ამ ტერიტორიაზე; სწორედ მათ შექმნეს ჩვენამდე მოღწეული უძველესი ცივილიზაცია, რითაც აფხაზებს ძალიან უნდათ იამაყონ. ცხადია, ამისთვის საჭიროა ქართული კვალის წაშლა, რასაც ლამობენ  რუსი ”ძმების” მეშვეობით. მათ არ იკმარეს ილორის წმ.გიორგის ეკლესიის გადარუსულება და ახლა ბედიის ეკლესიის ”რესტავრირებაც” აქვთ განზრახული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სეპარატისტებისგან განსხვავებით, ქართველებს არასოდეს განუცხადებიათ: – რახან აფხაზები XVI-XVII საუკუნეებში მოვიდნენ აქ, ჩვენ მათ უფლებები უნდა შევუკვეცოთ ან გავასახლოთ და ა.შ. პირიქით, ისინი ამ ტერიტორიის სრულუფლებიანი მაცხოვრებელები არიან, ოღონდ ჩვენთან ერთად.

 

ბატონო ჯემალ, რამდენად ევალება ქართველ ადამიანს აფხაზური ენის ცოდნა? თურმე აფხაზის გული იმითაც ვერ მოგვიგია, რომ არ ვიცით აფხაზური?


- ყველაზე უხეში გათვლებით  დღევანდელი აფხაზი ერის 60%-ზე მეტი არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო ქართველი. მათ არა თუ ისწავლეს აფხაზური, არამედ ცნობიერებაც კი შეიცვალეს და გახდნენ აფხაზები, რამაც აფხაზი ეთნოსი გადაშენებისგან იხსნა. ასე რომ, ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრეტენზიები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და, პირიქით, უნდა იყოს იქითა მხარეს მიმართული. პირადად მე თუ არ ვიცი აფხაზური, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც სსრკ-ში ტარდებოდა. რუსეთმა კარგად იცოდა, რომ ენების შესწავლა გამოიწვევდა ურთიერთდაახლოებას, დამეგობრებას, რაც, უეჭველია, არ შედიოდა დიდი იმპერიის ინტერესებში. აი, ეს იყო ნამდვილი მიზეზი აფხაზური ენის არცოდნის. მაგრამ ტრაგედია ის უფროა, რომ ქართველმა კი არა, ძალიან ბევრმა აფხაზმა არ იცის  აფხაზური. სამწუხაროა ისიც, რომ არ არსებობს აფხაზი ქართველოლოგი, მაშინ როცა არსებობს მრავალი გამოჩენილი ქართველი აფხაზოლოგი (მათ ბევრ ინტელიგენტ აფხაზზე უკეთესად იციან აფხაზური), თბილისში არსებობს აფხაზური ენის შემსწავლელი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები. დღეს ზოგიერთ ქართულ სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში ახალი თაობა აფხაზურს  ეუფლება და  სპეციალობადაც აქვს არჩეული ეს ენა.

 

ისევ ”ბოდიშს” დავუბრუნდეთ, მაინც რისთვის უნდა მოიხადოს ქართველმა ბოდიში?


- მე მხარს დავუჭერდი ბოდიშის მოხდას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის  შედგება გარკვეული შეთანხმება ერთად ყოფნის შესახებ, შეთანხმების გაფორმებამდე 5 წუთით ადრე ან შემდეგ. როცა აფხაზეთი საქართველოსთან ერთ სივრცეში გაერთიანდება, შეიძლება ორივე მხარემ მოიხადოს ბოდიში ომის შედეგად დაზარალებული ქართველებისა და ვითომ გამარჯვებული, მაგრამ სინამდვილეში, ასევე დაზარალებული აფხაზი ხალხის წინაშე. ხოლო ცალმხრივი ”მაპატიეთ , ბოდიში” იქნება მხოლოდ და მხოლოდ მონური ფსიქოლოგიის დემონსტრირება, საკუთარი ღირსების შელახვა, თავის დაცინვა.

 

კამპანიას თავის ინეტერნეტგაზეთში აქვს ასეთი ბანალური შეკითხვა: ”რას ეტყოდით აფხაზ ხალხს ამდენი წლის მერე?” ბატონო ჯემალ, თქვენ რას ეტყოდით აფხაზებს?


- მე ვეტყოდი, რომ ძალიან მენატრება აფხაზეთიც და აფხაზიც. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როცა ამ ნატვრას ჩემთან ერთად ყველა ქართველი, პირველ რიგში, დევნილი აისრულებს. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ აფხაზები ბევრჯერ ყოფილან ძალიან მძიმე განსაცდელის წინაშე და ყოველთვის უპოვიათ რაციონალური გამოსავალი. მე რა თქმა უნდა, არავის არაფერს თავს არ ვახვევ, მაგრამ გამოსავალი არის ისევ და ისევ ქართულ სივრცეში დაბრუნება. აფხაზთა ფიზიკური გადარჩენის, თუ გნებავთ, ავტონომიური სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი არის არა რუსეთი, ნაურუ და ტუვალუ, არამედ საქართველო. სხვა პერსპექტივა და მომავალი მათ არა აქვთ. იმედი მაქვს, აფხაზები ამჯერადაც თვითონ იპოვიან გამოსავალს შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან.

 

”ბოდიშის” ინიციატორებს რას ეტყოდით?


- მათ, თუ რამე ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი!

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions