სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ”თეთრი ტალღა” 20 წლისაა

 

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ”თეთრი ტალღა” 20 წლისაა, მისი დამაარსებელი და თეატრის მმართველი გიორგი რატიანი  -  75 წლის.  საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ერთი კვირის მანძილზე ”თეთრი ტალღა” ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მაყურებელთა წინაშე მთელი თავისი რეპერტუარით წარსდგა.

 

6 დეკემბერს, დასკვნით საღამოზე, ქართული თეატრალური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებმა ხაზგასმით ისაუბრეს სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსების  მნიშვნელობასა და გიორგი რატიანის, როგორც ხელოვანისა და მოქალაქის წვლილის შესახებ ამ მამულიშვილურ საქმეში.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა გულთბილად მიესალმა იუბილარი თეატრის შემოქმედებით კოლექტივს, მის თავკაცს გიორგი რატიანს და თეატრი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

 

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისთვის გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა ნ.დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრის მმართველს მიხეილ ანთაძეს.

 

უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ თეატრის მთავარ რეჟისორს დავით კობახიძეს,  ქორეოგრაფს ნანა არჩაიას და საქართველოს სახალხო არტისტს, ”თეთრი ტალღა”-ს დასის წევრს რევაზ თავართქილაძეს.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions